ვისაც ვალს ჩამოაწერენ, 5 წელი მაინც „კრედიტინფოს“ ბაზაში დარჩებიან

ვისაც ვალს ჩამოაწერენ, 5 წელი მაინც „კრედიტინფოს“ ბაზაში დარჩებიან

საბოლოო ჯამში ვალების განულებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს. რა მოხდება მას შემდეგ, რაც მათ ვალი ჩამოეწერებათ? ფინანსისტები ამბობენ, რომ ისინი „კრედიტინფოს“ ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება.

ვებ-გვერდზე www.vali.ge ამ დროისათვის ატვირთულია ინფორმაცია 407 000-ზე მეტი მსესხებლის 679 000-ზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის - „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

„აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება. ამ ეტაპისათვის უკვე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“ და „იშბანკი საქართველო“.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სიის ზრდა მოხდება და შესაბამისად გაიზრდება თანხაც, რომელსაც „ქართუ“ გაანულებს.

„ნამდვილად მოხდება სიის ზრდა. ეს არასრული მონაცემია, რადგან მხოლოდ 6 ბანკის სასესხო პორტფელია ატვირთული. მსესხებლების ზრდის პარალელურად, რასაკვირველია, მოიმატებს გადახდილი თანხის რაოდენობაც, რომელსაც სრულად „ქართუ“ გაიღებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჯერჯერობით საიტზე არსებული მონაცემები სრული არ არის და გარდა ამისა, არის ორგანიზაციები, რომლებმაც უარი განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე, თუმცა მათი რიცხვი დიდი არ არის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, რომლეთაც შესთავაზეს იგივე პირობები, რაც სხვებს, მაგრამ მათ თავი შეიკავეს.

„არ ისურვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ეს მათი არჩევანი და სურვილია. ამავე დროს, გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი გამოიჩენდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას და გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებს ჩამოაწერდნენ 2000 ლარამდე სესხებს. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მისასალმებელია. სანაცვლოდ ითხოვეს საგადასახადო კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და მიმდინარე სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხები, რაც იყო თხოვნა მათი მხრიდან, გათვალისწინებული იქნება. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით, საუბარია, მთლიანი პრობლემური სესხების 1%-ზე ნაკლებ მოცულობაზე, ვინც არ მოხვდა ამ თანამშრომლობის სფეროში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რა ელით იმ ადამიანებს, ვინც გათავისუფლდება დიდი ვალებისაგან? ფინანსური განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი კეპულაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, „კრედიტინფოს“ ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება, ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან“, - აღნიშნავს კეპულაძე.