"2001 წლიდან ვმუშაობ სასჯელაღსრულების სისტემაში, 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალაია დაინიშნა ხელმძღვანელად, სისტემაში დაიწყო პატიმრების საშინელი წამების ციკლი. გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტის სიტყვები - "ნულოვანი ტოლერანტობა", "ყველანი ციხეში" და ისიც კარგად გემახსოვრებათ, როცა პრეზედენტი ამბობდა, აი, როგორ გაქაჩა ახალაიამ. მინდოდა დამენახვებინა ხალხისთვის, როგორ "გაქაჩა" ახალაიამ და ხალხისთვის ყველაფერი ნათელი გამხდარიყო", - აცხადებს პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად ბრიუსელში მყოფი ძებნილი ვლადიმერ ბედუკიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო ბედუკიძე: "მე ვიტყვი გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით ინფორმაციებსაც და რეალურად დავადებ ხელს დამკვეთებსა და შემსრულებლებს. იმ ოჯახებს კი ბოდიშს მოვუხდი, ვისი ოჯახის წევრებიც მოკლეს, რადგან მათ ხელახლა განვუახლებ ტკივილს!"
"ჩემს კოლეგებს სულ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა პატიმრების ასეთი წამება, ეს უკან დაგვიბრუნდება, ეს პატიმრები კანონმა დასაჯა, ღმერთმა დასაჯა, თქვენ რატომ უქმნით დამატებით პრობლემებს, რატომ აწამებთ? მაგრამ იქ სადაც მიშა ღმერთი ჰგონიათ. არ შეიძლება განსხვავებული აზრის წარმოთქმა. ამდენი წელი ვითმენდი მეგობრების, პატიმრების თხოვნით - დარჩი სისტემაში, გაუძელიო, ამ საცოდაობამ პიკს მიაღწია. მე ამ ვიდეოს ფარული და ღია მეთოდებით ვიღებდი ციხის დირექტორის მითითებით - დავალება მოდიოდა ახალაიასგან, ისინი ამაზე ხალისობდნენ და ქვედა რგოლები ამით თავიანთ უფროსებთან თავს იწონებდნენ. ის ფირები მიდიოდა როგორც ახალაიასთან, ასევე სააკაშვილთან - მეტიც, ახალაია თვითონ აჩვენებდა ამ ფირებს და იმის დემონსტრირებას ახდენდა, როგორი მაგარი ბიჭია. ციხიდან გამოვიტანე "დაბრაკული" ფირები, რომელიც ჩვენების ღირსი არ გახდა ე.წ. მაღალი საზოგადოებისთვის - იქ მიდიოდა მაღალი ხარისხის და უფრო მძაფრი ჩანაწერები!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ბედუკიძე.
"მე ავდექი და ეს დაბრაკული ფირები, სადაც კარგად არ ჩანს გაუპატიურებისა და წამების ფაქტები. ჩემთვის შევაგროვე. მე დავწერე პატაკი, ფული არ მქონდა და ქვეყნის დატოვებაში დამეხმარა შს სამინისტროს მაღალჩინოსანი. მე ველოდი დაკავებას, არ მეგონა, რომ საქართველოს დამატოვებინებდნენ, რადგან მე პატაკი მქონდა წასვლასთან დაკავშირებით დაწერილი, ისინი ასე ადვილად არ გამიშვებდნენ საზღვარზე. მინდა გითხრათ, რომ ფირები მე არ გამიტანია. არ ვიცი, ბელგიაში ფირებმა რა გზით ჩამოაღწია. არ ვაპირებდი ფირის გამოაშკარავებას, რადგან წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩასატარებელი. უცხოელების მოთხოვნა იყო, ვიდრე ბელგიაში არ ჩამოვიყვანდი ოჯახს, ამ ფირის აფიშირებსგან თავი შემეკავებინა, მაგრამ როგორც კი შს სამინისტრომ გაავრცელა ის ცრუ კადრები, როცა ორი ზედამხედველი ურტყამს ორ პატიმარს - ეს არის დადგმული სპექტაკლი - ექსტრემალურ ვითარებაში შემდეგ ჩვენი კადრებიც დაიდო. ამის საპასუხო მათ არ ჰქონდათ და ვერც ექნებათ!