გლდანიგეიტი

გლდანიგეიტი

გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა შეძრა ე.წ. „უოთერგეითსის" სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად აგრეთვე ფარული ჩანაწერები ედო და პრეზიდენტის გადადგომაც კი გამოიწვია. ჩვენს შემთხვევაში, ანუ გლდანის ციხესთან დაკავშირებული სკანდალის გამო, საქმე აქამდე არ მისულა. თუმცა ამის მიზეზი, შესაძლოა, 1 ოქტომბრის არჩევნები იყოს, რომელიც „ისედაც კარზეა მომდგარი" და ბევრს აქვს იმედი (არც თუ უსაფუძვლო), რომ გრადიოზული სკანდალი, რაც ამ დღეებში აგორდა, NDI-IRI-ს ყველა გამოკითხვას თავდაყირა დააყენებს. მით უმეტეს, რომ ეს პატივცემული ორგანიზაციები არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ნამდვილად ვერ მოასწრებენ გამოკითვის ჩატარებას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო თათბირზე (რომელსაც შინაგან საქმეთ მინისტრი ბაჩო ახალაია „რატომღაც" არ ესწრებოდა) მომხდარს „სისტემური გარღვევა" უწოდა. თუმცა, არა მგონია ამ ტერმინში მისი რეალური აზრი ჩაედო: „სისტემური გარღვევა" ჩვენს შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული დამანგრეველი გამოხატულება ჰპოვა და ვინმე ლადო ბედუკაძეში „განსხეულდა" სისტემური პრობლემა, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა და უფრო ფართო ფესვები აქვს, ვიდრე თვით ბედუკაძის მოტივაციაა. ამ მოტივაციას კიდევ დავუბრუნდებით, თუმცა მანამდე უნდა ითქვას, რომ გლდანის ციხის ყოფილი „კლიუჩნიკი" არის პროდუქტი წინააღმდეგობის, ანუ „სისტემური ტეხილისა", რაც წარმოიშვა ერთის მხრივ „კანონიერი ქურდების" ინსტიტუტის მოსპობის, მეორეს მხრივ კი ციხეებზე მკაცრი და უმოწყალო კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობას შორის. შეგახსენებთ: საბჭოთა ეპოქაში ადმინისტრაცია ციხეებს სწორედ ქურდების მეშვეობით აკონტროლებდა უფრო მეტად, ვიდრე „ნადზორებისა". ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევდა პოლიციას, პატრულს, ახალი ციხეების აშენებას, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ყველაზე დიდი ფული და რესურსები არა ნაგებობებზე ან ახალ მანქანებზე, არამედ იმგვარი სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა მიემართა, რისი მეშვეობით სასჯელ-აღსრულების სისტემა ბინძური მეთოდების გარეშეც მართვადი გახდებოდა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი ხარჯიც რომ ეს ყოფილიყო, მაინც სჯობდა იმ უბედურებას, რაც მოხდა, როცა „400 ლარიანი" არაკორუმპირებული ზედამხედველები ჩვეულებრივი ნაძირალები და მანიაკები აღმოჩნდნენ. ნაძირალასა და მანიაკს კი, თუ ძალაუფლებას მისცემ, აუცილებლად გამოიყენებს თავისი ბინძური ვნებების დასაკმაყოფილებლად. ქრთამი შეიძლება არც აიღოს. მით უმეტეს, რომ ამ სფეროს მკაცრად აკონტროლებლდნენ. მაგრამ განა ის რასაც ჩადიოდნენ, ქრთამის აღებაზე უარესი არ არის? ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება წარსულს ისეთი მეთოდებით ებრძოლო, რომ იმ „წყეულ წარსულს" ლეგიტიმურობაც კი შესძინო, რადგან ვერავინ იტყვის რა სჯობია: მექრთამე „კლიუჩნიკი", რომელიც ამას მაინც (!) ხელს არ მოაწერდა და ამას მაინც (!) არ იზამდა, თუ ის მანიაკი, რომელიც ქრთამს არ იღებს, მაგრამ აშკარად ტკბება უმწეო ადამიანის წამებით? გასული საუკუნის უდიდეს პოეტს, იოსებ ბროდსკის აქვს ასეთი სტრიქონი: „ქურდბაცაცა და ღორმუცელა მირჩევნია სისხლისმსმელსო". მას შემდეგ, რაც ვნახეთ, ვინ გაბედავს თქვას, რომ არ ურჩევნია? ისიც არ შეიძლება, რომ ყბადაღებულ „კანონიერ ქურდებს" ებრძოლო მეთოდებით, რომელიც ხალხს იმავე „რამკიანებსა" და „ძველ ბიჭებს" მოანატრებს, რადგან როცა ადამიანს სცემ, აწამებ, ზედ ფეხებით დგები, რათა ქურდებს შეაგინოს, ხოლო ის ყველაფერს იტანს და მაინც არ აგინებს, ძალაუნებურად გიჩნდება პატივისცემა მისი ღირებულებების მიმართ. ასეთია ადამიანის ბუნება, მისი მენტალური მიმართება ღირებულებითი სისტემისადმი ძველი რომის ექპიდან - დღემდე და ამ ისტორიულ განწყობას გლდანის ციხის უფროსი ხუჭუა ან მისი უფროსობა რა თქმა უნდა ვერ შეცვლიდნენ. გასაგებია, რომ ეს ვიდეომასალები პოლიტიკური არგუმენტი გახდა წინასაარჩევნო ბრძოლაში, მაგრამ ამას უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს! თუმცა, მეორეს მხრივ, ასევე არ გამოვა ბედუკაძის „ზნეობრივ გმირად" გამოცხადება და აი რატომ: თუ ყურადღებით დავაკვირდებით, გავრცელებული კადრები ორ ნაწილად იყოფა. პირველი (საშინელი) ნაწილი ასახავს პატიმრების ნაძირლური, უმიზეზო ცემის, დამცირების, ჩაწიხვლის სცენებს; მეორე კი, - ამაზრზენ ეპიზოდებს, როდესაც პატიმრებს აუპატიურებენ, ესე იგი ადამიანურ იდენტობას ართმევენ, ანუ ყველაზე საშინელს უშვრებიან, რაც შეიძლება ადამიანს საერთოდ დაემართოს. აი, ამ მეორე რიგის სცენებს თუ დავაკვირდებით, ოპერატორი (ესე იგი თვით ეს ვაჟბატონი, რომელიც ახლა ბრიუსელში პრეს-კონფერენციებს მართავს) აქტიურად მონაწილეობდა ყველა მათგანში. ერთ შემთხვევაში კი, ცალ ხელში კამერა უჭირავს, ხოლო მეორე ხელში - რეზინის ხელკეტი თავზე წამოცმული „პრეზერვატივით". მე მგონი ყველაზე მეტად სამართლიანი მაინც ის იქნება, რომ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დამთავრდება, დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ თვით ამ ბედუკაძის ბრიუსელიდან ექსტრადირება მოითხოვოს და სხვებთან ერთად მიუჩინოს ადგილი! იმ შემთხვევაშიც, თუ ზემდგომთა დავალებას ასრულებდა, ეს მის ბრალეულობას დიდად არ უნდა ამცირებდეს როგორც მორალური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით.