მამა დავითი: თუ ხელისუფალი ცდება, ეკლესიამ ის აუცილებლად უნდა ამხილოს

მამა დავითი: თუ ხელისუფალი ცდება, ეკლესიამ ის აუცილებლად უნდა ამხილოს

ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს!

წმინდა იუსტინე (პოპოვიჩი)

წმინდა სინოდის განჩინების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ გამოხატავს და სასურველი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მრევლსაც მოუწოდებს. როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული სასულიერი პირი და როგორი უნდა იყოს ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა, «საქართველო და მსოფლიოს» თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა დავითი (ქვლივიძე) ესაუბრება.

_ მამაო, მიუხედავად იმისა, რომ, წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აეკრძალათ, ბევრი მათგანი კვლავ ღიად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და საეკლესიო ქადაგებისას საარჩევნო აგიტაციასაც არ ერიდება. მაგალითად, ახლახან გავრცელდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ქადაგების ვიდეოკადრები. რამდენად მართებულია სასულიერო პირის მხრიდან ასეთი საქციელი?

_ წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეკლესიის მოვალეობაა ერის შეკრება და არა გაყოფა. მრევლში შეიძლება ზოგიერთი «ნაციონალური მოძრაობის», ზოგიერთი «ქართული ოცნების», ზოგიერთი კი სხვა პარტიის მხარდამჭერი იყოს და, როდესაც მღვდელი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს აშკარად გამოხატავს, ეს თავად მრევლში გამოიწვევს არეულობას. ამიტომ, ვფიქრობ, სასულიერო პირმა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის შესახებ ამბიონიდან არ უნდა იქადაგოს.

საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა ეკლესია ერეოდა პოლიტიკაში და მეფე ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეკლესიასთან ერთად წყვეტდა. მაგალითად, გიორგი ჭყონდიდელი არამარტო დავით აღმაშენებლის სულიერი მამა იყო, არამედ ის ქვეყნის პოლიტიკას წარმართავდა. როცა ბასიანის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ, თამარ მეფესთან სარდლები მივიდნენ და სთხოვეს, უქმად ყოფნით დავიღალეთ, გვაკურთხე და იერუსალიმს ჩაგაბარებთო, თამარმა უპასუხა, ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ, ეპისკოპოსებს უნდა ვკითხოო. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება კი, მოგეხსენებათ, დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოიწვიეს. ეკლესიიის ფუნქცია ყოველთვის იყო მართლმადიდებელი მეფის გარშემო ერის გაერთიანება.

_ უნდა ემორჩილებოდეს თუ არა ეკლესია და საზოგადოება ხელისუფალს?

_ ეკლესიის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ ძალიან კარგად განმარტავს წმინდა იუსტინე (პოპოვიჩი), რომელიც ამბობს «ხელისუფლება არის ღმერთისგან, ფასეულობათა იერარქია და წესრიგის იერარქიაც ღვთისმიერია, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ვემორჩილებოდეთ ვითარცა ამქვეყნად ღვთივმონიჭებული წესრიგის მარეგულირებელს და მცველს. სხვაგვარად ყველაფერს ქაოსი და ანარქია მოიცავდა. მაგრამ ხელისუფალთა მორჩილება მანამ გვმართებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესრიგს იცავენ; სანამ ისინი ღვთის სამსახურში არიან; სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უპყრია... მაგრამ, როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკეთის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთი ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყურისგდება არ შეიძლება. ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს».

ყველა წმინდა მამა, ყველა მოწამე ხომ სწორედ ხელისუფალთ აწამეს, ვინაიდან ისინი ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ. გავიხსენოთ წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარე, წმინდა მარინე...

როდესაც მეფეს რაღაც შეეშლებოდა, ეკლესია ყოველთვის მკაცრად ამხელდა. გაიხსენეთ, გრიგოლ ხანძთელი როგორ მოექცა აშოტ კურაპალატს. ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გაერთიანებასა და ზნეობრიობაზე იფიქროს, ხოლო, თუ ხელისუფალი ცდება, ეკლესიამ ის აუცილებლად უნდა ამხილოს.

_ ანუ, სასულეირო პირმა საჯაროდ უნდა ამხილოს ხელისუფლება?

_ აუცილებლად. სასულიერო პირი ვალდებულია, ქრისტიანული სიყვარულით შეახსენოს ხელისუფალს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლური დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს გადასცე; არ შეიძლება ასი ათასი ქრისტიანის მოწამეობრივად აღსრულების ადგილზე _ ბუდაბარი, საპატრიარქოს გვერდზე კი კაზინო ააშენო; არ შეიძლება ქალაქში ამდენი სამეძავო სახლი და კაზინო იყოს... ეს აუცილებლად უნდა თქვას ეკლესიამ, თუ არ იტყვის, მას თავისი ფუნქცია ეკარგება.

