"აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური სპეკულაცია ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნათქვამი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია აშშ-სა და ევროპაში ძალიან დადებითად ხასიათდება და მას რეფორმატორად მოიხსენიებენ. ამასთან ერთად, წიკლაური ასევე აცხადებს, რომ ყოველივე იმასთან რაც დღეს ხდება, ბაჩო ახალაიას არავითარი კავშირი არ აქვს.
"მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც დადგა ქალბატონ კალმახელიძესთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი და სწორი და იმას რასაც დღეს ითხოვენ, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ არ ვცდები, ბაჩო ახალაია 2007 წლიდან საერთოდ არ მუშაობს ამ სისტემაში, იგი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ მინისტრად მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი მუშაობა თავდაცვის სამინისტროში შეფასებული არის აშშ-ში და ევროპაში, როგორც ძალიან დადებითი და ძალიან პროგრესული და ის მოიხსენიება რეფორმატორად, ხოლო ეს საუბარი ახლა იმაზე რომ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ეს არის უბადრუკი მცდელობები ხელისუფლების შესუსტებისა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნუგზარ წიკლაური.