საქართველოს დიპლომატიური უწყება უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, საქართველოში აშშ–ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ვსაუბრობთ აშშ–ზე, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან.
როგორც ცნობოლია, Foreign Policy–ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ–ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. გამოცემა წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.
როგორც ცნობილია, ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საქართველო წლის დასაწყისში დატოვა. რამდენიმე თვის განმავლობაში ელჩი დანიშნული არ იყო და დროებით მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. 8 ნოემბრიდან კი ამ მოვალეობას ელჩი როს უილსონი ასრულებს.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საქართველოში ელჩის დანიშვნა არის აშშ–ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აშშ საქართველოს პოლიტიკური პარტნიორია და არც ერთ საკითხზე არანაირი გაუგებრობა არ შეიძლება არსებობდეს.
„რაც მთავარია, Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო. იქ ექსპერტები თავიანთ მოსაზრებებს ხშირად წერენ და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილიდან. არც ქართული მხარე და არც ამერიკული მხარე არ ადასტურებს, რომ შესაძლოა, ქართულ მხარეს ჰქონდეს რესურსი და იმის ნება, რომ აშშ–ს მიერ დანიშნული ელჩი ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაბლოკოს. ეს სტატია და მოსაზრებები სინამდვილისგან ძალიან შორს არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ყველას კარგად ესმის და საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება ჰქონდეს.
„მე მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ამას სერიოზულად აღიქვამენ, რადგან ძალიან კარგად ვიცით ყველამ, თუ როგორია შეერთებული შტატების პოლიტიკა, მისი იმიჯი. ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ყველას კარგად ესმის და საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება გვქონდეს. მე ვფიქრობ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენსა და აშშ–ს შორის ურთიერთობას, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა და ასეთი დამაზიანებელი განცხადებები არასწორია“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ხელისუფლების განმარტების მიუხედავად, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ აშშ–ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსისაქართველოს მთავრობამ დაბლოკა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, თავის მმართველობის პერიოდში ივანიშვილს გადაუდგამს მრავალი ნაბიჯი, რომლითაც ხეირობს ოკუპანტი. დეპუტატი განმარტავს, რომ აშშ–ს მთავრობა მაინც იმ პიროვნებას დანიშნავს ელჩად ვისაც მოისურვებს.
„თუმცა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ბრინქის კანდიდატურა იბლოკებოდეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ისეთ ნაბიჯს დგამს, რომელიც საქართველოში რუსული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს. თავის მმართველობის პერიოდში ივანიშვილს გადაუდგამს მრავალი ნაბიჯი, რომლითაც ხეირობს ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოში – ეს არის პრორუსული ძალების გაძლიერება, პროდასავლურ ოპოზიციასთან ბრძოლა.
ამ ინფორმაციაში სიმართლის ნატამალი რომც იყოს, შეერთებული შტატების მთავრობა მაინც იმ პიროვნებას დანიშნავს ელჩად, ვისაც საჭიროდ თვლის. ივანიშვილის მთავრობის მიმართ რომ ილუზიები არავის დარჩა ამ არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებით, სადამკვირვებლო მისიების შეფასებებით, ვფიქრობ, ძალიან ნათლად გამოჩნდა“, – აცხადებს გიორგიკანდელაკი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი. შესაბამისად, ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.
„სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიდჯიტ ბრინქსის კანდიდატურას ბლოკავს - შემაშფოთებელი სკანდალი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ მიზნებს საფრთხეს უქმნის“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.