"დღეს საუბარი, რომ ვინმემ რამე არ იცოდა, არის კიდევ უფრო მეტი ცინიზმი ხალხის მიმართ და იმის ნიშანი, რომ არაფერი შეიცვლება ასეთ ვითარებაში. ადამიანების შეცვლა თანამდებობებზე, თუ მათი აზრთა გამრიგენი დარჩებიან საკუთარ სავარძლებში, მოგვიყვანს იმავე შედეგამდე, რისი მხილველნიც დღეს ვართ. რას აკეთებს პროკურორთა პროკურორი ადეიშვილი? რატომ არც ერთი საქმე, აღძრული ციხის მოხელეების წინააღმდეგ სწორედ ადამიანთა წამების გამო, არ მისულა დასასრულამდე - აი, ვინ არის მთავარი შემოქმედი იმ უბედურებისა, რაც ქართულ ციხეებში ხდება, ადამიანი, რომელიც ხელს აფარებს ამ უმსგავსობას, უპირველესად ყოვლისა გახლავთ სწორედ ზურაბ ადეიშვილი!" - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "სააკაშვილმა ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს!"
"რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, რასაც ჩვენ ვხედავთ, დათესილია ყველა იმ სახელმწიფო მოხელის მიერ, მათ შორის პარლამენტარების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ, რომლებიც უარყოფდნენ ასეთი ფაქტების არსებობას და რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ და მიაჩნდათ, რომ არანაირი ვალდებულება მათ ქვეყნის წინაშე არ ჰქონდათ. ამიტომ, როცა მოხსნაზე ლაპარაკობენ, ჩაუდგნენ ამ რიგს სათავეში და მოშორდნენ სახელისუფლებო მართვის სტრუქტურებს. ისეთი მამა აბრამის ბატკნების განცხადებები გამოქვეყნდა დღეს, თითქოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განკარგულებაში იყვნენ ის ველურები, რომლებიც 26 მაისს გამთენიას საჯაროდ, ყველას დასანახავად არც ვიდეოკამერებს ერიდებოდნენ, ისე უმტვრევდნენ თავ-პირს უდანაშაულო ასაკოვან მომიტინგეებს. ამაზე ვინღა აგებს პასუხს? თუ არც ეს არ იცის ბატონმა პრეზიდენტმა?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"მთავარი პასუხისმგებელი პირი არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ასეთი "ერთიანობა" ქართველი ერისთვის მიუღებელია და დაფიქრდნენ ის ადამიანები, რომლებიც ენდიასისა და აირაის მონაცემებით დღესაც ამ დამნაშავე ორგანიზაციას უჭერენ მხარს. ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ოცნება სწორედ ის არის, რომ რამე მიზეზით არ გაიმართოს პირველი ოქტომბერი. ქართველ ხალხს გონიერება არ აკლია და არ არის ახლა დრო, ემოციებს ავყვეთ. რაც შეიძლება გონივრული ნაბიჯებით უნდა ვიაროთ პირველი ოქტომბრისკენ და არ დავუშვათ ისეთი ექსცესები, რომლებიც თამამად გამოადგება ჩვენს ხელისუფლებას კონკურენტი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების დასაპატიმრებლად. პირველი ოქტომბერი უნდა იყოს დღე, რომელსაც არა მარტო არჩევანი ჰქვია, არამედ უნდა იყოს ქართველი ხალხის პასუხი სადისტებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჯერ კიდევ წინ გვაქვს ანალიზი, როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებს იმაზე, რასაც მათ ანახვებენ - რაც ჩვენ ვნახეთ, არის მცირედი ნაწილი იმ ვიდეომასალისა, რომელიც არსებობს ამ თემაზე. რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება იქნება მკაცრი. ბევრისთვის მოულოდნელია, განსხვავებით ჩვენი მოსახლეობისგან, რაც ხდებოდა საქართველოში. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ერთი სკანდალით ცნობიერება იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ შემოქმედნი ამ უბედურებისა, არ იცვლება. ბაჩო ახალაიას სადიზმზე უკვე წლებია ვსაუბრობთ, შესანიშნავად იცის პრეზიდენტმა ამ ადამიანის ხასიათი და მას ჯერ თავდაცვისა და შემდეგ შს მინისტრად ნიშნავს - ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! ახლა ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ უბედურების შემოქმედებს კვლავ მისცემს ხმას. დღეს თავშეკავება და გონივრული ქმედება არის ერთადერთი გზა იმ ცვლილებებისკენ, ურომლისოდაც მთელი საქართველო ნაციონალური სადიზმის მსხვერპლი გახდება", -დასძენს სოსო ცისკარიშვილი.