"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"არჩევნების შესაძლო გადადებას ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლების თვითგადარჩენის მცდელობას უკავშირებს. მმართველი პარტია კი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. საქართველოს კანონმდებლობით, დანიშნული არჩევნების თარიღის გადაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ განცხადება შვეიცარიიდან ახლახან დაბრუნებულმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა გააკეთა და რომელსაც ინფორმაცია ვახტანგ კომახიძემ მიაწოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიცია არჩევნების შესაძლო გადადებაზე ალაპარაკდა / "საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომა, რაც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებინებს".
"ჩავედი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის თხოვნით, რადგან მას ჰქონდა შემაშფოთებელი ინფორმაცია ხელისუფლების მორიგი დანაშაულებრივი გეგმების შესახებ. კერძოდ, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის განზრახვას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყოს ფართომასშტაბიანი პროვოკაციები, რათა ამ პროვოკაციებით სცადოს ხელიდან გამსხლტარი და დაკარგული ძალაუფლება რამენაირად შეინარჩუნოს. საქმე ეხება კონკრეტულად თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის საწყობების შექმნას. კერძოდ, ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო, თბილისის სხვადასხვა უბანში შექმნა 20 ზე მეტი ასეთი საწყობი. ეს არის 20 ბინა, რომელიც ნაყიდია და, ცხადია, არ არის თავდაცვის სამინისტროზე გაფორმებული და მათში შეზიდეს ეს იარაღი", - განაცხადა სოზარ სუბარმა. რომლის განმარტებით, "წყაროს, რომელმაც ვახტანგ კომახიძეს ეს ინფორმაცია მიაწოდა აქვს, რეალური მტკიცებულებები, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ეს დანაშაული და აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც, რომლებშიც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს უშუალოდ ბაჩო ახალაია, მისი ძმა და მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები", - აღნიშნავს გამოცემა.
"რა არის ამ ბინების შეძენის და იქ იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, ჩვენ ცხადია არ ვიცით, თუმცა ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ახალი "ტელესერიალები" რომლებიც არაერთხელ გვინახავს ამ ხელისუფლებისგან, თუ როგორ ამზადებენ "სამშობლოს მტრები" ან "რომელიმე ქვეყნის აგენტები" ფართომასშტაბიან პროვოკაციებს და ამაზე აპირებენ ახლა საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ და არჩევნების წინ საზოგადოებაში ისტერიული ფონი შექმნან და ამით სცადონ ხელისუფლების შენარჩუნება" - მიიჩნევს სუბარი. ამასთან, ის კოალიციის სახელით ამბობს, რომ მათი პოლიტიკური ძალის მიზანი არის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და არჩევნებში მონაწილეობა და "ყველანაირ სხვა გზას" გამორიცხავენ", - განაგრძობს გამოცემა.
"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი კი სოზარ სუბარს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი თქმით, კოალიციის პოზიცია რუსული სპეცსამსახურების სურვილს იმეორებს - "სუბარის სულისკვეთება რუსული სპეცსამსახურების სურვილს ემთხვევა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მმართველი პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სხვა არანაირი განცხადება არ კეთდება, ექსპერტები კი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ამ გეგმას მართლაც ამუშავებდეს", - დასძენს გამოცემა.
