როდესაც რაიმე მოვლენა ხდება და უცნობია, თუ ვინ დგას მის უკან, "ავტორის" ვინაობის დასადგენად, როგორც წესი, სვამენ ხოლმე კითხვას - ვის აწყობდა ეს?
საზარელი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მმართველ გუნდს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ პირველ რიგში, ამით ოპოზიცია ისარგებლებს. თუმცა საეჭვოა, რომ ამ ვიდეომასალების მოპოვება და გამომზეურება ოპოზიციის ორგანიზებით მოხდა.
კერძოდ, სახელისუფლებო სტრუქტურებში, განსაკუთრებით კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ტოტალური კონტროლის გამო, გარედან რაიმე კომპრომატის, მით უმეტეს ასეთი საზარელი ვიდეომასალის მოპოვება შეუძლებელია და ასეთი მცდელობა ძირშივე აღიკვეთება.
ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ციხე შიგნიდან გატყდება. ასეთი რამ კი რიგით ჩინოსანს არ შეუძლია. შესაბამისად, ვერსია, რომ ციხე შიგნიდან პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გატეხა, აქტუალურია და მაინცდამაინც დაუჯერებლად არ გამოიყურება.
რა თქმა უნდა, ამის პირდაპირ მტკიცება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ირიბი მტკიცებულებები. მაგალითად, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც მას სკანდალური ვიდეომასალები მიაწოდა, უთხრა, რომ ეს მერაბიშვილისგან იყო.
გლდანის ციხე,წამების ვიდეოები
ვიდეომასალები უშუალოდ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერმა, ვლადიმერ ბედუკაძემ გადაიღო. მისი თქმით, გადაღებული ვიდეომასალა მან შს მინისტრის მოადგილეს დაუტოვა, რომელიც მისი მეგობარია. ბედუკაძემ ჟურნალისტებს მისი ვინაობა არ გაუმხილა. ქვეყნის დატოვებაში კი, (ბედუკაძე ბრიუსელში იმყოფება) შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა.
არის ერთი დეტალიც, რომელიც შესაძლოა, არც თუ ისე უმნიშვნელო იყოს. სტუდენტთა აქციას რამდენიმე დღის წინ მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ. ეს ჟურნალისტი მერაბიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, შოთა უტიაშვილის მეუღლეა.
ჩნდება კითხვა - რატომ აწყობდა ასეთი სკანდალის აგორება ვანო მერაბიშვილს? ამ კითხვას პასუხობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ახალაიების კლანის განსაკუთრებით გაძლიერების ფონზე, ჯერ კიდევ შს მინისტრმა "კლანის" ერთ-ერთ ლიდერ ბაჩო ახალაიაზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო. საკითხავი ის იყო, დასჭირდებოდა თუ არა მერაბიშვილს მისი გამოყენება.
აღნიშნული ვერსიის მიხედვით, მერაბიშვილი კომპრომატების გასაჯაროების აუცილებლობაში მაშინ დარწმუნდა, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დაინიშნა. ახალაიამ მაშინვე დაიწყო შსს-დან მერაბიშვილის კადრების განდევნა, ანუ მისთვის გავლენის რეალური ბერკეტების წართმევა. შესაბამისად, პრემიერ მერაბიშვილს დაემუქრა საფრთხე, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირიდან "საქორწილო გენერლად" გადაქცეულიყო.
დღეს ეს "პრობლემა" მოგვარებულია. ბაჩო ახალაია გადადგა, "კლანმა" დიდი დარტყმა მიიღო, შს მინისტრად კი, სავარაუდოდ, მერაბიშვილის კადრი ეკა ზღულაძე დაინიშნება. ასე რომ, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება.