ქართული მიწების სავარაუდო გასხვისებას უამრავი ადამიანი იუსტიციის სახლის წინ აპროტესტებდა. „ქართული მარშისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა თანამოაზრეებთან ერთად იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, თუ ქართველი ხალხის მოთხოვნა არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადება დაიწყება.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელი დააკმაყოფილა და სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მიწების შეძენის ვადა უცხოელებს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე მიეცათ, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და მათ ქართული მიწების შეძენა კვლავაც შეეზღუდებათ.
მოგვიანებით განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს არც ერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა, ამიტომ ვნებათაღელვა უადგილოა.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გასაკვირი არ არის, მცირემიწიანი ერები იცავდნენ თავიანთ მიწას გასხვისებისგან.
- აქციაზე მეც გახლდით მისული. იუსტიციის სახლის წინ, ფაქტობრივად, გადაკეტილი იყო შესასვლელი. თუ ვინმე უცხოელ მსურველს დოკუმენტები ჰქონდა მომზადებული, გაუჭირდებოდა თბილისში იუსტიციის სახლში ტრანზაქციის შესრულება და სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემის ან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის გარდა არსებობს იუსტიციის სახლები გლდანში, სხვა რაიონებში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ყველა რაიონში, მაგრამ იქ გზა არავის გადაუკეტავს.
სხვა იუსტიციის სახლების ბლოკადა რამეს შეცვლიდა? გვაქვს კი ამდენი რესურსი, რომ საქართველოს მასშტაბით მოვახდინოთ იუსტიციის სახლების ბლოკადა?
- ეს არ ვიცი, ეს აქციის ორგანიზატორების გადასაწყვეტია, თბილისში ამას დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია ხელმძღვანელობდნენ.
მაგრამ უცხოელებს იუსტიციის სახლებში მიუსვლელად, კომპიუტერითაც შეუძლიათ იყიდონ ქართული მიწები?
- აქ მთავარია, რომ 2004 წლის შემდეგ არ გაკეთებულა მიწის ბალანსი. დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ ვიცით, რამდენი მიწა გვაქვს, რამდენია სახნავი, რამდენი საძოვარი, სათიბი, მრავალწლიანი ნარგავი. არც ის ვიცით, რამდენია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში. ამიტომ სახელმწიფომ კატეგორიულად უნდა აკრძალოს უცხოელებზე მიწების გასხვისება, სანამ არ იქნება მიწის ბალანსი და არ დავადგენთ მიწებს დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში უცხოელებზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეზღუდვებია დაწესებული. ავიღოთ თუნდაც გერმანიის მაგალითი. აქ ჩამოსულნი იყვნენ გერმანელი სპეციალისტები, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიაში გაიმართა მათთან შეხვედრა. გერმანელებმა განაცხადეს, რომ გერმანიაში თვითონ გერმანელი მოქალაქე ვერ იყიდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, თუკი მას არ აქვს დამთავრებული მაგისტრატურა და სოფლის მეურნეობის მართვის საკითხებში უმაღლეს დონეზე გარკვეული არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა ავსტრიაშიც. ახლა ავსტრიის მოქალაქემაც შეიტანა სარჩელი ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლოში და მისი სარჩელიც დააკმაყოფილეს. ბერძნებმაც შეიტანეს და მათაც დაუკმაყოფილეს სარჩელი. ამ დროს საბერძნეთში იყიდი მიწას? - ვერ იყიდი. ჩვენთან კი რა ხდება? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს მიწა.
ხომ არ ფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლო ელოდა არჩევნების დასრულებას, რათა არაპოპულარული გადაწყვეტილებით ხელისუფლებისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა და ახლა გააჟღერეს ეს უსიამოვნო ინიციატივა, რადგან ხელისუფლებაში მოკალათებული ცალკეული ძალებისგან თანხმობა მიიღეს?
- თქვენი ვერსია არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ კონკრეტულად ამისთვის მტკიცებულებები მჭირდება. აქ მთავარია, რომ უცხოელებისგან ნაყიდი მიწების 90% დანიშნულებით არ არის გამოყენებული. უცხოელები მიწებს გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რათა სპეკულაციით დაკავდნენ. მაგალითად, გარდაბანში, ტაბახმელაში უცხოელებმა იყიდეს მიწები, მაგრამ არ მოუხნავთ, არ დაუთესავთ, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რაიონებშიც. სასოფლო-სამეურნეო მიწებით ინვესტიცია არ ხდება, ეს ინვესტიციას არ ნიშნავს. იაპონიაში კანონიც არსებობს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ინვესტიციების ჩადება აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ, თუკი ინვესტიციას ჩადებ და ძვირად იყიდი მიწას, მაშინ ერთი კილო კარტოფილი თუ ღირს ერთი ლარი, მერე გახდება 5 ლარი.
გამორიცხული არ არის, ამ აჟიოტაჟმა უფრო მეტი უცხოელი დააინტერესოს ქართული მიწის საყიდლად?
- ამ დღეებში იუსტიციის სახლში რომ შეგევლოთ, გავსებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. როგორც ამბობენ, 2500 მსურველია, რომელსაც სურს, სასწრაფოდ იყიდოს ქართული მიწა. შესაძლოა, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს.
ხელისუფლებამ რა უნდა ქნას, რომ ეს პროცესი შეაჩეროს? წულუკიანი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრს აქვს ბერკეტი, შეაჩეროს მიწების გასხვისება.
- უკვე ვერაფერს ვერ აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლებას, პარლამენტს ჰქონდა გამოცხადებული მორატორიუმი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. ხალხი ახლა დგას და არ უშვებენ იუსტიციის სახლში სხვა ადამიანებს. ესეც კანონის დარღვევაა, მაგრამ აქციის მონაწილეების აზრით, ერთადერთი გამოსავალია, რომ იუსტიციის სახლის შესასვლელები ჩაიკეტოს და იქ არავინ შეუშვან, არც ქართველი და არც უცხოელი.
რომელი ეროვნების ხალხია ჩვენი მიწების შეძენით დაინტერესებული და რომელ რაიონებს ეტანებიან?
- ძირითადად ირანელები, თურქები, ინდოელები არიან. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახნავ მიწებს, ასევე, ცენტრალური ადგილებითაც არიან დაინტერესებულნი, რათა შემდეგ ამ ადგილებში დასახლდნენ.