"ხელისუფლება ახლა კოლაფსშია და ძალიან ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებს. ამ ხელისუფლების პოლიტიკური მომავლისთვის მნიშვნება არა აქვს, არჩევნებს ახლა ჩაატარებს თუ გადადებს, რადგან შედეგის მომტანი მაინც არ იქნება. იმის მერე, რაც მოხდა, ხელისუფლება ამ საპარლამენტო არჩევნებში რომ ცალსახად დამარცხდება, ეს უკვე ძალიან ნათელია. ამიტომაც ცხადია, რომ ის თვითგადარჩენაზე დაიწყებს ფიქრს და შესაძლოა, იმაზეც იფიქროს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. არჩევნების გადადებისთვის ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. ამ ეტაპზე საომარი მდგომარეობის გამოცხადება ძნელი წარმოსადგენია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ამისთვის უფრო ბევრი საშუალება არსებობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
"პირველი არის ის, რომ საპროტესტო კერები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩნდება, ძალიან რთული სამართავია და ამით პროვოცირება ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია. მაფიქრებს თემები, რომლებიც ხელისუფლებამ შემთხვევით არ წამოწია. ეს არის პანკისის თემა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გააქტიურებული ჩრდილოკავკასიელთა მუქარა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. თეორიულად დასაშვებია, რომ ხელისუფლებამ ამ თეორიული მუქარის რეალიზაცია მოახდინოს საკუთარ თავზე იმისთვის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხალებას შეუწყოს ხელი. მესამე თემაა ის, რომ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, ქართველ სამართალდამცავებზე დაყრდნობით, რომ საქართველოს ციხეებში იგეგმება ბუნტი და მოსახლეობას პატიმრების ქუჩაში გამოსვლის ეშინია. მე ვფიქრობ, რომ ესეც საშიშროებას წარმოადგენს, რომ არ მოხდეს მსგავსი რამის ინსცენირება, თუ ეს დასჭირდა ხელისუფლებას", - განმარტავს ექსპერტი.
"ამიტომაც ყოველდღიურ რეჟიმში არის საჭირო დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობა, რათა მოხდეს ამ თეორიული დაშვებების პრევენცია. ამასთან, ვფიქრობ, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოსაც. მათ შეუძლიათ, რომ ხელისუფლებისგან მოითხოვონ ციხეებში მათი შეშვება, რადგან დადგნენ იმის გარანტად, რომ იქ არ მოხდება ბუნტი. ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად კოლაფსშია და ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომა, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. მე მესმის, რომ ახლა ემოციების მართვა, თუნდაც ისეთი ძლიერი პოლიტიკური ძალის მიერ, როგორიც არის "ქართული ოცნება", ძალიან ძნელია. მაგრამ მე შემიძლია, ღიად ვთქვა, რომ ეს იქნება მათი პირველი გამოცდა, როგორც ხელისუფალის", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ, ფაქტობრივად, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება პარალიზებული ჰყავს და რომლის ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს საკუთარი თავი. სტუდენტების დამოკიდებულება არის დიაგნოზი იმისა, რომ ხელისუფლება ამთავრებს თავის მოღვაწეობას ხელისუფალის რანგში. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად ხელისუფლების არყოფნის პირობებში ვცხოვრობთ და დარჩენილები მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, "ქართული ოცნების" სახით და მეორე ინსტიტუტის საპატრიარქოს სახით ვართ დარჩენილი, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დღეს მართონ პროცესები და საზოგადოებრივი განწყობა. ეს იქნება ყველაზე რთული გამოცდა, რისი ჩაბარებაც ამ პოლიტიკურ ძალას მოუწევს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
"მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას დაარბიონ აქცია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ და არჩევნები გადადონ. მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა. მთავარია არჩევნებამდე მივიდეთ" - მსგავს მოწოდებას უბრალო მოქალაქეების, სტუდენტების მხრიდან ინტერნეტსივრცესა თუ ქუჩაში ხშირად შეხვდებით. სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელებას საზოგადოების ცნობილი სახეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უბრალო მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. გარდა ქუჩის აქციებისა, მოსახლეობა პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ინტერნეტფორუმებზე, სადაც სიტუაციას უკვე დაერქვა "ნაციონალური წამება" და "მეორე 11 სექტემბერი", უამრავი თემაა გახსნილი, სადაც ვიდეოჩანაწერების გავრცელებას ფორუმელები სხვადასხვა კუთხით განიხილავენ. ასევე საოცარი აქტიურობაა სოციალურ ქსელებში. საპროტესტო ტალღა ასაკის განურჩევლად, ყველას მოედო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მთავარია არჩევნებამდე მივიდეთ"! / პროტესტანტები აქციებს დამოუკიდებლად გეგმავენ და პარტიებს ემიჯნებიან.
