შეიძლება თუ არა სკოლებში ოფიცრების შეყვანა?!

შეიძლება თუ არა სკოლებში ოფიცრების შეყვანა?!

უნდა ასწავლიდნენ თუ არა სკოლის მოსწავლეებს ჯარისკაცები? ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ ახალი საგნის პედაგოგებად სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, ოფიცრები გადაამზადეს. განათლების სფეროს ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება, საგანმანათლებლო სისტემაში საგნების პედაგოგებად შედიოდნენ პატრულები, სპორტსმენები, სამხედროები. მით უმეტეს, სამხედროები, რომლებიც აღზრდილნი არიან ბრძანების შემსრულებლებად და შესაძლოა, ბავშვების მიმართაც გამოავლინონ მბძანებლობითი ტონი.

განათლების საკითხების მკვლევარი, ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაუშვებელია, სამხედრო მოსამსახურეები შედიოდნენ სკოლებში მასწავლებლებად. ჯერ ერთი, სამხედრო მოსამსახურემ არ იცის არც სწავლების და არც მოსწავლესთან ურთიერთობის სპეციფიკა. მეორეც, თანამედროვე მსოფლიო ორიენტირებულია სააზროვნო და ანალიტიკური უნარების განვითარებისკენ და არა ვიღაცის ინდოქტრინაციისკენ, ანუ ადამიანებზე გავლენის მოხდენისა და დაშტამპვისკენ. იმას, რასაც მასწავლებელი ვერ აკეთებს, რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურე ვერ გააკეთებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურესთან ურთიერთობა მოსწავლისთვის საშიში ან საფრთხილოა. თუ ეს იქნება მოწვეული სტუმრის ფორმატი და სკოლაში მიიწვევენ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, მაშინ ეს მისაღებია. ასევე, მისასალმებელია, თუ ეს იქნება კლასგარეშე აქტივობა და მოსწავლეებს წაიყვანენ სამხედრო ნაწილებში, სადაც ადგილზევე გაეცნობიან, როგორ ცხოვრობენ ჩვენი სამხედროები. ამას ექნება შემეცნებითი დანიშნულება.

„წარმოუდგენელი და მიუღებელია, სამხედრო მოსამსახურეები იქცნენ საგნის მასწავლებლებად, როგორი ტრენინგებიც არ უნდა გაიარონ მათ. სამხედროს აქვს მხოლოდ პირადი გამოცდილება. ის ბრძანებით გადასცემს ამ გამოცდილებას სკოლის მოსწავლეს, თუ სხვა ტონით, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით, თუმცა სამხედრო წესრიგსაა მიჩვეული და სწავლების დროსაც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული წესრიგსა და იერარქიაზე, ვიდრე თავისუფალი სააზროვნო გარემოს შექმნაზე. არ შეიძლება, მასწავლებლებად ვაქციოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მსგავსი ტიპის საკითხები, რომლებიც სამხედრო ისტორიას, თავდაცვის ისტორიას, გეოპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იმგვარად უნდა ასწავლონ, რომ მოსწავლეებს წყაროების მოძიების უნარი განუვითარონ. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამა თუ იმ საკითხზე წყაროების მოძიება, დამუშავება და ამ წყაროების შესაბამისად ანალიზის გაკეთება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარების თვალსაზრისით. ამას სამხედრო მოსამსახურე ვერ გააკეთებს, რომელსაც ამ ტიპის არანაირი გამოცდილება არ აქვს. მეტიც, ამას გამოცდილების მქონე მასწავლებლებიც ვერ აკეთებენ“, - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, გრიფირებულ სახელმძღვანელოებშიც კი გვაქვს სერიოზული პრობლემები. არადა, ამ სახელმძღვანელოების შედგენაზე დარგის სპეციალისტები, კონკრეტულ სფეროში წლობით მომუშავე ადამიანები მუშაობენ და მაინც გვაქვს ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები. აქ არ არის შინაარსზე ლაპარაკი, მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ შინაარსი გამართულია, მაგრამ მეთოდოლოგიური მიდგომებია აბსოლუტურად მიუღებელი ყველა საგანში. აქედან გამომდინარეც, მიუღებელია, როდესაც თავდაცვის სამინისტრო წერს ამ სახელმძღვანელოს. სინამდვილეში, აგვისტოს შესახებ წიგნი უნდა დაწერონ ისტორიისა და განათლების სპეციალისტებმა ერთად, რომლებმაც იციან მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური ასპექტები და იციან საგნის შინაარსი. აქ მხოლოდ ისტორიკოსები არ არიან საკმარისნი, რადგან ისტორიკოსმა იცის მხოლოდ საგნის შინაარსი და არ იცის, როგორ მიაწოდოს იმ საგნის შინაარსი მოსწავლეს.

