„საფრანგეთს ახსოვს პურის ბუნტი, დღეს კი პურის ბუნტის როლი საწვავმა შეასრულა“

„საფრანგეთს ახსოვს პურის ბუნტი, დღეს კი პურის ბუნტის როლი საწვავმა შეასრულა“

რევოლუციის მოყვარე ფრანგებს მღელვარე დღეები დაუდგათ და ქარიზმატული და, ასევე, მღელვარე დონალდ ტრამპიც მათ გვერდითაა თავისი „ტვიტერით“.

მას შემდეგ, რაც ფრანგებმა მოითხოვეს, „ჩვენ გვინდა ტრამპი“, ამერიკის პრეზიდენტმაც არ დააყოვნა და სიყვარულში გამოუტყდა ჟანა დ არკის მშობელ ერს - „მიყვარს საფრანგეთი“.

ამ სიტყვებთან ერთად დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმება და აღნიშნა, რომ პარიზის შეთანხმება პარიზისთვის აშკარად კარგად არ მუშაობს, რადგან მთელ საფრანგეთში აქციები და არეულობაა. ხალხს არ სურს დიდი ოდენობით ფულის გადახდა მეტწილად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომელთა მმართველობებიც საეჭვოა იმისთვის, რომ გარემო დაიცვან.

დონალდ ტრამპის თბილ სიტყვებს ფრანგი ხალხის მიმართ უპასუხოდ არ ჩაუვლია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ამერიკის ლიდერს, საფრანგეთის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს, რადგან საფრანგეთი არ ერევა ამერიკის შიდა საქმეებში.

იმასაც ამბობენ, რომ საფრანგეთში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა რუსული კვალი იკითხებოდეს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ უკვე სამ კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი, რომელთაც ყვითელი ჟილეტები აცვიათ, საპროტესტო აქციებს მართავს საწვავის გაძვირების გამო. დემონსტრანტები საწვავის გაიაფების გარდა გადასახადების შემცირებასა და მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ. 1-ელ დეკემბერს „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია პარიზში პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა, დაშავდა 230 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც.

პროტესტანტებმა უკვე მოითხოვეს ემანუელ მაკრონის გადადგომა. ისინი ბარიკადებს აწყობდნენ ელისეს მინდვრებზე, არბევდნენ მაღაზიებს, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. პოლიციაც მათ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით პასუხობდა.

საფრანგეთის მთავრობა საწვავზე გადასახადის გაზრდის იდეას იცავს და სანაცვლოდ პირობას დებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შეძენისთვის სუბსიდიებს გასცემს.

დადგა თუ არა საფრანგეთში ქარიზმატული, არაპროგნოზირებადი ტრამპისნაირი ლიდერების დრო და უარს ამბობს თუ არა საფრანგეთი ბანკირ მაკრონზე?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფრანგმა სოციოლოგებმა უკვე იმის მეცნიერული შესწავლა დაიწყეს, რაც მოხდა საფრანგეთში. მათი დასკვნა ასეთია, რომ საფრანგეთის მოვლენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საფრანგეთისა და მთლიანად ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კერძოდ, რა იყო ეს ჯანყი? ესენი არ იყვნენ არც მემარჯვენეები, არც მემარცხენეები, „ყვითელი ჟილეტები“ არ წარმოადგენდნენ არც ჟან-ლუკ მელანშონს, ანუ საფრანგეთის მემარცხენე ძალას, არც მარი ლეპენს, ანუ მემარჯვენე ძალას. ეს იყო ჟაკერია, პურის ბუნტები, რომელიც საფრანგეთს ახსოვს მე-17 საუკუნესა და მე-18-ს დასაწყისში, მაგრამ დღეს პურის როლი იქ საწვავმა შეასრულა. საფრანგეთს პირველად ჰყავს მილიონერი პრეზიდენტი, რომელიც დაშორდა ხალხს და მას წარმოდგენა არ აქვს, ხალხს რა უნდა.

