ტუბერკულოზიანი პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ

ტუბერკულოზიანი პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ

გლდანის N8 საპყრობილეში, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებული  მსჯავრდებულები: ლერი გირგვლიანი, ბადრი პატარაია, გიგა ლომთათიძე, ზაზა შიუკაშვილი, რეზო ხარძიანი და კოტე სალემიანი მეოთხე დღეა ერთადერთი მოთხოვნით შიმშილობენ – ისინი ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას ითხოვენ, საიდანაც გლდანში მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გადაიყვანეს. მათ სოლიდარობა კიდევ ერთმა პატიმარმა გამოუცხადა, რომელიც ასევე ტუბერკულოზითაა დაავადებული. ეს ინფორმაცია ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოგვაწოდა.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პრესა.გე–სთან საუბრისას შიმშილობის ფაქტს ადასტურებს, ოღონდ ირწმუნება, რომ დღეს, 18 ნოემბერს შიმშილობის მეოთხე კი არა, მეორე დღეა.

 

შეგახსენებთ, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ექვსი პატიმრის ირგვლივ პრესა.გე–მ ორი მასალა გამოაქვეყნა – პირველად 7 ნოემბერს, სათაურით – ტუბერკულოზით დაავადებულმა პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს და მეორედ 10 ნოემბერს, სათაურით – ტუბერკულოზიან პატიმრებს აწამებენ!  

 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ექვსიდან ერთ–ერთ მსჯავრდებულს, ზაზა შიუკაშვილს გუშინ, 17 ნოემბერს შეხვდა და ესაუბრა.

 

გელა ნიკოლაიშვილი: “ქსნის ტუბზონაში დაბრუნების მოთხოვნით მათ შიმშილობა პირველად 8 ნოემბერს გამოაცხადეს, შესაბამისი განცხადებაც დაწერეს, ადმინისტრაციის სახელზე, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების და კიდევ ერთი მიზეზით შიმშლობა მალევე შეწყვიტეს. მაშინ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, სიტუაციას გავარკვევთ და ალბათ, შევძლებთ იმას, რომ 13 ნოემბერს უკან დაგაბრუნონო.

 

რადგან ისინი არსად გადაუყვანიათ, 15 ნოემბერს, ორშაბათს შიმშილობა ხელმეორედ გამოაცხადეს. პარალელურად, იმავე დღეს, ადმინისტრაციის სახელზე კოლექტიური განცხადება დაწერეს და ჩააბარეს. ამ ექვსი პატიმრიდან 2 ერთად ზის და 4 ერთად. სწორედ ამ ოთხთან კიდევ ერთი პატიმარია, რომელმაც სოლიდარობის ნიშნად ასევე დაიწყო შიმშილობა. ისიც ტუბერკულოზიანია, ოღონდ ჯერ არ გაუსამართლებიათ, მისი საქმე ძიებაშია.

 

მეორე დღეს, 16 ნოემბერს მოშიმშილე პატიმრებს თავიანთი კოლექტიური განცხადება უკან მიუტანეს და უთხრეს, ცალ–ცალკე უნდა დაწეროთო. მსჯავრდებულები ასეც მოიქცნენ, რის შემდეგაც მათ მოსთხოვეს, განცხადებაში რიცხვი შეეცვალათ და დაეწერათ 16 ნოემბერი. ამაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს უარი – შიმშილობა 15–ში დავიწყთ და რიცხვს არ შევცვლითო. 17 ნოემბერს ანალოგიური შინაარსის განცხადებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართეს“.

 

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მოშიმშილე პატიმრებს N8 საპყრობილის ადმინისტრაციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, ვინაიდან იციან, რომ ქსნის ტუბზონაში დაბრუნება N8 საპყრობილის ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.  

 

“თვითონ მერვე საპყრობილის დირექტორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრების მდგომარეობით შეწუხებულია. რაც მის კომპეტენციაში შედის, იმაში დახმარება აღუთქვა –  ღორის ქონის და თაფლის (რაც ტუბერკულოზიანებისთვის აუცილებელია) შემოტანის უფლებას და ერთ სათიანი გასეირნების საშუალებას სრულად მოგცემთო. ერთ–ერთი მთავარი, რაც ამ უმძიმესი ავადმყოფებისთვის საჭიროა, არის სუფთა ჰაერზე ყოფნა, მაგრამ ამას საპყრობილის რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს.

