„თუ ამ გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებულ გაერთიანებაში რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, შესაძლოა ისინი წავიდნენ სიტუაციის გამწვავებაზე და ხელისუფლება აიძულონ, რომ გამოიყენონ ძალა, რომელიც ამ შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება, რადგან ინაუგურაციის ჩაშლას, ბუნებრივია, რომ მათ არავინ დაანებებს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშიას" თელავში საპროტესტო აქციია გამართვაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მოტივად კი დასახელდა, რომ ის ადგილი, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო მოთხოვნილი, იმ ტერიტორიაში ექცევა, სადაც ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.
ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვალად მათ მერია სხვა ადგილზე სთავაზობს აქციის გამართვას. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" თელავში, აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიციის მიზანს ინაუგურაციის ჩაშლა წარმოადგენს, მათ შესაძლოა რაიმე პროვოკაციული ქმედებით მედიის ყურადღება მიიქციონ და ამით კი ზურაბიშვილის ინაუგურაციას „ჩრდილი მიადგეს."
„ეს შემდეგ შეიძლება მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდეს, ამაზე ხმაური ატეხონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. არ გამოვრიცხავ განხორციელდეს სერიოზული პროვოკაციები, რომელიც თავად ოპოზიციის მიერ იყოს ინსპირირებული და ამით ინაუგურაციის პროცესს ჩრდილი მიადგეს და ჩაიშალოს კიდეც," - აცხადებს ის.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ აქციის გასამართად ნებართვის მიღება არ არის საჭირო, თუმცა თუკი იმავე ადგილას შეკრებას სხვა მეორე პირიც გეგმავს, სამართლებრივად ოპოზიციას შეკრების უფლება აღარ აქვს.
„საქართველოში შეკრებას, მანიფესტაციას ნებართვა არ სჭირდება. უბრალოდ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია აცნობოს თვითმმართველობის ორგანოს სად აპირებს გამართვას და დაახლოებით რამდენი კაცია მოსალოდნელი, რომ იყოს შესაბამის შეკრებასა თუ მანიფერსტაციაზე.
„თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება უთხრას, რომ მოცემულ ადგილას ვერ ჩაატარებენ, რადგან იმ ადგილას სხვა სუბიექტი ატარებს, რომელმაც უფრო ადრე წარმოადგინა შეტყობინება. უარის თქვა სხვა მოტივით, გარდა იმისა, რომ ის ადგილი უკვე დაკავებულია, უარის თქმის უფლება არ აქვს," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ სამართლებრივად აქციის გამართვის უფლება ოპოზიციას არ აქვს და თუკი ისინი კანონის წინააღმდეგ წავლენ, შესაძლოა გარკვეული სანქიცებიც დაეკისროთ.
„ოპოზიციამ უნდა მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გაამართლოს აქცია, ეს არის სამართლებრივი გზა. თუ არ გაითვალისწინა ოპიზიციამ ეს აკრძლვა, ეს კანონდარღვევა იქნება და არ არის დაშვებული ამ აქციის ჩატარება. თუ ეს წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული სანქციებიც," - განუცხადა დემეტრაშვილმა „რეზონანსს."
ანალიტიკოსი ანაჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზებას ვერ შეძლებს და ეს აქცია არ იქნება დიდმასშტაბიანი, თუმცა ანჯაფარიძემ 2 დეკემბრის აქცია გაიხსენა და დასძინა, რომ თბილისში გამართულ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა თუკი იქნება თელავის აქციაზე მისული, ეს რაიმე პროვოკაციული ქმედების განსახორციელებლად სრულიად საკმარისი იქნება.
„არ ვიცით რამდენი ადამიანი გამოყვანას შეძლებენ და რა რესურსები აქვთ ამისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ იდეამ დესტრუქციული სცენარით განვითარდეს, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც მათი წარმომადგენლების მხრიდან გვესმის.
„სამწუხაროდ საქართველოში არის ასეთი ტრადიცია, რომ გარკვეული საზღაურის ფასად აქციაზე გარკვეული რაოდენობის ადამიანები მოიყვანონ, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, არ ვვარაუდობ, რომ ამ აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა.
„ის ადამიანებიც, ვინც შეიძლება რომ მათ შეკრიბონ, თუნდაც ის რაოდენობა რაც მათ თბილისსი 2 დეკემბრის აქციაზე ჰყავდათ, სავსებით საკმარისი იქნება პროვოკაციის მოსაწყობად," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.