„საფრანგეთის ყველა უბედურებისა და გასაჭირის უკან დგას ორი მონსტრი - ერთია, ბანკები და მაკრონის ნეოლიბერალური პოლიტიკა და მეორეა, უზომოდ გაზრდილი სოციალური ხარჯები, განსაკუთრებით, ჩრდილო აფრიკიდან მოზღვავებული ადამიანების, ანუ მიგრანტების ხარჯები. ნორვეგიასავით მდიდარი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ეს ხარჯები აიტანოს. თუმცა ნორვეგიაშიც უკვე დაიწყო ფაშისტური გამოსვლები, ნაციონალისტური გამოსვლები მიგრანტებისთვის კარის გაღების საწინააღმდეგოდ. არავის სურს, მერკელივით კატასტროფული შეცდომა დაუშვას, როდესაც მერკელმა კარი გააღო და თქვა, რომ გერმანიის კარი ღიაა, ჩვენ მზად ვართ, მილიონი მიგრანტი მივიღოთო. ეს განცხადება მერკელმა თავის სატკივარად გაუხადა მთელ ევროპას. მერე თვითონვე აღიარა, რომ მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადა. ცხადია, მიგრანტებს არ სურთ გახდნენ ევროპელები, არც ფრანგულის სწავლა უნდათ, არც გერმანულის შესწავლა, არც სამსახური უნდათ, ელემენტარულად, მათ სურთ, სახელმწიფომ შეინახოს. ჩადიან ევროპაში, ხდებიან მათი მოქალაქეები, ან არამოქალაქეები და ჩაჰყავთ კიდევ 18-20 სული ნათესავი და ახლობელი.

საფრანგეთში სულ სხვა მდგომარეობაა. მართალია, სოციოლოგები წერენ, რომ უზომოდ გაზრდილია ბიუროკრატიული აპარატი, მაგრამ იქაური ჩინოვნიკის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1636 ევროა, ხოლო მუშის ხელფასი 1750 ევროა. საქართველოში კი პირიქითაა, ნახეთ, ჩვენი მუშის ხელფასი, სადღაც მშენებლობაზე რომ მუშაობს, რამდენად მიზერულია და ამ დროს მერიაში 2000 და 3000 ლარის ოდენობით საშუალო ხელფასები აქვთ. სამინისტროებში დეპარტამენტის მოადგილეებს კი რამხელა ხელფასი აქვთ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მანვე განმარტა, რომ, მართალია, მაკრონის გადადგომას მოითხოვენ ფრანგები, მაგრამ მაკრონი დე გოლი არ არის, რომ ასე ადვილად გადადგეს. დე გოლმა, როგორც კი შეატყო, რომ ფრანგებს ის აღარ უნდოდათ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ ავალებდა გადადგომას, რეფერენდუმი მაინც მოიწვია და, როცა ნახა, რომ 11 მილიონმა ფრანგმა არ მისცა ხმა, თქვა, „ჩემი კონტრაქტი ფრანგებთან გაწყდა, ფრანგებმა მე თავი მომაბეზრეს, მე კი ფრანგებს მოავაბეზრე თავი“.

სოსო ცინცაძის მოსაზრებით, მაკრონი ამას არასდროს იტყვის, თანაც, იგი ერთი წელია, რაც პრეზიდენტია. რასაკვირველია, ამ სიტუაციით სარგებლობს დონალდ ტრამპი, რადგან ტრამპი გაცოფებულია ევროპაზე ირანის გამო.

„ყველა ქვეყანა საქართველოს მსგავსად არ იქცევა. აგერ, ჩამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ჩვენთან და იმის მერე ზოგიერთი ირანელი არ შემოუშვეს, ვიღაცები დააპატიმრეს. ფრანგებმა კი თქვეს, ჩვენ ირანთან ვაჭრობა გვაწყობს, ირანის ნავთობიც გვჭირდება და ირანი კარგი პარტნიორია, ფული აქვს, რესურსები აქვს, ნავთობი აქვს. ვფიქრობ, ბოლო წუთამდე მაკრონი შეეცდება, როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლება, თვითონ მმართველ წრეებსაც ეს არ აწყობთ, რადგან მაკრონის გადადგომა ნიშნავს, რომ მოვლენ ან მემარცხენები, ან მემარჯვენეები. მაკრონის მომყვან ძალებს კი არც ერთი აწყობთ, არც მეორე. ვთქვათ სიმართლე, მაკრონი ვისი პროდუქტია? როტშილდის ბანკის პროდუქტია, ბანკირებს არ აწყობთ მისი გადადგომა. ხომ იცით, მაინც რევოლუციის სამშობლოა საფრანგეთი. ფრანგებს, უბრალოდ, საბაბი უნდათ, დაიწყონ რევოლუცია, თანაც მაკრონს ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტური უმრავლესობა აქვს საფრანგეთის პარლამენტში, მაგრამ ვერ შველის ეს უმრავლესობა. საპარლამენტო უმრავლესობა პანაცეა არ არის“.