იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრმა ლაშა ჟვანიამ თელავში ინაუგურაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ყველაფერი მზადაა.
“დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. მეხუთე პრეზიდენტი, რეგიონში პირველად, არჩეულია ქალი. დღეს განსაკუთრებული დღეა ასევე იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი და სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი მზადაა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა სტატუსით იქნება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ინაუგურაციაზე.
„საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს ინაუგურაციაზე. ეს არის საფრანგეთის მთავრობის და მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.