"ფორუმებზე მიმდინარეობს იმ აქციების დაგეგმვა და დეტალების შეთანხმებაც, რომლებზეც სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები ძალადობას გმობენ, პროტესტს გამოხატავენ და ამა თუ იმ მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვენ. ახალგაზრდები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ აქციებს თავად გეგმავენ და ასრულებენ და რომ ამით არც ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით არ აკეთებენ. მათ არც ის უნდათ, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან აქტივისტი აქციაზე ამა თუ იმ პარტიის მაისურითა და დროშით მივიდეს: "მაქსიმალურად შეეცადეთ გააგებინოთ ყველას, რომ "ოცნების" მაისურებით მოსვლა, არ არის კარგი საქციელი. არ უნდა გადაიზარდოს ეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდების მსვლელობაში," - წერს ერთ-ერთი ფორუმელი. ასევე, აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ცეცხლწაკიდებული ცოცხებისა და რეზინის ხელკეტების სროლა არცთუ კარგი საქციელია, ვინაიდან აქცია მშვიდობიანია და ყველას მოუწოდებენ, მსგავსი საქციელისგან თავი შეიკავონ", - აღნიშნავს გამოცემა.
"არანაირი რადიკალიზმის მოწოდება. ყველამ უნდა იგრძნოთ პასუხისმგებლობა ამ მძიმე მომენტის. ახლა რადიკალური მოწოდებები ან სიტუაციის დაძაბვა - თუნდაც მცირე ინციდენტი - ძალიან სახიფათოა. წყნარად და ცივილიზებულად საქართველო არჩევნებამდე უნდა მივიდეს და იქ დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, როგორიც უნდა იყოს" - წერს ფორუმელი. სტუდენტები ცდილობენ აქციის შემდგომი დღეები უფრო მშვიდობიანი და ეფექტური იყოს, ვიდრე პირველი დღე: "მოდულის შენობასთან რომ სამსახურს იხდიან წითელ ქუდიანები, უბრალო ბიჭები, არავინ არ მიაყენოს შეურაცხყოფა! უნივერსიტეტში რომ ვერ ჩაგვებარებინა ჩვენ ვიქნებოდით მათ ადგილას, ისინიც ჩვენთან ერთად ყვიროდნენ "საქართველო"-ს. ახლა შეიძლება პროვოკატორები გამოჩნდნენ რადიკალური მოწოდებებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აყოლა. რაღაცების სროლითა და დაძაბულობით მხოლოდ წამიერად გულს მოიფხანთ, ნუ დააყენებთ თქვენს ეგოს სამშობლოზე მაღლა", - მოუწოდებენ აქციის მონაწილეები ხალხს," - დასძენს გამოცემა
"აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ თუ მშვიდობიანი გზებით ვერ შეძლებენ პროტესტის გამოხატვას, ამას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს და არჩევნებს ჩაშლის: "მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას დაარბიონ აქცია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ და არჩევნები გადადონ. მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა. მთავარია არჩევნებამდე მივიდეთ", - აცხადებს თბილისის ფორუმის მომხმარებელი. მოსახლეობა, ძირითადად კი ახალგაზრდები, პროტესტის გამოხატვისა და ხალხისთვის აქციაზე მისვლის მოწოდებისთვის ყველა საშუალებას მიმართავენ. ჩვენ შემსწრენი გავხდით, როცა მეტროს ვაგონში, ორმა ახალგაზრდამ რვეულის ფურცელზე დაწერა და კედელზე მიაკრა შემდეგი ტექსტი: "დღეს, 3 საათზე, სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან პატიმართა მხარდასაჭერად!" - წერს სტატიის ავტორი.
2332
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85