დღევანდელი დღე ისტორიულია, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ- ერთი ლიდერის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გაძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობა, რაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს გაზრდის.
„დღევანდელი დღე ისტორიულია. პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს და მისი ინაუგურაციაა. ამავდროულად, ისტორიულია იმიტომ, რომ ახალი, დახვეწილი კონსტიტუცია გვაქვს, სადაც დემოკრატიის ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მაღალია. ასევე დემოკრატიის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ახალი კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის დემოკრატია არის აბსოლუტურად უცხო რამ. მათ ქმედებებზე აისახა ეს დღესაც.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. მინისტრებს მოუწევთ საქართველოს პარლამენტში ყოფნა გაცილებით უფრო ხშირად“, – განაცხადა მდინარაძემ.