რა მოხდება, როდესაც „ნაციონალები“ ერეკლე მეფის ძეგლს მიუახლოვდებიან

რა მოხდება, როდესაც „ნაციონალები“ ერეკლე მეფის ძეგლს მიუახლოვდებიან

„მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით“, - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

„რეზონანსი“ იურის ლია მუხაშავრიასთან შეეცადა იმის გარკვევას, სამართლებრივად აქვს თუ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვის უფლება ერეკლე მეფის ძეგლთან და აქვს თუ არა პოლიციას მათთვის ხელის შეშლის უფლება.

ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მერიას, სამართლებრივად, არანაირი უფლება არ აქვს, რომ უარი უთხრას აქციის ორგანიზატორებს:

„მერიას არ აქვს უარის თქმის უფლება. მერიას აქციის ორგანიზატორი ნებართვას კი არ სთხოვს, არამედ უბრალოდ ატყობინებს. კანონით დადგენილია შეტყობინების და ცნობის რეგულაცია.

„მერიას არ აქვს აკრძალვის უფლება, რადგან მიტინგის და შეკრების თავისუფლება უპირატესია. მერიამ უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ მიიღოს ზომები, რათა მათ მოახერხონ აქციის ჩატარება, კონტრაქციისგან და სხვა მოულოდნელობისგან დაიცვან და ა.შ. ასე რომ, მათ, რა თქმა უნდა, თელავში აქციის გამართვის უფლება აქვთ.

„პოლიციას კი მათთვის ხელის შეშლის უფლება არ აქვს. პოლიციის დანიშნულება აქციის  მსვლელობისას არის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა. სამართლებრივად, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შეზღუდვა არ აქვს აქციის ჩატარებისა, გარდა იმისა, რომ არ უნდა იყოს ძალადობრივი და  არ უნდა შეიცავდეს ძალადობისკენ მოწოდებას“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.