ძალადობა არ შეიძლება. მღვდელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრას მრევლს, ვის მისცეს ხმა. ქრისტე არ ძალადობდა ადამიანებზე და სასულიერო პირმა როგორ უნდა იძალადოს მრევლზე და აიძულოს, ხმა თავის სასურველ კანდიდატს მისცეს? ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად გააჩინა, მაგრამ ის პასუხს აგებს ნებისმიერ, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მამათმავლების აღლუმების მომწყობებსა და ეკლესიის დამანგრევლებს რომ აირჩევ და მხარს დაუჭერ, ბუნებრივია, ღვთის წინაშე პასუხს აგებ.

დემეტრე თავდადებული როცა უზნეოდ იქცეოდა, ეკლესია მას ყოველთვის ამხელდა და მეტიც, მეფის საქციელით შეწუხებული პატრიარქი გადადგა კიდეც, მაგრამ, როგორც კი მეფემ შეინანა და შეიცვალა დამოკიდებულება, თავიც კი გასწირა ქვეყნისთვის, იმავე ეკლესიამ დემეტრე თავდადებული წმინდანად შერაცხა.

_ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ნათლად ჩანს, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ჟურნალისტს ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ აყენებს. რამდენად აქვს სასულიერო პირს ასეთი აგრესიის გამოხატვის უფლება, ის ხომ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ხალხისთვის?

_ მე არ მინახავს ეს კადრები, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულად აღნიშნულ ფაქტზე საუბარი. ყველაფერს გამოკვლევა სჭირდება _ რა და როგორ მოხდა, მაგრამ ჩემი პოზიცია ნებისმიერ დასმულ კითხვაზე ასეთი იქნება: ეკლესიის პოზიცია არის შერიგება. ასეთი ფაქტები კი თავად ეკლესიისთვის იქნება საზიანო. ეკლესია დედაა, დედა კი, რაც უნდა ცუდი შვილი ჰყავდეს, ყველას გულში იკრავს. ვფიქრობ, ეკლესიაში ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა უთხრას მღვდელს, ეს უკანასკნელი მაინც ყველას უნდა მოეფეროს. ვიღაცას შეიძლება რაღაც შეეშალოს, არასწორად მოიქცეს, მაგრამ სასულიერო პირმა თავი უნდა დაიმდაბლოს და ის ადამიანი ეკლესიიდან სულიერად სავსე გაუშვას. საქართველოს ეკლესიას არასდროს უღალატია ერისა და ქვეყნისთვის და ყოველთვის საქართველოს, ეროვნულობის, ზნეობრიობისა და ტრადიციების სადარაჯოზე იდგა.

_ კულუარული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ახალ პატრიარქს ამზადებს. სახელდება ორი კანდიდატურა: ჭყონდიდის ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ დაახლოებით ათი წლის წინათ საპატრიარქოში შევხვდით ერთ-ერთ მღვდელს, რომელსაც ცილი დასწამეს, თითქოს მის ძმას პატრიარქობა სურდა. მაშინ პატრიარქმა დაგვამშვიდა და იერუსალიმის პატრიარქ დიოდოროსის მაგალითი მოიყვანა, მის დროსაც მრავალს სურდა პატრიარქობა და ათასგვარ ხრიკებსაც მიმართავდნენ, მაგრამ ყველა გარდაიცვალა და დიოდოროსი დარჩაო. ამიტომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ საუბრებს, ღმერთს ვინც უნდა, მაინც ის იქნება მომავალი პატრიარქიო.

ასე რომ, იმაზე მსჯელობა, ვის უნდა პატრიარქობა, არასერიოზული მგონია. თავად უფალი წყვეტს, ვინ უნდა გახდეს პატრიარქი. ჩვენ კი უნდა ვილოცოთ, რათა ჩვენმა პატრიარქმა კიდევ დიდხანს მართოს ეკლესია, ვინაიდან, ვფიქრობ, არასდროს საქართველოს ასე არ დასჭირვებია პატრიარქის პიროვნება, როგორც დღეს... უწმინდესი არის ქვეყნის დედაბოძი. ყველა, მტერი და მოყვარე ცდილობს, პატრიარქის წინაშე ქულები დაიწეროს. მეტსაც გეტყვით, ურწმუნო ხალხსაც კი უყვარს პატრიარქი, ის იმდენად დიდი პიროვნებაა.

_ რამდენიმე დღის წინ, ბაგრატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, პატრიარქმა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ფოთის და ხობის ეპისკოპოს მეუფე გრიგოლთან დაპატიჟა, რომელსაც ახლახან მომხდარი სკანდალური ფაქტი უკავშირდება. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაოცება და აღშფოთება გამოიწვია...

