ჩაშლილი ჟენევის 46-ე მოლაპარაკება და რუსეთის გაფრთხილება საქართველოს. რუსეთის მხარემ მოლაპარაკებების მაგიდა დემონსტრაციულად დატოვა. ამის მიზეზი კი ის საკითხები გახდა, რომელიც განსახილველად ქართულმა მხარემ დააყენა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ყურადღება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე და თბილისმა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება მოითხოვა.
მას შემდეგ კი რაც საქართველოს დელეგაციამ დევნილების დაბრუნებაზე საუბარი დაიწყო, შეხვედრის მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დემონსტრაციულად დატოვეს.
„რიანოვოსტთან" მიცემულ ინტერვიუში კი კარასინმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის ფორმას შეცვლიდა.
რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ".
„სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ. რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა კვლავ გაუსვეს ხაზი, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევაა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის და ნატოს სამხედრო აქტივობა, მათ შორის ვაშინგტონის და თბილისის გეგმები ვაზიანის სამხედრო აეროდორომის მოდერნიზაციის შესახებ და 2019 წელს, მორიგი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვანი სწავლების ჩატარება" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს მოუწოდეს, უარი თქვას სხვისი ინტერესების გატარებაზე და ამის ნაცვლად მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება სცადოს.
უწყების ცნობით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კვლავ განიხილებოდა ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის საკითხი.
„ლაბორატორიაში ვიზიტის შესახებ ანონიმური საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ზედაპირული დასკვნა არ ხსნის ჩვენს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ სერგეი ლავროვის უწყებაში.
რუსული მხარის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2019 წლის აპრილში გაიმართება.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის რუსეთისგან საქართველოსადმი და ოკუპირებული ტერიტორიებისადმი პირიქით, მტრული რიტორიკის შეცვლას აქეთ ელოდება.
"მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მისი მოსაზრებით გრიგორი კარასინი არ უნდა იყოს ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი საქციელი და საქართველოს გაფრთხილება პირველი შემთხვევა არ არის.
"კრემლი ყველა ტრიბუნას იყენებს, რათა ნატოს მუდმივად შეახსენოს, რომ მისთვის საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ კავშირში მიუღებელია. ზაქარეიშვილის აზრით, ამ განცხადებებით ასევე ნატოს გარკვეული სახის მესიჯებს უგზავნიან და დასავლეთი სამწუხაროდ მსგავს განცხადებებს ანგარიშს უწევს, კრემლი კი ამას კარგად გრძნობს და ტემპერატურას კიდევ უფრო ზემოდ სწევს.
„ახლა ყველაფერი ნატოზეა დამოკიდებული. რუსეთმა რისი გაფუჭებაც შეეძლო, ყველაფერი გააფუჭა. ოკუპანტი, აგრესორი გახდა და ის არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის. ნატოში ხმამაღლა კი ამბობენ, რომ ჩვენ კრემლს არ ვუსმენთო, მაგრამ ქმედებები არ ჩანს. მთავარია ახლა საქართველოს მაპი მისცენ. აღარაფერი აღარ იცვლება და ამდენი ხანი რაღას ელოდებიან თუ არა რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა. ამას თავად რუსები კარგად ხედავენ, რომ დასავლეთი ფეხს ითრევს და როგორც შეუძლიათ ისე იყენებენ.
ამ ფონზე მთავარი ნაბიჯი ნატომ უნდა გადადგას და რუსეთის შანტაჟს ყურადღება არ უნდა მიაქციონ. მაპი შესაძლოა წლები გაგრძელდეს, მაგრამ ეს იქნება იმის ნიშანი რომ ნატოში გასაწევრიანებლად პროცესი დაიწყო",-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".
ზაქარეიშვილი კარასინის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგს არ დაიწყებს, მცდარია.
მისი აზრით, ზურაბიშვილი ჯერ პრეზიდენტი ოფიციალურად არ არის და არავინ იცის ის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით რა სახის პოლიტიკას განახორციელებს. თუმცა, ზაქარეიშვილი აქვე დასძენს, რომ რაც უნდა ქნას ახალმა პრეზიდენტმა, ის საგარეო პოლიტიკაში თავისი შეზღუდული უფლებების გამო, ქმედით ნაბიჯებს მაინც ვერ გადადგამს და არც არაფერი შეიცვლება.
„კარასინის განცხადება ცოტა უცნაურია. ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჯერ არც ყოფილა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაში რაღაც გარკვეული კორექტირება შეიტანოს.
"მგონია კარასინი საბაბს ეძებს, რომ საქართველო გააკრიტიკოს, ვიდრე საქართველოსგან კონსტრუქციული წინადადებები მიიღოს. მართალია, მას არა აქვს იმდენი უფლებამოსილება, რომ რადიკალურად რამე შეცვალოს, მაგრამ მას შეუძლია, რომ მმართველ გუნდთან ერთად ითანამშრომლოს და გარკვეული პოლიტიკური სვლები ხელისუფლებასთან შეთანხმებით განახორციელოს. ის ვაშაძის მსგავსად რუსეთის ლანძღვას არ დაიწყებს და უფრო ეცდება, რომ მათთან სასაუბროდ კონსტრუქციული გზა მოძებნოს", - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".
„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს. მისი აზრით, კრემლი როგორც მიესალმებოდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, ასევე მისგან უფრო მეტის დათმობას მოითხოვს. კაპანაძე ამბობს, რომ ეს არის იმპერიალისტური რუსული პოლიტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა.
კაპანაძე ასევე ჟენევის მოლაპარაკებების საკითხს აფასებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსკოვში არ არის პოლიტიკური ნება.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თემის გენერირება მოხდეს. ეს მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის მხრიდან შანტაჟი მუდმივად გაგრძელდება. ინციდენტებისა და პრევენციების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობა მოსკოვის შანტაჟის მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენეს. ახლა ისევ უკან დაბრუნდებიან, ისევ მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს წლებია გრძელდება და სერიოზულად არ ვუყურებ. თვისობრივი გარღვევა რომ მოხდეს, ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორი ზეწოლა იქნება პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა კაპანაძემ.