"გულახდილად გითხრათ, მე ის უფრო მაფიქრებს, რა მოხდება არჩევნების შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში - პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. ძნელი წარმოსადგენია, თავის შეუმცდარობასა და განსაკუთრებულ ისტორიულ მისიაში დარწმუნებულმა ხელისუფლებამ იოლად დათმოს", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფირალიშვილი: ძალადობა დღევანდელი ხელისუფლების სტილია.
"ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სრულიად გულახდილი ცინიზმით იქცევიან და ვერ ხედავენ, რომ არსებობს უკვე კრიტიკულად დიდი ოდენობა ადამიანებისა, ვისაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ სიტუაცია არ შეიცვალოს. ყველანი ვხედავთ, რომ სიტუაციის ესკალაციას თავად ხელისუფლება ცდილობს, რადგან მას ახლა ქაოსი თუ გადაარჩენს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის მხოლოდ უპასუხისმგებლო ერთეულები თუ ისურვებენ პროცესების რევოლუციურ განვითარებას. ადამიანების კრიტიკულად დიდი რაოდენობა უკვე ბალანსირებული პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ალტერნატივათა არსებობის მომხრეა და არა - რევოლუციისა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს ამაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
"არც ერთ ქართულ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებით არ მიუყენებია საკუთარი მოსახლეობისათვის იმდენი შეურაცხყოფა, რამდენიც - დღევანდელმა. დასაშვები გახდა ბევრი ისეთი რამ, რის უფლებასაც საკუთარ თავს არ აძლევდა არც გამსახურდია და არც შევარდნაძე. მე განსაკუთრებით პრობაციონერებისა და მასწავლებლების გამოყენების ფაქტმა შემძრა. მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეიძლებოდა აზრად მოსვლოდა ამ ხალხის დამრტყმელ პოლიტიკურ ძალად გამოყენება. გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა საბუთია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოების მიმართ, რომ მისი მრავალი წარმომადგენლისათვის ჩვენი საზოგადოება მხოლოდ მასალაა, რომელსაც თუნდაც უკიდურესი ძალადობით უნდა მისცე ადამიანური, მათი ტერმინებით, "ლიბერალურ-დემოკრატიული" სახე. ასეთი რამ ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი იშვიათად ხდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ერთი რამ ცხადია: 2007 წლის 7 ნოემბერს დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს ისტორიის წინაშე გამოუტანა განაჩენი. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, მთლიანად საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჰიპერტროფირებული პიარის რეჟიმში გადასულიყო. მართალია, იგი შეეცადა, ვითარება 2008 წლის აგვისტოში შეეცვალა, მაგრამ კიდევ უფრო დაიმძიმა მდგომარეობა, თუმცა კი - ყველა ჩვენგანის ხარჯზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. 2011 წლის 26-მა მაისმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველივე ამას. ამის შემდეგ უკვე დაუფარავი, ცინიკური და კარნავალური ავტორიტარიზმისათვის რჩება ადგილი და, მოგეხსენებათ, ამასაც შევესწარით", - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
"ნუთუ ჩვენი მესვეურები ვერ გრძნობენ, რომ პოლიტიკურ ჩიხში არიან და რომ ისტორიის კიდევ უფრო მძიმე განაჩენს უმზადებენ საკუთარ თავს იმით, რომ ვერ ეშვებიან "ბოლომდე მიწოლის" იმ ტაქტიკას, რომელიც მათ საკუთარმა ლიდერმა შესთავაზა? როგორც ჩანს, მათ არ აღმოაჩნდათ იმის ინტელექტუალური რესურსი, კარგად გაეაზრებინათ, თუ რა სჭირდება ახლა ქვეყანას და რა სჭირდებათ ახლა თავად მათაც. აშკარაა, რომ მათი ეროვნული პროექტი ჩიხშია შესული და სახალხო მხარდაჭერას ვეღარ იმსახურებს. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ ბევრი ადამიანის თვალში დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზებული სამყაროსაკენ ორიენტაციის იდეები გაცვითეს", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.
"ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პრობაციონერებს კი არ იშველიებენ, არამედ უკან იხევენ, ფასადს იცვლიან და ახალი ნახტომისათვის ემზადებიან. აშკარაა, დღევანდელი ხელისუფლება ჯერაც 2003 წლის რევოლუციისა და მავანთა პიროვნული მესიანიზმის ტყვეობაშია. არ დაიჯეროთ, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს ნაკლები მესიანიზმი ახასიათებთ. უბრალოდ, მათ ისწავლეს შენიღბვა, ისწავლეს ისე მოქმედება, რომ ეროვნული ინტერესები არ იქნას შელახული. ამის ნაცვლად კი მათ პოლიტიკური მითოლოგემების შეთხზვა და თავის ამით გამართლება დაიწყეს. რამ შეიძლება გაამართლოს პატიმართა წამება და არაბუნებრივი სიკვდილიანობა ჩვენს ციხეებში? რამ შეიძლება გაამართლოს სოფლის მიტოვება ან დევნილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის? ცხადია, ვერც სამართლებრივად და ვერც მორალურად ამას ვერ გაამართლებ. მისი გამართლება მხოლოდ მასმედიის ტოტალური კონტროლითა და იმ მითოლოგემით შეიძლება, რომლის შეთხზვაც ივანიშვილის შესახებ დაიწყეს პოლიტიკაში მისი გამოჩენისთანავე: საბჭოეთის მოტრფიალე, პუტინის აგენტი, წარსულის მომბრუნებელი და ასე შემდეგ", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.
"ასე ცდილობენ გამოიწვიონ ის ირაციონალური ემოციები, ნებისმიერ სისაძაგლეს რომ გაამართლებს. ამით ჩვენმა თითქოსდა დასავლური ღირებულებების მოტრფიალე ხელისუფლებამ თავად გაიყვანა ქართული პოლიტიკა რაციონალური აზრისა და სამართლიანობის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, ბევრი განსჯა არ უნდა იმას, თუ რამდენად ემსახურება ამგვარი პოლიტიკური ქცევა თუნდაც ლიბერალური დემოკრატიის ზოგად ინტერესებს, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ინტერესებზე რომ არც ვილაპარაკოთ. უსამართლობის დაკანონება უფრო მეტია, ვიდრე დანაშაული", - აცხადებს ფილოსოფოსი და შეკითხვას - "დღეს საზოგადოება შეძრულია საპატიმროებში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, როგორ აისახება იგი წინასაარჩევნო განწყობილებებზე?"
"ძნელი წარმოსადგენია, რომ რიგითმა მოქალაქეებმა დაიჯერონ სახელისუფლებო ვერსია, თითქოს წამება და მისი გადაღება ვიღაცის მიერ საგანგებოდ იყო ორგანიზებული. ჩვენ რომ არაფერი გვცოდნოდა ამგვარი ფაქტების შესახებ წარსულში, ჩვენ რომ არ გვცოდნოდა პატიმართა სიკვდილიანობის შესახებ, რომ არ გვენახა უდანაშაულოდ მოკლული ადამიანები, მანიფესტაციათა დარბევა და სხვა მრავალი, კიდევ შეიძლებოდა ვნდობოდით სახელისუფლებო ვერსიას. მაგრამ ძალადობა რომ დღევანდელი ხელისუფლების სტილია, იმდენად კარგად ვიცით, მართლებიც რომ იყვნენ, არ დავუჯერებთ. მოკლედ თუ ვიტყვი, ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეამცირა ხელისუფლების მიმართ ნდობა და მრავალი ნეიტრალური ადამიანი აიძულა, საკუთარი პოზიცია შეემუშავებინა".