არასრულწლოვანის მიმართ გორში მომხდარმა ტრაგედიამ ჩვენი საზოგადოება შეძრა და დააფიქრა, რა განაპირობებს იმას, რომ ბავშვები საეჭვო ადამიანების მახეში ებმებიან?! ამის შესახებ For.ge-ს ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი ესაუბრა.
კონსტანტინე პოზოვი: პირდაპირ გეტყვით, იმ მშობელთა შორის, რომლებიც ფსიქოსარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციოდ მომმართავენ, 80% გაუწონასწორებელია თავის მსჯელობაში, შფოთავენ ხოლმე... ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მესაუბრება ადამიანი, რომელმაც გააჩინა ბავშვი, გაზარდა, ყველა მისი ნაკლოვანი თუ დადებითი თვისება იცის და ამ დროს მოდის ჩემთან რისთვის? - კონსულტაციისთვის. შესაძლოა, ეს ერთი მხრივ, გასაგებიცაა, რომ პროფესიონალთან მიხვიდე საკონსულტაციოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ცოტა აბსურდულია, როცა საქმე შენს შვილს ეხება, რომლის შესახებაც ყველაფერი იცი. ჩვენს მშობლებს ერთი პრობლემა აქვთ, მართალია, მუდამ პირზე აკერიათ, მომეცით რჩევა, მაგრამ, სინამდვილეში, არაფრის გაკეთება არ უნდათ. ვიმეორებ, აბსურდული ვითარებაა, შენ გააჩინე ბავშვი, იმ ბავშვს ჩემზე კარგად იცნობ და ამ დროს ამბობ, არ ვიცი, რა ვქნა, გამოგვეცალა ძალა.
სიტუაცია მთლად ასე არ არის, ხანდახან პირიქითაა, რეალურად, მშობლების წუხილი რომ გადმოვთარგმნოთ ჩვენს ენაზე, ეს ნიშნავს, რომ არ მინდა, დავიღალე ბავშვის აღზრდით, მილიონი პრობლემა მაქვს. ეს გასაგებიცაა და აქ სახელმწიფო პოლიტიკაა მნიშვნელოვანი. ყველაფერს ერთიანად რომ გადავხედოთ, მაშინ მშობელს ვერ დავადანაშაულებთ. ჩვენი საზოგადოება არასწორად იქცევა იმიტომ, რომ არასწორია პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური ხედვა. სახელმწიფოებრივი ხედვა არ არსებობს იმისთვის, რომ ოჯახი იყოს ჯანმრთელი.
საშუალო ფენის შესახებ რომ ვიმსჯელოთ, დედამ, რომელიც გადის დილის 9 საათზე და სახლში 8 საათზე ბრუნდება, როგორ უნდა აღზარდოს შვილი? ძალიან მტკივნეულ თემას ვამუშავებ ახლა, პორნოინდუსტრიაში ბავშვების ჩართვას და, ასევე, ვირტუალურ სივრცეს. უაღრესად სახიფათო და საგანგაშო ვითარებაა ამ კუთხით. ჩანაწერებიც მაქვს გაკეთებული და აშკარად ჩანს, რომ ბავშვები თვითდინებაზე არიან მიშვებულნი. ისინი მეთვალყურეობის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს მეთვალყურეობაც რას ნიშნავს? მხარდაჭერა არ აქვთ ბავშვებს, მშობელი მათ გვერდში არ უდგას, ფიზიკურად არ აქვს ამის დრო, რადგან უნდა გაუმკლავდეს სხვა ამოცანებს, როგორ დააპუროს ბავშვი, რა ჩააცვას, სკოლაში რაღაც პირობები უნდა დაუკმაყოფილოს, რომ ბავშვი დასაცინი არ გახდეს.
მილიონი პრობლემაა, მრავალშვილიანი დედების შემთხვევაში კი საოცრად უარესი სურათია. ძველად კლუბები მაინც იყო, ცეკვის კლუბი, სიმღერის კლუბი, ხალხი რაღაცაში იყო ჩართული, განვითარების დრო ჰქონდა, ახლა კი, თუ მშობელს არ აქვს განვითარების დრო, ბავშვს რაღა უნდა მოსთხოვოს? ამას წინათ კრიმინალის კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მშვენიერ, წესიერ ოჯახში, სადაც დედა პედაგოგი იყო, მამა ინჟინერი, გაჩნდა ყაჩაღი შვილი.
ისე, კრიმინალები და ამორალური ადამიანები რატომღაც წესიერ ოჯახებში უფრო ჩნდებიან. ეს ბუნების ირონიაა?
