2019 წლის დასაწყისიდანვე საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. კონკრეტულ თარიღამდე 2 კვირა რჩება და მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დაძაბაულობამ პიკს ახლა მიაღწია. ბიზნესი რეფორმის გადავადებას ითხოვს. ამის შესაძლებლობას მმართველი გუნდი, მთავრობა და საპენსიო ფონდის ხელმძღვანელიც კატეგორიულად უარყოფენ.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა გადავადებას არ აპირებს. საკითხი ბოლო პერიოდში საპენსიო რეფორმის მიმართ კერძო სექტორის მიერ გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს და რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ეხება.
„საპენსიო რეფორმის გადავადებას არ ვაპირებთ. რეფორმა ისე შევა ძალაში, როგორც ეს დაგეგმილია“, - აღნიშნა ქობულიამ.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი აცხადებს, რომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო დაახლოებით, ორთვიან პერიოდში დაკომპლექტდება.
„საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ახალი წლიდან როცა პარლამენტის რეგლამენტში შევა ცვლილება, შედგება შესარჩევი კომისია. ამის შემდგომ ამ ვაკანსიების შესახებ მინიმუმ 2 უცხოურ წამყვან გამოცემაში გამოქვეყნდება განცხადებები და მხოლოდ ამის მერე მოხდება შერჩევა. დაკომპლექტდება საბჭო, დაინიშნება უფროსი სიანვესტიციო მენეჯერი და შემდგომ დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. ამის მიხედვით დაიწყება ინვესტიციების განხორციელება.
პარალელურ რეჟიმში შეიქმნება რისკის კონტროლის კომიტეტი, დაინიშნება მთავარი რისკის ოფიცერი, მას ასევე ეყოლება რისკის კონტროლის დამოუკიდებელი სამსახური და ისინი მიმდინრე რეჟიმში გააკონტროლებენ ამ ინვესტიციების პროცესს.
ამას სავარაუდოდ, ორთვიანი პერიოდი დასჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება რისკის კონტროლი მანამ, სანამ არ არის საინვესტიციო მხარე. მანამდე საპენსიო შენატანები იქნება განთავსებული იმ ბანკებში, სადაც ჩაირიცხება. დაველოდებით გარკვეული თანხის აკუმულირებას. იმისათვის, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი, საჭიროა, თანხები იყოს საკმარისი“, - განაცხადა სურგულაძემ „ბიემთან“.
საპენსიო რეფორმა მოსწონს და პრაქტიკაში დიდი წარმატების იმედი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის აზრით, რეფორმა განხორციელდა ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, სადაც იყო ჩართული ბიზნეს სექტორიც.
„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი, შეჯერებული და შესაბამისად, ეს რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება. არის პრაქტიკული ზომებიც მიღებული იმისათვის, რომ დაიწყოს სათანადოდ ამ რეფორმის პრაქტიკაში განხოციელება“, - განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთი, მნიშვნეილოვანი საკითხია, ბანკების როლი და ადგილი რეფორმაში. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბანკები მზად არიან, ჩაერთონ საპენსიო რეფორმაში აქტივების მართვის თვალსაზრისით. საუბარია, მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაზე.
„კერძო საპენსიო ფონდების შექმნა ამ რეფორმის საფუძველზე ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟის გაცოცხლებას და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები ან კაპიტალი მოიზიდონ საფონდო ბირჟის მეშვეობით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საფონდო ბირჟის განვითარებას და ასევე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას თვითონ მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაში. იმისთვის, რომ ეს აქტივები იყოს ეფექტური და მაქსიმალურად მომგებიანი“, - აცხადებს ჯაფარიძე.
საპენსიო ფონდში კი განმარტავენ, რომ სისტემაში ბანკების მონაწილეობა არ განიხილება. სააგენტოს აქტივების მართვისთვის შიდა სტურქტურა ექნება.
საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტსა და ბიზნესასოცაციების წარმომადგენლებს კი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით სრულიად სხვა მოსაზრება აქვთ.
ბოლო შეხვედრაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა ნაწილმა საპენსიო სააგენტოს და ზოგადად, რეფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ღიად დააფიქსირეს.
შეხვედრაზე დამსწრე კერძო სექტორის ნაწილის განცხადებით, მათ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელისგან და მენეჯმენტისგან ვერ მიიღეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც ბიზნესს ახალ რეფორმასთან დაკავშირებით გააჩნია.
ბიზნესს მიაჩნია, რომ რეფორმის ასამოქმედებლად 2-კვირიანი ვადა საკმარისი არაა. ისინი მიზეზად ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებენ, ამიტომ კერძო სექტორი რეფორმის გადავადებას ითხოვს.
„ელემენტარულ, ტექნიკურ და მარტივ შეკითხვებზე არ აქვს სააგენტოს მენეჯმენტს პასუხები. განსაკუთრებით საგადასახადო გადახდებთან და საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მზად არის, მაგრამ თქვენ არ ხართ მზადო და რეალურად, ეს არის მთავარი პრობლემა. არც ბიზნესმა და მით უმეტეს არც დასაქმებულებმა არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითად, 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, დამსაქმებელმა რამდენი უნდა გადაიხადოს, არ ვიცით. ასევე, ჩვენმა ბუღალტრებმა ვერ მიიღეს პასუხები, რამდენი უნდა გადარიცხონ სახაზინო კოდზე და რამდენი - საპენსიო ფონდში“, - განაცხადა იურიდიული ფირმა GLCC-ის წარმომადგენელმა შალვა ცხაკაიამ.