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"ვინც დააკავეს, აიძულებენ ჩემზე დაწერონ ჩვენება, თითქოს მე ავიღე თანხა თამაზ თამაზაშვილისგან, ასევე ასახელებენ ჩემ მეგობარ ელიზბარაშვილსაც, თითქოს ისიც ამ საქმეშია - ალბათ, ვისთვისაც გამარჯობა მითქვამს, ყველას დაემუქრებიან. ამ წლების განმავლობაში ერთ რამეს ვფიქრობდი - არ დავმსგავსებოდი იმ ხროვას. 2005 წლის დეკემბრიდან მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მან მოიყვანა თავისი ხროვა. ამ ხროვაში შედის მეგის ქარდავა, ასევ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი. მათი ჩამოთვლისგან ჯერ თავს კიდევ ვიკავებ, არ მინდა ჩემს ოჯახს ზიანი მოვაყენო, თორემ ამ გვარების დასახელების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ ჩავარდება შოკში - არ ვიცი, გაშმაგებული სააკაშვილი შემდგომ რას იზამს", - ამბობს ვლადიმერ ბედუკიძე.
"ისედაც დიდი მისია ავიღე ჩემს თავზე და არ მეგონა, თუკი ამხელა შოკს გამოიწვევდა ჩემში. მე თვითონვე ვარ ძალიან შოკირებული. მიუხედავად იმისა, წელიწადნახევრის განმავლობაში ამ ფირებს ვიღებდი და ვაგროვებდი, მაგრამ ასე ერთიანად რომ გამოაშკარავდა, ახლა უფრო მეტად ვაანალიზებ და მე თვითონ ვარ შოკირებული ამ კადრებით. ამ ფირებს რამდენიმე თვის წინ გავამჟღავნებდი, ოჯახი რომ უსაფრთხოების ზონაში გამეყვანა, მაგრამ არ მომეცა ამის საშუალება. ნამდვილად არ გვინდოდა ერთიანად გაგვეშვა კადრები, რადგან ეს საზოგადოების სრულ შოკს გამიოწვევს. ეს კადრები პირდაპირ მიდიოდა ბაჩო ახალაიასთან და ეს შემზარავი ფირებიც მის სეიფში ინახება", - განმარტავს რესპონდენტი.
"მე ვიტყვი გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით ინფორმაციებს და რეალურად დავადებ ხელს დამკვეთებსა და შემსრულებლებს. იმ ოჯახებს კი ბოდიშს მოვუხდი, ვისი ოჯახის წევრებიც მოკლეს, რადგან მათ ხელახლა განვუახლებ ტკივილს, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი ამას! მზად ვარ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას ვუპასუხო, არ გავურბივარ არც ერთ შეკითხვას. სულ ვფიქრობ, სად რა შეცდომა დავუშვი... ეს ფირები უფრო ადრე რომ გამომემზეურებინა, თუნდაც ერთი წლის წინათ, ისე გამაქრობდნენ, კაციშვილი ვერ მიპოვიდა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რეალურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დააჩქარა თქვენი გადაწყვეტილება?" - პასუხობს:
"შეიძლება ივანიშვილმა დააჩქარა ეს პროცესები, მაგრამ მე მასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ამ კადრების გამჟღავნება დააჩქარა არჩევნებმა, მსოფლიოს ყურადღება მოპყრობილია ჩვენზე და ამ კადრების გამჟღავნებას ახლა უფრო დიდი ეფექტი აქვს. ადრე ამ კადრებს ფასი არ ექნებოდა და მეც გამაქრობდნენ ჩემს ოჯახთან ერთად".
