2019 წლის პირველ კვარტალში ბინებზე ფასი 100-120 დოლარით გაძვირდება. მენაშენეთა ასოციაციის აღამასრულებელი დირექტორის თორნიკე აბულაძის თქმით, მიზეზი 41-ე დადგენილებაა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან შევიდა ძალაში, თუმცა პროექტების დიდ ნაწილს მაშინ მიმდინარეს სტატუსი ჰქონდა და ეს ცვლილებები არ შეხებია. გარდა ამისა, გაძვირებას განაპირობებს იანვრიდან ასამოქმედებელი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის ცვლა და დოლარის კურსიც.
თორნიკე აბულაძის განმარტებით, ძირითადად ხარჯებს კომპანიებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დანერგვა აძვირებს.
„ფასი თითოეულ კვადრატულზე 100-120 დოლარით გაიზრდება, რაც დაახლოებით, ლარებში 200-300 ლარია. ამ დადგენილებას ემატება მერიის მიერ გამკაცრებული სამშენებლო ნევართვები. ჯამში კი, გამოდის, რომ ბაზარზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე - მიწოდება“, - აცხადებს აბულაძე.
იგი იქვე იმასაც ამბობს, რომ მოთხოვნები მშენებლობების თვითღირებულებას გააძვირებს, თუმცა შენობების სანდოობის ხარისხს გაზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში უძრავი ქონების ბაზარზე პოზიტიურად იმოქმედებს.
„ბიემის“ ინფორმაციით, დოკუმენტი დეველოპერებს საგანგებო სიტუაციებისთვის კვამლშეუღწევადი კიბის, სახანძრო-სამაშველო ლიფტების მოწყობას, სართულებზე ბუფერული ზონების შექმნას და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შექმნას ავალდებულებს.
ამასთან, რეგლამენტი მაღლივ შენობებს უფრო რთულ მოთხოვნებს უწესებს. კერძოდ, მაღლივად ითვლება შენობა, თუ მიწის ზედაპირიდან ზემოთა სართულის იატაკი 23 მეტრზე მაღალია. ასეთ შემთხვევაში უკვე მოთხოვნილია კვამლშეუღწევადი კიბე. თუ შენობის ბოლო სართულის იატაკი 37 მეტრზე მაღლაა, 2 სახანძრო-სამაშველო ლიფტი სჭირდება, რომელსაც მხოლოდ სამაშველო დანაყოფი მიუდგება და ხალხის ევაკუაციას იქედან მოახდენს. 130 მეტრზე მაღალი შენობებისთვის კიდევ სხვა მოთხოვნები დაწესდა. ასეთ ნაგებობებს დამატებით კიდევ ერთი დამოუკიდებელი გასასვლელის შექმნა მოეთხოვებათ.
„აიჯიეს ჯგუფის“ დამფუძნებელი, უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტი შოთა გუჯაბიძე კი აცხადებს, რომ უკვე ამოქმედებული და ასამოქმედებელი რეგულაციებით, იპოთეკური სესხის პირობების შეცვლით, დოლარის კურსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ფასი ნამდვილად გაიზრდება, თუმცა - ნელი ტემპით.
„გაძვირებას ახასიათებს ფრთხილი და ძალიან ნელი დინამიკა, როცა საუბარია ისეთ მყარ რამეზე, როგორიც უძრავი ქონებაა. რაც შეეხება კლებას, აქ ნამდვილად შეიძლება იყოს შოკური ეფექტით უეცარი ფასის დავარდნა.
მომავალ თვეებში უძრავი ქონების ერთბაშად გაძვირება ნაკლებად სავარაუდოა. ღირებულება ნამდვილად გაიზრდება ობიექტური ფაქტორების გამო, მაგრამ, ალბათ, ბევრად უფრო ნაკლები ტემპით. გაძვირებას განაპირობებს რეგულაციები, იანვრიდან ასამოქმედებელი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის ცვლა, რომელიც იპოთეკურ სესხებსაც შეეხო, დოლარის კურსი და ა.შ.
დღევანდელი დინამიკა იმგვარია, რომ ფასი მიდის ზრდისაკენ და ეს გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოოდ, ფასში აისახება 2-3 წლის შემდგომ პერიოდში. ეს არ ნიშნავს, რომ იქამდე უძრავი ქონების ფასი არ მომიმატებს, გაძვირება იქნება ნელი და სტაბილური ტემპით“, - აცხადებს გუჯაბიძე.