გარდა ამისა, შალვა ტაბატაძე პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ თანამედროვე განათლების სისტემა უფრო მეტად ორიენტირებულია ინტეგრირებული გზით საგნების სწავლებაზე და არა რაღაც საკითხების დაქუცმაცებაზე, ყველა საკითხის ირგვლივ ახალ-ახალი საგნის შემოტანაზე. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა აგვისტოს ომის საგნის სკოლებში შეტანის შესახებ და საგნის დამატება გაუმართლებელია. ზოგადად, თავდაცვასა და უსაფრთხოებას დღესაც ასწავლიან სკოლებში, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე განგაშის, საომარი მდგომარეობის დროს. პატრიოტი მოქალაქის აღზრდა ზოგადი განათლების, ეროვნული მიზნების ერთ-ერთი მიზანია და, შესაბამისად, ყველა საგანი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა სპეციალური საგანი.

ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი For.ge-სთან საუბარში პირად გამოცდილებას იხსენებს, როცა მის ბავშვობაში სკოლებს ეწვეოდნენ სამამულო ომის ვეტერანები და საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ. ეს ცხოვრებისეული ისტორიები იყო, ზოგი სევდიანი, ზოგიც მეგობრობის, ვაჟკაცობის ამსახველი. თავად ვეტერანები ხანდაზმული ხალხი, ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდათ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კონსტანტინე პოზოვი მიიჩნევს, რომ არ არის ცუდი, როცა უშუალოდ ცოცხალი მემატიანე გვიყვება თავს გადამხდარ ისტორიებს. თუმცა აქ მთავარია ამ კონკრეტული საგნის ფორმატი.

„თუ აქ საუბარია ომის ახალგაზრდა ან მხცოვან ვეტერანზე, რომელიც დაინვალიდდა, ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი ემოციური მდგომარეობა არ არის მდგრადი, რასაკვირველია, სკოლის მოსწავლეებთან მისი შეყვანა გაუმართლებელია. ხოლო, თუ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც ომიც გამოიარეს, უბედურებაც ნახეს და მაინც გადალახეს, შეაფასეს ეს ყველაფერი და ახლა ბავშვებს უყვებიან, რა ფენომენია ომი, მათი მოსმენა საინტერესოა. ზოგადად, ინდივიდს გააჩნია, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ამიტომ შესაბამისი ფორმატი უნდა იყოს შემუშავებული და გაწერილი. ცხადია, ურთიერთობა ვერ იქნება გაწერილი, ეს ძალზე ცოცხალი პროცესია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა მიზანი აქვს ამ საუბარს, რას ემსახურება, ეს არის სიძულვილის რიტორიკა, რომ ჩვენ მტრები გვყავს, თუ ჩვენი საკუთარი შეცდომების გააზრება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების თანადგომა. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების ასაკობრივი ჯგუფი, სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან სხვადასხვანაირად უნდა ვისაუბროთ ომზეც და გაჭირვებაზეც“,-მიაჩნია კონსტანტინე პოზოვს.