_ პატრიარქი ყოველთვის ცდილობს, ეკლესია თავის ფუნქციებს დაუბრუნოს. ეკლესიაში ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო შეიძლება ყველაფერი კატასტროფულად დამთავრდეს. პატრიარქმა იცის, რა უნდა გააკეთოს.

_ მეუფე კალისტრატემ, რომელიც ხშირად ადარებს მიხეილ სააკაშვილს დავით აღმაშენებელს, ბაგრატის ტაძრის კურთხევის დღეს პრეზიდენტი ჯვრითა და აღმაშენებლის მედლით დააჯილდოვა. რამდენად მართებულია მიხეილ სააკაშვილის დავით აღმაშენებელთან შედარება?

_ დავით აღმაშენებელი ერის სულიერი მამა იყო და, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეები აღმაშენებლის საქმეებს ემთხვევა, როცა დავითის დროს პირველ ადგილზე სარწმუნოება და ზნეობრიობა იყო, მაშინ შეიძლება შევადაროთ. დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში წერია, რომ ის იმდენად წესიერი კაცი იყო, მისი შემხედვარე მეძავები სირცხვილით აღარ მრუშობდნენო. ნებისმიერი ხელისუფალი ასეთი უნდა იყოს _ ზნეობრიობას იცავდეს, მამათმავლების აღლუმებს არ უნდა აწყობდეს, ტელევიზორში დილიდან საღამომდე გარყვნილების პროპაგანდა არ უნდა მიმდინარეობდეს. სკოლებში სექსუალური განათლების გაკვეთილები არ უნდა ტარდებოდეს და მაშინ შეიძლება დავით აღმაშენებელს შევადაროთ.

_ მსოფლიო მღელვარებამ მოიცვა, ფილმმა «ისლამის უცოდველობა» მუსლიმანების აღშფოთება გამოიწვია. არის ეს ყველაფერი რელიგიის შეურაცხყოფა თუ ეს ხელოვნებაა და ამაში ეკლესია არ უნდა ჩაერიოს?

_ დავით აღმაშენებელი იჯდა და მუსლიმან ხოჯებსა და მონოფიზიტებს ეკამათებოდა, უმტკიცებდა მათი სარწმუნოების მცდარობას და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას ქადაგებდა, მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ეს ფილმი, «ისლამის უცოდველობა», არ არის ხელოვნება, ეს არის შეურაცხყოფა. თუ გინდა, ეს ადამიანები მოაქციო და სწორ გზაზე დააყენო, ეს სიყვარულით უნდა გააკეთო, აუხსნა მას სარწმუნოების არსი. საერთოდ, ვფიქრობ, ეს შემთხვევა ინსპირირიებული იყო, რათა არეულობა გამოეწვია.

_ ვის მიერ იყო ინსპირირებული?

_ ფილმი «ისლამის უცოდველობა» და ყველაფერი, რაც ამ ფილმს მოჰყვა, ინსპირირებული იყო იმ ძალების მიერ, რომელთაც მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე ომის დაწყება სურთ, რათა მერე კოსმოპოლიტიზმი, ეკუმენიზმი და მოდერნიზმი თავისუფლად იქადაგონ. წარმოიდგინეთ, მუსლიმანებმა მუჰამედის შეურაცხყოფის გამო რა გააკეთეს და საქართველოში უდანაშაულო ბიჭები, რომელთაც ღვთისმშობლის შეურაცხყოფის გამო, უბრალოდ, საკუთარი აზრი გამოთქვეს, დაიჭირეს.

_ ტელეკომპანია «კავკასიის» ინციდენტის შემდეგ დაჭერილი ბიჭების პროცესებს ესწრებოდით. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა საპატრიარქოც, რატომ ვერ მოხერხდა მათი გათავისუფლება?

_ იმიტომ, რომ ისინი რამდენიმე ადამიანის პირადი პატიმრები არიან.

_ ვის გულისხმობთ, ვისი პირადი პატიმრები არიან?

_ არიან ადამიანები, რომლებსაც ხელეწიფებათ ადამიანების როგორც დაჭერა, ისე გამოშვება. ეს ბიჭები ზნეობრიობასა და ტრადიციებს იცავდნენ, ზოგიერთებს კი ეს არ მოეწონათ. თავად ნინო ჯანგირაშვილმაც განაცხადა, ეს ბიჭები დამნაშავეები არ არიან, გადაცემის მსვლელობის დროს ჩვეულებრივი კამათი მიმდინარეობდაო, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. სასამართლო პროცესი 2 თვე გრძელდებოდა. ბრალდების მხარემ სასამართლოზე 6-საათიანი ვითომ სამხილებელი ფირი წარმოადგინა, რომელზეც ამ ბიჭების მხრიდან ვინმეს მიმართ არათუ ხელით შეხება, გინებაც კი არ არის დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, ისინი დღემდე საპატიმროში რჩებიან. ეს ბიჭები რელიგიური პატიმრები არიან.