- ამ მოქმედების სქემას, ანამნეზს რომ ჩავყვეთ, თუ რამ განაპირობა ასეთი შვილის აღზრდა, მივხვდებით, რომ, კი, წესიერი ხალხია, მშრომელი ადამიანები არიან, ოდნავი გაჭირვებაც გადაუტანიათ, მაგრამ ბავშვი უყურებს სოციუმს, სადაც ხედავს რომელიღაც შეძლებულ ადამიანს, რომელსაც აქვს განსხვავებული რამ, რაც მას არ აქვს. ბავშვი ბრუნდება ოჯახში და ანალოგიურს ითხოვს მშობლისგან, მშობელს კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, დაუკმაყოფილოს ბავშვს მოთხოვნები. ეს გრძელდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, პროტესტის გრძნობა გროვდება ბავშვში და, რომ წამოიზრდება, მერე ისეთ ნაბიჯს დგამს, რომ მე თვითონ გავაკეთებ ამას, კანონს დავარღვევ, მაგრამ მე ეს მაინც მექნება. პატარა რაღაცით იწყება პროტესტის გრძნობა, მაგრამ მერე გადადის მძიმე ვითარებაში.
მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“ გამახსენდა, იქაც მთავარი მოქმედი გმირი სკარლეტი ამბობს, ღმერთია მოწამე, აღარასდროს ვიშიმშილებ, თუნდაც ამისთვის კაცის მოკვლა დამჭირდეს. დგამს კიდეც ასეთ ნაბიჯს, რადგან ომმა შეცვალა ადამიანი მორალური თვალსაზრისით.
- ზუსტად ასეა. ურთიერთობა მქონდა ერთ საინტერესო პიროვნებასთან, ის პირდაპირ ამბობდა, მე არ მაინტერესებს, მინდა და მოვკლავ, ასე მინდა და მორჩაო. მას გააზრებული ჰქონდა, რა შედეგიც მოჰყვებოდა მკვლელობას, მაგრამ „მინდას“ პრინციპით არსებობდა, რადგან არ სურდა, რაღაც მოკლებოდა. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, ერთსქესიან ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ თუ არა ბავშვის გაზრდა. სასაცილო ის არის, რომ ეს სექსუალური უმცირესობაც მეტწილად როგორ ოჯახებში იბადება? ჩვეულებრივ ოჯახებში.
თქვენ ახსენეთ, ბავშვთა პორნოგრაფია, ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ესეც მშობელთა მხრიდან უყურადღებობითაა განპირობებული, თუ ამაში ბავშვის ფსიქიკაცაა დამნაშავე?
- ამ საშინელი ვიდეოების ანალიზის შედეგად შეიძლება ერთ დასკვნამდე მივიდეთ, რა არის ის კაუჭი, რასაც წამოეგება ბავშვი? თვითონ ბავშვს ნაკლებად აინტერესებს ფიზიოლოგიური ურთიერთობა, მაგრამ გაოცებული ვარ იმით, რომ პედოფილის მხრიდან ბავშვის მიმართ გამოთქმული შექება ამ ბავშვში საოცარ ნეტარებას იწვევდა.
ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ახლობლებისგან შექება აკლია?
- რა თქმა უნდა, ბავშვს დღეში რამდენჯერმე უნდა უთხრა „მიყვარხარ“, თანაც, ნამდვილი სახით, ღიმილით, ჩახუტებით.
პირიქით, ეს ხომ არ გააფუჭებს ბავშვს? გაგვიგია კიდეც, შვილი მტრად გაზარდეო.
- არა, გაფუჭება რას ნიშნავს? მშობელს დისტანციაც უნდა ჰქონდეს, ბრმა სიყვარული არ არის საჭირო. ასეთ მაგალითს მოვიყვან, ჩვენ ბავშვებთან ურთიერთობის უხეშ ფორმას ვიყენებთ. დავუშვათ, მოდის ბავშვი და მართლაც რაღაც სისულელეს გეუბნება, მაგრამ ეს მისი აზრია, მან იმსჯელა ამაზე და გაგანდო თავისი აზრი. ზრდასრული ადამიანი რომ მოუსმენს ამას, რა თქმა უნდა, ეტყვის, ეს სისულელეა. რატომღაც ბავშვს პირდაპირ ვამცნობთ, რომ მან სისულელე თქვა. ეს რამდენჯერმე მეორდება, ჩვენ ხომ ამის ოსტატები ვართ და ხშირად გავმეორდებით, რომ ბავშვი სისულელეს ამბობს. ამით ბავშვს უჩნდება შინაგანი პროტესტი, დაბალი თვითშეფასება, მაგრამ არის სხვა ფორმატიც. მართალია, მშობელმა გაიგო, რომ ბავშვმა სისულელე თქვა, მაგრამ ნახეთ, რა საინტერესოა, ჯერ უნდა მიიღოს მისი ნათქვამი, გაოცდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მასთან ერთად იმსჯელოს ამ ნათქვამის შესახებ. საბოლოოდ ბავშვი მიხვდება და თავადვე გაიაზრებს, რომ არასწორად მსჯელობდა. თორემ, ცხადია, ბავშვს მე ვუყვარვარ, ჩემთან მოდის, მანდობს თავის ინფორმაციას და ამ დროს მე მას ვბლოკავ. არადა, ბავშვმა ხომ არ იცის, რომ სისულელეს ამბობს? მას ჰგონია, რომ კარგი იდეა აქვს. ასეთი დამოკიდებულებაც არის მიზეზი, რომ პედოფილების მახეში ებმებიან ბავშვები.
