პატიმრების სასტიკი წამება - ფულის სანაცვლოდ თუ რეგულარულად?

პატიმრების სასტიკი წამება - ფულის სანაცვლოდ თუ რეგულარულად?

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვიდეომასალა, რომელიც პატიმართა წამების შემზარავ ფაქტებს ასახავს, გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული. თუმცა უწყება ვიდეოკადრებში 2 კატეგორიის დანაშაულს გამოყოფს და ყველაზე სასტიკ ფაქტებს თვითონ გადამღები ჯგუფის მიერ, გასამრჯელოს სანაცვლოდ, განზრახ ჩადენილად აცხადებს. ასეთ მიდგომას არ იზიარებს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ინფორმაციითაც, ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, საპატიმროებში უკვე დიდი ხანია ხდება. თუკი საქართველოს მთავარ პროკურორს მოვუსმენთ, პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალაში, რომელმაც საზოგადოებას მოსვენება დაუკარგა, სასჯელაღსრულების სისტემის მანკიერებას ამჟღავნებს მხოლოდ ის ფრაგმენტი, სადაც გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ პატიმრებს. დანაშაული კატეგორიებად მურთაზ ზოდელავამ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დაყო: ”კარანტინიდან პატიმრების განაწილების ფირი, სადაც ბევრი თანამშრომელი ახდენს პატიმრების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ეს არის პირველი კატეგორიის ფირი, სადაც სახეზეა სისტემური ხასიათის დანაშაული და ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.” რაც შეეხება მე-2 კატეგორიის დანაშაულს, მთავარი პროკურორის თქმით, ეს კატეგორია აერთიანებს სასტიკ ფაქტებს, დაკვეთით ჩადენილსა და გადაღებულს გლდანის მე-8 საპყრობილის ”საკნებში და სხვა ადგილებში”, რისთვისაც, მაგალითად, ამჟამად ძებნილმა ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მილიონი დოლარი მიიღო. ყოფილ მორიგე ინსპექტორთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მურთაზ ზოდელავამ ახსენა მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძეც, რომელიც ამჟამად დაკავებულია. 2-3 კაციან ჯგუფს პირობითი სახელიც დაერქვა. ”ჩვენ შეგვიძლია, რომ პირობითად გამოვყოთ და დავარქვათ ამ დანაშაულების ჩამდენ პირებს ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. ისინი ამ დანაშაულს სჩადიან ანგარებით და ისინი ამ დანაშაულს სჩადიან იმ მიზნით, რომ მასზე ასახული დანაშაული გადასცენ მესამე პირებს. განსაკუთრებული სისასტიკეც, როგორც ჩანს, მიმღები მხარის დაკვეთა იყო”, - განაცხადა 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ და იქვე დასძინა, რომ მოძალადე გადამღები ჯგუფი მესამე პირებს თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის დახმარებით უკავშირდებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროკურორის მიდგომას, რომ პატიმრების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული ძალადობა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის სათვალავზე მოდის, არ იზიარებენ სახალხო დამცველის აპარატში. როგორც პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ უთხრა 20 სექტემბერს რადიო თავისუფლებას, ვინ და რატომ გადაიღო საზოგადოებისთვის ნაჩვენები შემზარავი კადრები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ეს ”მეათეხარისხოვანი” საკითხია, რადგანაც ასეთი ფაქტები ყოველთვის მრავლად მოიძებნებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში: ”ასეთი ფაქტები ამ გადაღებების წარმოებამდეც, რამდენიმე წლით ადრეც ხდებოდა და ხდებოდა რეგულარულად.“ რადიო თავისუფლება: მათ შორის, გაუპატიურების ფაქტებზეც ბრძანებთ? „დიახ. თუმცა ეს იქნება ყველაზე ძნელი მოსაპოვებელი ინფორმაცია, რადგანაც ძალიან ბევრი პატიმარი, რომელსაც ეს გადახდენია, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკისგან დღემდე შეიკავებს თავს.“ რადიო თავისუფლება: მაგრამ ასეთი ფაქტები ხდებოდა... „რა თქმა უნდა.“ რადიო თავისუფლება: ... და სახალხო დამცველის აპარატი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას? პატიმრების სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სიმრავლეზე თავად ვლადიმერ ბედუკაძეც ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ბელგიაში მყოფი ძებნილი არ უარყოფს, რომ ვიდეომასალა, რომელმაც საზოგადოება ბოლო დღეებში ასე აღაშფოთა, მართლაც მისი გადაღებულია და რომ ის დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში საპყრობილის ხელმძღვანელის მითითებით მოქმედებდა, რომელსაც, თავის მხრივ, ამას ვიღაცები ”ზემოდან” ავალებდნენ. ”ვიდეოკამერა მომცა პირადად უშუალოდ საპყრობილის დირექტორმა. რა თქმა უნდა, დაწესებულებაში ვიდეოკამერით გადაღება, კანონის თანახმად, აკრძალულია, მაგრამ, დირექტორის სიტყვიერი თანხმობით, ნებართვა მომეცა გადამეღო „საინტერესო“ კადრები, მათთვის საინტერესო კადრები „ზემოთ“სანახავად... ახლა ის ”ზემოთ” ვინ არის და ის ”საინტერესო”, უკვე ნახეთ, რაც არის”, - განაცხადა ბედუკაძემ 19 სექტემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში. 20 სექტემბერს კი მედიაკავშირ ”ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა - კიდევ ერთი დაკავებულის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შესახებ: ”ბატონი სერგო თეთრაძის გარდაცვალება, რომელიც არის დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელიც პირადად, უშუალოდ მოკლა... გაუპატიურებაში შემოაკვდა ალექსანდრე მუხაძეს. დამკვეთი არის ახალაია და მეგის ქარდავა, ხოლო შემსრულებელია ალექსანდრე მუხაძე.” აფხაზეთის ომის ვეტერანი, სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა გასული წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თეთრაძის სიკვდილთან დაკავშირებით განგაში მალევე ატეხა კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ - ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და საპროტესტო აქციაც გამართა. 20 სექტემბერს ალასანიამ თქვა, რომ სერგო თეთრაძე ღირსების დაცვისთვის ბრძოლას შეეწირა.