გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძველ აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს. ქალაქ დრეზდენში პუტინი 1989-იან წლებში „კაგებეს“ ოფიცრად მუშაობდა. არქივში აღმოჩენილი დოკუმენტი 1989 წლის ბოლოს არის ხელმოწერილი და დამტიკიცებული.
11 დეკემბერს გაზეთმა „ბილდმა" ვლადიმერ პუტინის პირადობის მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ 1989 წლით თარიღდება. აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივში, რომელიც ცნობილია როგორც „შტასი“, ნაპოვნია ფაილი „კადრების და განათლების“ შესახებ.
პუტინი კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიაში, დრეზდენში 1980-იანი წლების შუა რიცხვებში ჩამოვიდა. მან ხუთი წელი გაატარა ქალაქში, სადაც მისი მეუღლე, ლუდმილა პუტინა ცხოვრობდა. წყვილის მეორე შვილი 1986 წელს დრეზდენში დაიბადა.
პუტინის ძველ აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის პირადობის მოწმობის აღმოჩენამ პუტინის საერთაშორისო რეპუტაციაზე როგორ შეიძლება იმოქმედოს, ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს ფაქტი პუტინის რეპუტაციაზე არც დადებითად და არც უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი აღმოსავლეთ გერმანიაში მსახურობდა.
„არა მგონია, რომ ამან რადიკალურად შეცვალოს პუტინის საერთაშორისო რეპუტაცია. პუტინის რეპუტაციას განსაზღვრავს მისი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, საგარეო პოლიტიკური ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე და ა.შ. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსახურობდა, ის საბჭოთა „კაგებეს" ოფიცერი იყო," - აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ამ ფაქტის გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ პუტინი გერმანიის შტაბის აგენტიც იყო, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მოკავშირე გახლდათ.
„შესაძლოა ამის საფუძველზე იგი აღმოსავლეთ გერმანიის შტაბის აგენტიც იყო. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მოკავშირე სახელმწიფო გახლდათ. დავუშვათ, რომ აღმოეჩინათ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იგი დასავლეთ გერმანიის სასარგებლოდ მუშაობდა, ეს მართლაც პუტინის საერთაშორისო რეპუტაციაზე აისახებოდა.
„ასეთი დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში პუტინი ორმაგი აგენტი გამოვიდოდა,- ერთი მხრივ, საბჭოთა დაზვერვაზე, მეორე მხრივ - საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე ქვეყნის დაზვერვაზე. რეპუტაცია როგორიც ჰქონდა მას, - უარყოფითი საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში, - ისევ ისეთივე დარჩება ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.