გორი ახსენეთ და, ზოგადად, შიდა ქართლსა და კახეთში ბავშვთა გაუპატიურების ძალიან მაღალი სტატისტიკაა. თუმცა მანამდე აქცევდნენ ამას ყურადღებას? სოცმუშაკი მაინც სახელმწიფოს მუშაკია და შეიძლება ბოლომდე სიმართლე არ თქვას, მაგრამ ჩემს კოლეგებთან ურთიერთობისას მესმის წუხილი, რომ რომელიღაც კონკრეტული ფაქტი მოხდა და გამოძიება ბოლომდე არ იყო მიყვანილი.
ასეთ საქმეებს ნაკლებად იძიებენ და ალიბად აქვთ, რომ, თუ დამნაშავეს ფაქტზე ვერ მიუსწრეს, ისე ძნელია, ადამიანის დადანაშაულება ამ მძიმე დანაშაულში.
- ყველგან ხათრია. რა თქმა უნდა, ესეც სახიფათოა, ალქაჯების დევნად რომ არ გადაიქცეს ეს საკითხი. ყველაზე ურთულესი თემა, რომელიც მომავალში გველის, ეს არის კომპლექსური სექსუალური განათლება, რომელიც რატომღაც ყველასთვის მიუღებელია. დღემდე ნორმალურად ვერ ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით მივაწოდოთ ბავშვებს, ან მივაწოდოთ თუ არა სექსუალური განათლება, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, როცა ადამიანი განვითარებულია და ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვს, ის უფრო მეტად ჯანმრთელია და უფრო მეტად დაცულია გაუკუღმართებული მოქმედებებისგან. ჩვენ ბრმად ვეწინააღმდეგებით ყველაფერს. არადა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც უნდა მივიღოთ და გადავამუშაოთ ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო იქნება.
ოქროს შუალედი არ გვაქვს, ყოველთვის ჩვენი დამოკიდებულება ან დადებითია, ან უარყოფითი. ეს სფერო დღეს ძალიან მოდუნებულია, თუ რა იწვევს პორნოინდუსტრიას, ბავშვთა ძალადობას. მე ახლა ვმუშაობდი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან. ამ ინსტიტუტსაც რომ ვაკვირდები, ჩვეულებრივი ძალადობის ბუდეა. ძალადობა ხომ არ არის მარტო ფიზიკური ცემა, ან ფსიქოლოგიური ძალადობა? არსებობს ეკონომიკური ძალადობაც, ვიღაც იფიქრებს, თითქოს არაფერი, რა უნდა იყოს ეს ეკონომიკური ძალადობა? ვთქვათ, ბავშვი სახელმწიფოს ხარჯზე არსებობს, არ ჰყავს მშობლები. შეხედავთ თუ არა ამ ბავშვებს, ტანისამოსზევე მიხვდებით, რომ მათ არასწორად აცვიათ, სადღაც, თუნდაც კაფეში რომ წაიყვანთ, მიხვდებით, რომ მათ არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვთ განვითარებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ, არ აქვთ განვითარებული გემოვნება. ეს მიუთითებს გულგრილობასა და ეკონომიკურ ძალადობაზე, რომ ამ ბავშვზე არ არის დახარჯული თანხა, რათა იგი დახვეწილი იყოს ამ ცხოვრებაში, იცოდეს, რომ ესა თუ ის ტანსაცმელი მას შეეხამება, ან არ შეეხამება. ელემენტარულ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ძალადობაა. ამ სფეროს დაფინანსება ხომ ძალიან კარგად შეიძლება? პროკურორებს რომ უმატებენ ხელფასებს, ამ ბავშვებს ვერ დააფინანსებენ? რამდენი თაობა დამახინჯდა ამით. ეს პირდაპირ განვითარებაზე მოქმედებს.
