"მაესტროსათვის" გადაცემული ვიდეოკადრის გამო გლდანის მე-8 საპყრობილის ოფიცერი დავით აკობია დააკავეს. მისი ადვოკატები ეჭვს გამოთქვამენ, რომ პროკურატურაში დაკავებულს იმ ჩვენებას დააწერინებენ, რაც ოფიციალურ სტრუქტურას აძლევს ხელს და მომავალ დღეებში აკობიას "აღიარებით" შესაძლოა ახალ-ახალი ვერსიებიც მოგვასმენინონ. თანაც, ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ დაკავებულის ადგილსამყოფელს რამდენიმე საათი არ უმხელდნენ ადვოკატებს და ერთ-ერთი ადვოკატი სალომე აბულაძე აცხადებს, რომ ალბათ ამ პერიოდში აიძულებდნენ მას "სასურველი" ჩვენების დაწერას. მისივე თქმით, აკობია სასტიკად არის ნაცემი და ადვოკატებს ამ დრომდე მისი ნახვის საშუალებას არ აძლევენ. პროკურატურის ცნობით, აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ერთ-ერთი სკანდალური ვიდეოს ავტორი სასტიკად არის ნაცემი, აცხადებს ადვოკატი.
"დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას. სავარაუდოდ, დავით აკობია ისარგებლებს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აკობია ორი წელია მერვე საპატიმროში მუშაობს და მას ეკუთვნის ის ვიდეომასალა, სადაც საპატიმროს რამდენიმე თანამშრომელი პატიმრებს ჯგუფურად სცემს. ადვოკატის სალომე აბულაძის ცნობით, ამ კადრების გავრცელების შემდეგ გუშინ დილით აკობია საქართველოდან მიმალვას ცდილობდა. დაკავების მომენტშიც ის საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"დათა აკობია, რომელმაც სავარაუდოდ ეს კადრები ჩაწერა, არის დაკავებული 03:20 წუთზე, ჩემი ინფორმაციით, დღეს მას სასტიკად გაუსწორდნენ. არის ნაცემი", - აცხადებს სალომე აბულაძე. მეორე ადვოკატი მამუკა ნოზაძე ირწმუნება, რომ აკობია ვიდეოჩანაწერს შს მინისტრ ბაჩო ახალაიას დავალებით ახორციელებდა. "ფარულად ის ვიდეოჩაწერის განხორციელებას ვერანაირად ვერ შეძლებდა. ჩემი ინფორმაციით, აკობიას დავალება ახალაიამ მისცა. ახალი არავისთვის არის, რომ დღემდე ციხეებში სიტუაციას ბაჩო ახალაია აკონტროლებს და მის კადრებს ვერც ერთი მინისტრი ვერ ეხება. ყველა ციხის დირექტორად სწორედ მისი პირადი კადრი არის დანიშნული. მთელი ნახევარი დღე ვეძებდით და აღმოჩნდა, რომ ახლა პროკურატურაში ჰყოლიათ და ალბათ, მათთვის სასურველ ჩვენებას აძლევს. ამიტომაც არის, რომ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს. ანუ, მას დაცვა უკვე დაუნიშნეს", - მამუკა ნოზაძე, რომლის თქმით, მას სურდა დეტალურად გაერკვია, როდის გადაიღო კადრები, ვის გადასცა და ვისი დახმარებით სად აპირებდა მიმალვას, მაგრამ ამის კითხვის საშუალება არ მიეცა", - დასძენს გამოცემა.
"ახლა უკვე ამ პროცესში ჩართვას აზრი არ აქვს. პროკურატურა იმას ათქმევინებს, რაც მათთვის სასურველი იქნება და მათთვის სასურველ ვერსიებს გაავრცელებინებენ. ამ შეთანხმების გარეშე მოწმეთა დაცვის პროგრამაში არ ჩასვამდნენ. ამ პროგრამაში ჩართვამ ისიც მაფიქრებინა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ", - მიიჩნევს ნოზაძე. სალომე აბულაძე ამბობს, რომ ადვოკატები დაკავებულთან არ შეუშვეს და ეს კანონდარღვევაა. თუმცა იქვე დასძენს, რომ ხვალ მკაცრი მოთხოვნა ექნება, რომ აკობიას შეახვედრონ - "მედიაკავშირ "ობიექტივის" ადვოკატი ვარ და აქ მითხრეს, რომ ამ ადამიანის დაცვა განმეხორციელებინა. მისი გადაღებული იყო ის კადრი, რაც "მაესტროზე" გავიდა. აი ის, ჭაკუა და სხვები პატიმრებს რომ ჯგუფურად სცემდნენ. ვიცი ვინ ეხმარებოდა მას საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადასვლაში, რაც ჩაიწერა ის მარტო თავისი ინიციატივა რომ არ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილია", ამბობს აბულაძე, თუმცა დასძენს, რომ "დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გაამჟღავნებს", - წერს სტატიის ავტორი.
"როგორც კი კადრი ტელევიზიაში გავიდა შსს-სთვის უკვე მარტივი დასადგენი იყო, ვის შეიძლება ეს ვიდეო გადაეღო და დავით აკობიას მიმართ დევნა რომ დაწყებულიყო" - აბულაძე ყვება, რომ დილიდან სხვადასხვა იზოლატორებში ეძებდნენ დაკავებულს და შემდეგ მისმა წყარომ შეატყობინა, რომ ის პროკურატურაში ჰყავდათ დაკითხვაზე და თან, სასტიკად ნაცემი: "პროკურატურამ კი მომატყუა - პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავთო, და ასე გვატარებდნენ წინ და უკან", - დასძენს აბულაძე, რომელიც ნოზაძის მსგავსად აღნიშნავს, რომ "დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ აკობიას დააწერინებენ იმას რაც ოფიციალურ უწყებას აძლევს ხელს. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის მომავალში აკობია, მთავარია რომ გვაქვს კადრები, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა რაც ხდება მერვე საპყრობილეში", - მიიჩნევს ადვოკატი, რომლის აზრით, "ახლა ისაა საინტერესო, პროკურატურა რა მუხლით წაუყენებს ბრალდებას", - დასძენს სტატიის ავტორი.