სავაჭრო ქსელებს შორის ომი გაისად ახალი ძალით იფეთქებს და ამის მთავარი წამომწყები „კარფური“ იქნება. ევროპის ყველაზე დიდი საცალო ბრენდი აპირებს საქართველოში მალე მცირე ზომის სუპერმარკეტებიც გახსნას. კონკურენტები შიშობენ, რომ ეს ბაზარზე სერიოზულ რყევას გამოიწვევს.
„კარფურის“ ბრენდის მფლობელი „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ 2017 წლის ფინანსურ აუდირებულ ანგარიშში მითითებულია, რომ მომავალში დაგეგმილია ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, ასევე კომპანია გეგმავს პატარა ფართობის მქონე სუპერმარკეტების გახსნას.
წელს კომპანიას ახალი ობიექტი არ გაუხსნია, შარშან კი, 6 ახალი სუპერმარკეტი გახსნა და გაყიდვები 40%-ით გაზარდა. 2012 წელს ბაზარზე შემოსულ ბრენდს საქართველოში 2 ჰიპერმარკეტი, 10 სუპერმატკეტი აქვს.
უდიდესი ევროპული ბრენდის საქართველოში კიდევ უფრო მომძლავრებას ძალიან უარყოფითად აფასებენ კონკურენტები. საფრთხეს უკვე მცირე და საშუალო სუპერმარკეტები კი არა დიდი ქსელებიც ამჩნევენ. მათი წარმომადგენლების აზრით, ეს ყველა შედარებით პატარა ქსელისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება.
„ორი ნაბიჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმერ ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რეგულაციები, რათა ერთმა ბიზნესმა მეორე არ შეჭამოს, ეს მომხმარებლისთვისაც უკეთესი იქნება.
„ერთია, რომ ასეთი ნაბიჯი სავაჭრო ქსელებს შეზღუდავს, ხოლო მეორე ისაა, რომ მცირე მეწარმეებს შეუქმნის დიდ პრობლემას. „კარფურს“ დიდი რესურსი აქვს და შეუძლია ზარალის შენახვა, ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას კონკურენტების მიმართ და მნიშვნელოვნად აზარალებს მათ. ეს გამოიწვევს ამ სფეროში მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების მასიურ გაკოტრებებს.
„კარფურს“ შეუძლია კიდევ 2-3 წელი ზარალზე იმუშავოს სანამ ყველა კონკურენტს არ დაძირავს, საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ის მონოპოლისტი გახდება და ფასსაც თვითონ განსაზღვრავს და სხვა პირობებსაც. უნდა იყოს რეგულაციები, რათა ეს პროცესი გაკონტროლდეს ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა რეაგირებდეს ამაზე, თუმცა ეს სამსახური ჩვენთან მხოლოდ ფორმალურად არსებობს“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ნაცვლიშვილი.
სავაჭრი ცენტრ „უნივერსამის“ კომერციული დირექტორი დავითი ფარესაშვილი კი თვლის, რომ ანტიდემპინგური კანონის არარსებობა „კარფურს“ მონოპოლიური მდგომარეობის მიღწევაში ეხმარება.
„კარფური“ დიდი ფილიალებით გლდანში, ისანსა და ვაკეში ჩვენი უშუალო კონკურენტია. თუმცა თუ მცირე ზომის სუპერმარკეტებსაც გახსნის, ეს მცირე ზომის მაღაზიებისთვის პრობლემა იქნება. რომ გვქონდეს ანტიდემპინგური კანონი, „კარფური“ ვერ შეძლებდა ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის პრობლემის შექმნას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იმით დასრულდება, რომ „კარფური“ მონოპოლისტი გახდება“, - განაცხადა დავითი ფარესაშვილმა
მიუხედავად იმისა, რომ „კარფურს“ აგრერიგად უფრთხიან, ამ უდიდესი ქსელის ფინანსური მდგომარეობა ბოლომდე სახარბიელო არ არის. 2017 წელს კომპანიის შემოსავლები 370.975 მლნ ლარი იყო. მთალიანი სრული ზარალი კი, 17.4 მლნ შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2016 წელს 31.1 მლნ იყო.