საქმე ისე მიდის, რომ პურის გაძვირებას მთავრობა თანდათან ეგუება და ახლა ცდილობენ ხალხიც შეაგუონ. არგუმენტები კი უსუსურია, თითქოს საერთაშორისო ბირჟებზე მარცვლეულის ფასმა აიწია და ადგილობრივ მწარმოებლესაც სხვა გზა აღარ დარჩენოდათ. არადა, აგვისტოდან მოყოლებული ხორბალი მსოფლიოში ნელ-ნელა იაფდება.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამტიკიცებს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლისა და ფქვილის ფასმა აიწია.
„პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, არსებობს ფაქტები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება ხომ არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა, ხოლო რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირების ტენდენციას, ეს სრული სიცრუეა. ბოლო სამი თვეა ჩიკაგოს უმთავრეს მარცვლეულის ბიჟაზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5-5.20 დოლარის ფარგლებშია და არანაირი მერყეობა არ შეინიშნება. მეტიც, აგვისტოს შემდეგ მარცვლეული იაფდება და თითქმის 15%-ით არის ფასი დაცემული. მიუხედავად ამისა, მინისტრი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას განაგრძობს.
სხვაგვარად უყურებს საკითხს პრემიერი. მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ პურის ბაზარზე არასამართლიანი კონკურენციაა, რის მოსაზრებაც არსებობს.
„შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოში არის საბაზრო ეკონომიკა, თუმცა არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალება არავის ექნება.
კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე საათში დაიწყო, მაგრამ რა პერიოდში დაასრულებს კვლევას, ან როგორია მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება, დიდი მცდელობის მიუხედავად, სააგანტოს მხრიდან შეუძლებელი გახდა.
მომხმარებელთა უფლებადამცველი ამირან შენგელია ამბობს, რომ პურთან ერთად სხვა პროდუქტებიც გაძვირდება. ახალი წლის წინა დღეებში არავითარი დასკვნა არ დაიდება, ხოლო სადღესასწაულო პერიოდის ჩამთავრების შემდეგ ეს საკითხი ყველას მიავიწყდება.
„რეალურად არის თუ არა დარღვევა, ბაზრის მონიტორინგი დაადასტურებს. მარტო პური კი არა, ნახევარფაბრიკატები და პურპროდუქტებიც გაძვირდა. ჯაჭვური რეაქციასავითაა, როგორც კი პურის ფასი მოიმატებს, სხვა პროდუქტიც მიჰყვება. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ პური მაინც არ გაძვირებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ვერ შეაჩერეს.
ცხადია, კონკურენციის კანონი დაირღვა, აბა, რით უნდა გამართლდეს ფაქტი, რომ ერთ დღეს ყველა ქარხანასა და მეწარმეს ერთბაშად მოუნდა პურის გაძვირება, აშკარად შეთანხმდნენ ფასში, მაგრამ ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადასტუროს. დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში არანაირი დასკვნა არ იქნება, ხოლო სადღესასწაულო დღეეების ჩამთავრების შემდეგ, ეს საკითხი ყველას მიავიწყდება“, - აცხადებს შენგელია.