ვის ინტერესში იყო არჩევნების შემდეგ პურის 10 თეთრით გაძვირება და რა ედო ამას სარჩულად, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პურის ფასის ზრდის ერთ-ერთ ვერსიად არასამართლიანი კონკურენცია დაასახელა და შესაბამის ორგანოებს სიტუაციის შესწავლა დაავალა.
გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მათი თქმით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა და დღეს მისი ფასი 47-50 ლარია. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკებში, რაც, ასევე, აძვირებს პურის თვითღირებულებას.
თბილისის პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პურის ფასმა 5-დან 10 თეთრამდე იმატა, თანაც ეს ფასი პურის ყველა სახეობაზე არც გაზრდილა. კერძოდ, დედაქალაქში ლიტვურ და ავსტრიულ საცხობებს ისედაც მაღალი ფასები ჰქონდათ, ლარნახევარი, 2 ლარიც ღირდა მათი პროდუქცია. მაგალითად, „ანტრეში“ 3-ლარიანი პურიც იყიდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ფასების ზრდა პურის მასობრივ ასორტიმენტს შეეხო. ბატონისებური პური, რომელიც ღირდა 70 თეთრი, გახდა 80 თეთრი.
„მეწარმემ რა ქნას? წარმოებას ხომ ვერ გააჩერებს? საერთოდ, მაღალი კონკურენციაა პურზე და შესაძლებელია, კიდეც დაიწიოს პურის ფასმა. მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად იცვლება ხორბლის ფასი, მატებისკენ წავიდა ფასები და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. აქ არავითარი პოლიტიკური თემა არ არის. ეს სუფთა ეკონომიკური მომენტებიდან გამომდინარეობს. ვადასტურებ, რომ ფქვილზე მართლაც გაიზარდა ფასი, სექტემბრიდან დღემდე 30%-ით იყო გაზრდილი ფქვილის ფასი და ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 45 ლარს შეადგენდა, დღეს კი ფქვილის ფასი 47-48 ლარია. ზუსტად ამან გამოიწვია მეპურეებში ფასცვალებადობაზე საუბარი“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ და ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათი ხომ არ უნდა დაუწესოს პურის კომპანიებს, რათა სხვა პროდუქტებსაც არ გადაედოს გაძვირება, განმარტა, რომ შეღავათების პრეცედენტები არსებობს.
კერძოდ, ერთი პერიოდი, აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი მთლიანად შეაჩერეს. არის ქვეყნები, სადაც კვების პროდუქტებზე დამატებითი ღირებულება 10%-ის ფარგლებშია, რათა ფასები არ გაიზარდოს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პურისა და ნებისმიერი პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საწვავის გაძვირება, რადგან საწვავზეა დამოკიდებული ყველაფერი. ტრაქტორმა რომ იმუშაოს, მიწა მოხნას და დაითესოს, საჭიროა დიზელის საწვავი, ბენზინი. ეს თუ გაძვირდა, გლეხს რომ უჯდებოდა 30 ლარი ერთი ჰექტრის მოხვნა, ახლა დაუჯდება 35-40 ლარი. ცხადია, აქედან მიღებული ხორბალი და სხვა კულტურები (კარტოფილი, ბოსტნეული) გაძვირდება.
„ამას რად უნდა დიდი ეკონომიკური ცოდნა? უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის გადატან-გადმოტანასაც ტრანსპორტი სჭირდება. უკრაინასა და რუსეთში ომი რომ დაწყებულიყო, იცით, რომ ჩვენ პრობლემები გვექნებოდა? ჩვენს მოთხოვნილებას პურის ფქვილზე, ხორბალზე მხოლოდ 15-20%-ით ვიკმაყოფილებთ, 80-85% პურის ფქვილი კი შემოგვაქვს. ყველაზე მეტი ვალუტა ფქვილის შემოტანისთვის იხარჯება. დედოფლისწყაროში ფერმერები ამზადებენ ხორბალს, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი მწარმოებლები არ ყიდულობენ, ან თუ ყიდულობენ, მხოლოდ 30-35 თეთრად. ამ დროს ერთი კილოგრამი ხორბლის წარმოება ფერმერს უჯდება 40 თეთრი. ამაში სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევაა საჭირო, რათა ქართველ ფერმერებს დაეხმარონ“, - აღნიშნა ანზორ მესხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ძირითადად ფქვილი რუსეთიდან, უკრაინიდან, შუა აზიიდან შემოგვაქვს. ამიტომ ჩვენი პირველი მიზანი უნდა იყოს, რათა სოფლის მეურნეობამ იზრუნოს ხორბლის წარმოებაზე, ნელ-ნელა ავიდეთ უფრო მაღალ მონაცემებზე და 50%-ით მაინც დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილება ხორბლის ფქვილზე.