უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტი ერთი ფასი ეღირება

უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტი ერთი ფასი ეღირება

მთავრობა აქციზს ათანაბრებს და კონტრაბანდას სტიმულს აძლევს
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და უფილტრო და ფილტრიან თამბაქოზე აქციზს ათანაბრებს. გამოდის, რომ "ასტრა" და "მარლბორო" ერთნაირად დაიბეგრება და მათი ფასიც თითქმის გათანაბრდება. სიგარეტის აქციზის ზრდის გადაწყვეტილება მომხმარებელს თამბაქოს გაუძვირებს და უარყოფით გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზეც მოახდენს, რადგან კონტრაბანდა გაიზრდება. დღეს კონტრაბანდისტებს მეტ-ნაკლებად თუ აკავებს რამე, იაფი სიგარეტის არჩევანია.

ბოლო 2 თვის განმავლობაში "რეზონანსი" აქტიურად წერდა კონტრაბანდის მასშტაბებზე. ამას ხელს უწყობს თამბაქოს ნაწარმის მკვეთრი გაძვირება. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან დიდი ოდენობით შემოდის არალეგალური საქონელი.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უფილტრო სიგარეტზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი ინიცირებისათვის მზად არის. ამას ადასტურებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც. ცვლილების მიხედვით, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება. ამ შემთხვევაში აღარ იარსებებს ის ეფექტი, რომ მომხმარებელი ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადავიდეს, რადგან ის უფრო იაფია. 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს, როცა დღეს 40%-ს არ აღემატება.

გამოდის, რომ ხელისუფლება მომხმარებელს იაფი პროდუქციისაკენ გზას უკეტავს, კონტრაბანდას კი ახალისებს. ფინანსისტების გათვლით, რამდენადაც შემცირდება უფილტრო სიგარეტის წილი ქართულ ბაზარზე, იმდენად გაიზრდება კონტრაბანდა და ამის შეჩერება შეუძლებელი იქნება.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოში თამბაქოს მომხმარებელს იაფ სიგარეტზე წვდომა აღარ ექნება და არც სხვა ალტერნატივა დარჩება, გარდა ძვირი პროდუქტისა, რომლის შეძენის საშუალება საქართველოში ყველას არ აქვს.

"უფლიტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის გათანაბრება კონტრაბანდას სტიმულს მისცემს. ეს რისკი ნამდვილად არის. ცალსახაა, რომ მომხმარებელს იაფფასიან სიგარეტზე წვდომა აღარ ექნება. როგორც ვიცი, უფილტროს მოხმარების კოეფიციენტი საქართველოში მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ ცუდია ის, რომ მყიდველს არ ექნება იაფ პროდუქტზე წვდომა და იძულებული გახდება, ან არ მოიხმაროს იგი, ან ძვირიან ნაწარმზე გადავიდეს, სხვა არჩევანი არც ექნება.

შესაბამისად, კონტრაბანდის მასშტაბი მოიმატებს. საფრთხე ყველაზე მეტად არის ოკუპირებული რეგიონებიდან, საიდანაც უაქციზო სიგარეტის შემოდინების საშიშროებაა. გარდა ამისა, კონტრაბანდული ნაწარმი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვა, სადაც ფასი გაცილებით დაბალია, მაგალითად - სომხეთიდან. იქ სიგარეტი უკვე 1,20 ლარით ნაკლები ღირს, ვიდრე საქართველოში. კონტრაბანდას სტიმული მიეცემა. საბოლოოდ იმპორტიორებიც დაზარალდებიან, მოსახლეობაც და ქვეყნის ბიუჯეტიც, თუმცა დიდ ეკონომიკურ დანაკლისს არ ველოდები", - ამბობს "რეზონანსთან" გერლიანი.

კონტრაბანდის მასშტაბის ზრდის საფრთხეზე საუბრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკი თავიდანვე სწორად ვერ გათვალა და შეცდომა ამჯერადაც გაიმეორა.

"როდესაც აქციზს რამე მიმართულებით ვზრდით, შესაბამისად, გვეზრდება შავი ბაზრისა და კონტრაბანდის რისკიც. რამე პროდუქტზე თუ რამდენჯერმე გავზრდით აქციზს და ფასი რამდენჯერმე გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება, რის გაუთვალისწინებლობაც არაფრით არ შეიძლება. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება გამოიწვევს ამ პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებას.

ყველაზე მტკივნეულად ამას მომხმარებელი იგრძნობს, რადგან უფილტრო სიგარეტს არავინ გაეკარება, თუმცა არც არჩევანი ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის დარჩება შავი ბაზარი, რითაც მოსახლეობა სარგებლობას შეეცდება. შავი ბაზრის კონტროლი მარტივი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, შეიძლება დაგვიდგეს ბიუჯეტის შევსების პრობლემაც, რადგან კონტრაბანდა მოიმატებს და ეს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.

აქედან გამომდინარე, აქციზის გათანაბრება, რა გადაწყვეტილებაც გუშინ მიიღეს, არასწორია. თუ ცვლილება საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად მოიფიქრეს, მიმაჩნია, რომ ამისთვის უფრო უკეთესი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა და არა ისეთის, რომელიც მომხმარებელსა და ბიუჯეტს დააზარალებს", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის ალიანსმა გუშინვე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას აძლევს.