 

გუშინ, 17 ნოემბერს შიუკაშვილი ვნახე, რომელსაც უჭირდა გადაადგილება, ძალიან მძიმედ მოძრაობდა, პირბადე ეკეთა. ის ამბობს, “ასეთ პირობებში თუ 5–6 თვე მაქვს სიცოცხლე დარჩენილი, მირჩევნია 5–6 დღეში ყველაფერი დამთავრდეს, რომ ნელი სიკვდილით არ გავწამდეო“. მან მითხრა რომ დანარჩენებსაც ასეთი განწყობა აქვთო.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მათთან შესახვედრად მისულები იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მათ აქცენტი აქვთ გაკეთებული მხოლოდ იმაზე, ცემეს თუ არა მსჯავრდებულები. ამ ცემასთან დაკავშირებით არის მათ მიმართ შეკითხვები, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არ არის აუცილებელი ცემო ადამიანი, იმისთვის, რომ ეს ჩაითვალოს წამებად და არაადამიანურ მოპყრობად –  როდესაც არაშესაბამის პირობებში ამყოფებ მძიმედ დაავადებულ ადამიანებს, ესეც წამებაა და ამაში ითხოვენ ისინი სახალხო დამცველის დახმარებას.

 

კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მაინც, სახალხო დამცველი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქსნის ტუბზონაში დააბრუნონ, რაც მათი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა“, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

 

პრესა.გე–სა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, თეა სუხიშვილს შორის ასეთი საუბარი შედგა:

 

რას უპირებთ პატიმრებს, რომლებიც მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას?

თეა სუხიშვილი: მეოთხე დღე არ არის, მეორე დღეა შიმშილობენ – განცხადება მინისტრის სახელზე გუშინ შემოვიდა.

 

დიახ, განცხადება გუშინ დაწერეს, მაგრამ რას აპირებს სამინისტრო?

– მათ სამედიცინო მომსახურება ჩვეულებრივ უტარდებათ და არანაირი პრობლემა ჯანმრთელობის მხრიდან არ გააჩნიათ. გუშინ დაიწყეს შიმშილობა.

 

ადვოკატები საპირისპიროს აცხადებენ –  შიმშილობა 15–ში დაიწყეს, საპყრობილის რეჟიმში მათი მკურნალობა შეუძლებელიაო.

– მათ უტარდებათ ის ადეკვატური მკურნალობა, რაც ესაჭიროებათ, რაც უტარდებოდათ იგივე ქსანში, იგივე მედიკამენტებით, იგივე საკვებით და იგივე  პერსონალის მიერ.

 

იგივე პერსონალის მიერ მკურნალობა რანაირად უტარდებათ?

– იგივე პერსონალი რა?! სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში მოგეხსენებათ არის საკმაოდ მაღალ დონეზე, საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, იგივე მედიკამენტებით მკურნალობენ, რა მედიკამენტებიც გამოწერილი ჰქონდათ. ასე რომ დღე არ ყოფილა შეფერხება, მათი მკურნალობის და იგივე კვებით იკვებებიან.

 

იგივე კვებით როგორ იკვებებიან, როცა დირექტორი დაპირდა, მხოლოდ იმით შემიძლია დახმარება, რომ თაფლის და ღორის ქონის შემოტანის ნება დაგრთოთო?!

– როგორც იცით, თაფლი ნებადართულია რიგ დაწესებულებებში და ესე იგი მათაც დართეს ნება.

 

პრესა.გე ასევე დაინტერესდა რა ზომები მიიღო სახალხო დამცველის ოფისმა, რომლის წარმომადგენლები ზემოხსენებულ პატიმრებთან პირველად 4 ნოემბერს იყვნენ შესულები. როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა გვითხრა, ტუბერკულოზით დაავადებული ექვსი პატიმრის საქმე შესწავლის პროცესშია: არაერთი წერილია გაგზავნილი, რომელზეც პასუხებს ელოდებიან; უნდა მოგროვდეს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის და იმის შესახებ, რამდენად კანონიერად მოხდა მსჯავრდებულების ქსნის ტუბზონიდან N8 საპყრობილეში გადაყვანა. ერემაშვილის განმარტებით, ამ ყველაფერის გამორკვევას დრო სჭირდება, რის შემდეგაც სახალხო  დამცველი შესაბამის სტრუქტურას რეკომენდაციით მიმართავს.