ზაზა ფირალიშვილი - "ძალადობა დღევანდელი ხელისუფლების სტილია... უსამართლობის დაკანონება უფრო მეტია, ვიდრე დანაშაული"
"გულახდილად გითხრათ, მე ის უფრო მაფიქრებს, რა მოხდება არჩევნების შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში - პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. ძნელი წარმოსადგენია, თავის შეუმცდარობასა და განსაკუთრებულ ისტორიულ მისიაში დარწმუნებულმა ხელისუფლებამ იოლად დათმოს", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფირალიშვილი: ძალადობა დღევანდელი ხელისუფლების სტილია.
"ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სრულიად გულახდილი ცინიზმით იქცევიან და ვერ ხედავენ, რომ არსებობს უკვე კრიტიკულად დიდი ოდენობა ადამიანებისა, ვისაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ სიტუაცია არ შეიცვალოს. ყველანი ვხედავთ, რომ სიტუაციის ესკალაციას თავად ხელისუფლება ცდილობს, რადგან მას ახლა ქაოსი თუ გადაარჩენს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის მხოლოდ უპასუხისმგებლო ერთეულები თუ ისურვებენ პროცესების რევოლუციურ განვითარებას. ადამიანების კრიტიკულად დიდი რაოდენობა უკვე ბალანსირებული პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ალტერნატივათა არსებობის მომხრეა და არა - რევოლუციისა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს ამაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
"არც ერთ ქართულ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებით არ მიუყენებია საკუთარი მოსახლეობისათვის იმდენი შეურაცხყოფა, რამდენიც - დღევანდელმა. დასაშვები გახდა ბევრი ისეთი რამ, რის უფლებასაც საკუთარ თავს არ აძლევდა არც გამსახურდია და არც შევარდნაძე. მე განსაკუთრებით პრობაციონერებისა და მასწავლებლების გამოყენების ფაქტმა შემძრა. მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეიძლებოდა აზრად მოსვლოდა ამ ხალხის დამრტყმელ პოლიტიკურ ძალად გამოყენება. გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა საბუთია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოების მიმართ, რომ მისი მრავალი წარმომადგენლისათვის ჩვენი საზოგადოება მხოლოდ მასალაა, რომელსაც თუნდაც უკიდურესი ძალადობით უნდა მისცე ადამიანური, მათი ტერმინებით, "ლიბერალურ-დემოკრატიული" სახე. ასეთი რამ ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი იშვიათად ხდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ერთი რამ ცხადია: 2007 წლის 7 ნოემბერს დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს ისტორიის წინაშე გამოუტანა განაჩენი. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, მთლიანად საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჰიპერტროფირებული პიარის რეჟიმში გადასულიყო. მართალია, იგი შეეცადა, ვითარება 2008 წლის აგვისტოში შეეცვალა, მაგრამ კიდევ უფრო დაიმძიმა მდგომარეობა, თუმცა კი - ყველა ჩვენგანის ხარჯზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. 2011 წლის 26-მა მაისმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველივე ამას. ამის შემდეგ უკვე დაუფარავი, ცინიკური და კარნავალური ავტორიტარიზმისათვის რჩება ადგილი და, მოგეხსენებათ, ამასაც შევესწარით", - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
"ნუთუ ჩვენი მესვეურები ვერ გრძნობენ, რომ პოლიტიკურ ჩიხში არიან და რომ ისტორიის კიდევ უფრო მძიმე განაჩენს უმზადებენ საკუთარ თავს იმით, რომ ვერ ეშვებიან "ბოლომდე მიწოლის" იმ ტაქტიკას, რომელიც მათ საკუთარმა ლიდერმა შესთავაზა? როგორც ჩანს, მათ არ აღმოაჩნდათ იმის ინტელექტუალური რესურსი, კარგად გაეაზრებინათ, თუ რა სჭირდება ახლა ქვეყანას და რა სჭირდებათ ახლა თავად მათაც. აშკარაა, რომ მათი ეროვნული პროექტი ჩიხშია შესული და სახალხო მხარდაჭერას ვეღარ იმსახურებს. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ ბევრი ადამიანის თვალში დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზებული სამყაროსაკენ ორიენტაციის იდეები გაცვითეს", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.
"ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პრობაციონერებს კი არ იშველიებენ, არამედ უკან იხევენ, ფასადს იცვლიან და ახალი ნახტომისათვის ემზადებიან. აშკარაა, დღევანდელი ხელისუფლება ჯერაც 2003 წლის რევოლუციისა და მავანთა პიროვნული მესიანიზმის ტყვეობაშია. არ დაიჯეროთ, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს ნაკლები მესიანიზმი ახასიათებთ. უბრალოდ, მათ ისწავლეს შენიღბვა, ისწავლეს ისე მოქმედება, რომ ეროვნული ინტერესები არ იქნას შელახული. ამის ნაცვლად კი მათ პოლიტიკური მითოლოგემების შეთხზვა და თავის ამით გამართლება დაიწყეს. რამ შეიძლება გაამართლოს პატიმართა წამება და არაბუნებრივი სიკვდილიანობა ჩვენს ციხეებში? რამ შეიძლება გაამართლოს სოფლის მიტოვება ან დევნილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის? ცხადია, ვერც სამართლებრივად და ვერც მორალურად ამას ვერ გაამართლებ. მისი გამართლება მხოლოდ მასმედიის ტოტალური კონტროლითა და იმ მითოლოგემით შეიძლება, რომლის შეთხზვაც ივანიშვილის შესახებ დაიწყეს პოლიტიკაში მისი გამოჩენისთანავე: საბჭოეთის მოტრფიალე, პუტინის აგენტი, წარსულის მომბრუნებელი და ასე შემდეგ", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.
"ასე ცდილობენ გამოიწვიონ ის ირაციონალური ემოციები, ნებისმიერ სისაძაგლეს რომ გაამართლებს. ამით ჩვენმა თითქოსდა დასავლური ღირებულებების მოტრფიალე ხელისუფლებამ თავად გაიყვანა ქართული პოლიტიკა რაციონალური აზრისა და სამართლიანობის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, ბევრი განსჯა არ უნდა იმას, თუ რამდენად ემსახურება ამგვარი პოლიტიკური ქცევა თუნდაც ლიბერალური დემოკრატიის ზოგად ინტერესებს, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ინტერესებზე რომ არც ვილაპარაკოთ. უსამართლობის დაკანონება უფრო მეტია, ვიდრე დანაშაული", - აცხადებს ფილოსოფოსი და შეკითხვას - "დღეს საზოგადოება შეძრულია საპატიმროებში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, როგორ აისახება იგი წინასაარჩევნო განწყობილებებზე?"
"ძნელი წარმოსადგენია, რომ რიგითმა მოქალაქეებმა დაიჯერონ სახელისუფლებო ვერსია, თითქოს წამება და მისი გადაღება ვიღაცის მიერ საგანგებოდ იყო ორგანიზებული. ჩვენ რომ არაფერი გვცოდნოდა ამგვარი ფაქტების შესახებ წარსულში, ჩვენ რომ არ გვცოდნოდა პატიმართა სიკვდილიანობის შესახებ, რომ არ გვენახა უდანაშაულოდ მოკლული ადამიანები, მანიფესტაციათა დარბევა და სხვა მრავალი, კიდევ შეიძლებოდა ვნდობოდით სახელისუფლებო ვერსიას. მაგრამ ძალადობა რომ დღევანდელი ხელისუფლების სტილია, იმდენად კარგად ვიცით, მართლებიც რომ იყვნენ, არ დავუჯერებთ. მოკლედ თუ ვიტყვი, ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეამცირა ხელისუფლების მიმართ ნდობა და მრავალი ნეიტრალური ადამიანი აიძულა, საკუთარი პოზიცია შეემუშავებინა".