კარგია, რომ ახლა რაღაც სასიკეთო ცვლილებებს გვპირდებიან, მაგრამ ცუდია, 18 წლისა რომ ხდება ბავშვი, მიდის ქუჩაში და მორჩა, აღარავინ ზრუნავს მასზე. 18 წლის შემდეგ 6 თვის განმავლობაში კიდევ შეიფარებენ, მერე თითქოს მუშაობენ კიდეც ეს ბავშვები, მაგრამ 18 წლისაა ადამიანი და არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვს, რათა დამოუკიდებლად იცხოვროს. ამ საბრალო ადამიანს შორის ზოგიერთი მათგანი დაავადებულიცაა. მე ვიცი ეს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, პატარა თავშესაფარი გავაკეთე და რამდენიმე ადამიანი შევიფარე. სად არის აქ სახელმწიფო? არსად, მარტო ლაპარაკი, რეკლამა და ანგარიშების მიმოხილვა. ძველად ობოლ ბავშვს ქუჩაში გაგდებულს ნახავდით?
ძველად საქართველოში ბავშვების კი არა, უფროსების მათხოვრობაც სირცხვილი იყო, ახლა საამაყო ბიზნესად იქცა.
- ვინ დატოვებდა ბავშვს ობლად? ვისმენ ხოლმე ცინიკურ, მაღალფარდოვან სიტყვებს, „ჩემო შვილო, როგორ მიყვარხარ“ და ამ დროს, ბოდიში და, „პანჩურს“ ურტყამენ და გარეთ აგდებენ ბავშვს ამ სიტყვების მერე. ცოტა ხნის წინ ინიციატივა გახმიანდა, ალბათ, ეს შეგნებულად პროვოკაციის მიზნით გააკეთეს, თითქოს ილია მეორემ დართო ნებართვა, გაიღოს ეკლესიის კარები და უპოვრები ღამით შეიფარონ. მერე განცხადება გაკეთდა, რომ ეს ვიღაცის მიერ შემოგდებული ჭორია, მაგრამ ეს ჭორი იმით არის საინტერესო, რომ ნუთუ არ შეიძლება მართლაც ასეთი რამ გაკეთდეს? ამხელა ეკლესიებს ვაშენებთ, ხომ შეიძლება, 2-3 კაცი მაინც შეიფარონ უკვე არსებულ ეკლესიათა სიახლოვეს? არ ვლაპარაკობ 30 სულზე, არამედ 2-3 ადამიანზე.
ერთხელ ზუგდიდში გახლდით და ვსაუბრობდით ახალგაზრდების ბედნიერებაზე. იქაურები ყველანი ამბობდნენ, საქართველო უნდა იყოს ბედნიერი, განსაკუთრებით, სამეგრელო, ზუგდიდი იყოს ბედნიერიო. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ვიდექით, რაღაც მაგალითი მინდოდა მომეყვანა, უცებ გავიხედე „მაკდონალდსის“ მხარეს და ვხედავ ძაღლს, გაუბედურებულ მდგომარეობაში, ნახევრად დამპალი, საცოდავი არსება, არც ბეწვი ჰქონდა, ხორციც დაუძლურებული ჰქონდა. ამ ძაღლისკენ თითი გავიშვირე, ხედავთ ამ ძაღლს, ეს ძაღლი პირდაპირ კავშირშია თქვენს ბედნიერებასთან-მეთქი. გაუკვირდათ, რას ვგულისხმობდი. ვუთხარი, ამხელა ქალაქში თქვენს წინ მიდის ასეთი საცოდავი არსება და კაციშვილს არ ებრალება, ეს ჯერ ძაღლზეა, მერე გადმოვა თქვენზე და თქვენ გინდათ, რომ იყოთ ბედნიერები? გეკუთვნით ეს ბედნიერება და გაქვთ კი უფლება, იყოთ ბედნიერი? არ გეკუთვნით ეს ბედნიერება, ძალიან გულცივები ხართ, ჩემო კარგებო, ბედნიერება თავისით მოდის, გულიდან მოდის, თვალებიდან, ხელებიდან და, თუ ჩვენ ეს ხელები, თვალები, გული ვერ გამოვიყენეთ, მაშინ რატომ გვგონია, რომ უნდა ვიყოთ ბედნიერი?!
აქ ძაღლზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია ჩვენს შინაგან სამყაროზე, რა ტრანსფორმაცია განვიცადეთ, რა გრძნობა დაიბადა ჩვენში, ძაღლი უბრალოდ მაგალითია, რომელიც გვეხმარება, გამოვლინდეს ჩვენი კეთილი თუ ბოროტი გრძნობები...