გამოხტომა

გამოხტომა

(გიგი მესვეტე)

საქართველოს ცხოვრებაში აშკარად ახალი ეტაპი დაიწყო, უფროსწორად, ჟამი - ჟამი ქვათა განბნევისა, სროლისა. გია ბარამიძე - ქვათაგანმბნეველი, რადგან მან თქვა ისეთი საინტერესო სიტყვა, როგორიცაა „გამოხტომა“.

მედიაჟამის მეორე ეტაპი დაიწყო. პირველ ეტაპს ზვიად გამსახურდიამ, თემურ ქორიძემ და გურამ პეტრიაშვილმა დაუდეს საფუძველი, როდესაც 1991 წელს სამ ხმაში თქვეს: „...კრემლის ისეთი დასაყრდენები, როგორებიც არიან „დრონი“, „7დღე“, „რეზონანსი“... ახლა, ბარამიძე და სურმანიძე ამბობენ: „პარლამენტის იმ წევრების მიმართ, ვინც რატიფიცირება მოახდინა, პრესაში დაფიქსირებული „გამოხტომები“ აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია“.

ადამიანს კბილი იმისთვის აქვს, რომ ენას დააჭიროს, ხოლო თავი იმისთვის, რომ საქმე ენაზე კბილის დაჭერამდე არ მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტის წევრი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ხალხის რჩეულია და როგორც ყველა რჩეული, რაღაც პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეს. მაგალითად, ისეთი პრივილეგიებით, როგორიცაა ენის, კბილის და თავის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. და თუ საკუთარი შეხედულებები არ გააჩნიათ? მაშინ, სხვისი შეხედულებისამებრ.

პრესის „გამოხტომები“ სულაც არ იყო 127 კაცისკენ მიმართული, რადგან მათ რატიფიცირება არ მოუხდენიათ. მათ მოახდინეს პულტზე საჩვენებელი თითის დაჭერა და თითით საჩვენებლები გახდნენ, როგორც რჩეულები, რომელთაც არც თავი აქვთ და არც ენა, ხოლო კბილი, იცოცხლე – 33 + პროთეზი. პრესა იმ ერთეულებს მიუხტა,რომლებიც 127-ს თითის მიმართულებას უჩვენებენ.

როდესაც ჟურნალისტი არაფორმალური გაზეთის ფურცლიდან „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ გაჰყვიროდა, ეს არ იყო გამოხტომა. როდესაც იგივე ჟურნალისტი „პროვინციულ ფაშიზმს“ ებრძოდა, არც ეს იყო გამოხტომა, ხოლო, როდესაც თქვა „ვის ქონებას ანიავებ...“ ამას პოლიტელიტარული წიოკი მოჰყვა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტყვა „გამოხტომის“ ეგსგუმატორთა რისხვა მრავალწერტილის ადგილას ნახსენებმა ეპითეტებმა გამოიწვიეს, ძალიან ცდება. ფრაზაში მთავარი იყოკითხვა-ნაცვალსახელი „ვის?“, რადგან სახელისუფლებო დერეფნების ბინადართ ამ კითხვაზე დიდი ხანია პასუხი გაცემული აქვთ - „ჩვენ...“.

რას იზამ? თუ არ შეიგინე, ყურადღებას არ მოგაქცევენ, ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. როდესაც საუბრობ კორუფციაზე, უსამართლობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, საირმის გორაზე და სხვა პერსპექტიულ გორებზე, არ აინტერესებთ. გადახედავენ სათაურებს და გაეღიმებათ: „ეს ხომ ვიცით“. იციან და იცინიან. თოჯინები იცინიან. ისინი რევოლუციამდელი თოჯინები არიან.

ერთი თვის წინ, როდესაც ბარამიძე, მერაბიშვილი, მაღლაფერიძე, ადეიშვილი და სხვა ახალგაზრდა სახეები პრესის ფურცლებიდან იბრძოდნენ „ნულოვანი ვარიანტის“ წინააღმდეგ, ხოლო ჟურნალისტები ეპითეტებით ამკობდნენ ნულოვან წითლებს, პრესა მეოთხე ხელისუფლება იყო და საქართველოს წევრობა ევროსაბჭოში მის დამსახურებადაც ითვლებოდა. მოვიდა დრო და მომენტი, „ნულოვანი ვარიანტი“ ისწავლა დომენტიმ და... გაჩნდა ახალი ქართული სიტყვა - „გამოხტომა“.

როდესაც ბარამიძეს „კურიერში“ მისი პოზიციის რადიკალური ცვლილების მიზეზი ჰკითხეს, მთავრობამ კეთილი ინება და დაგვარწმუნაო - უპასუხა. თქვე კაი ხალხო (კორექტულობა უპირველეს ყოვლისა!), თქვენ რომ დაგარწმუნეს, იქნებ, ეცადათ და ჩვენც დავერწმუნებინეთ, ჩვენ - ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები ვართ და სხვათაშორის, ხმის უფლებითაც ვსარგებლობთ.

რა მალე დაარწმუნეს! თქვე კაი ხალხის რჩეულნო! იქნებ, ჩვენთვისაც გეკითხათ და იქნებ, ჩვენ დაგარწმუნებდით?! არავინ გვკითხა, მაგრამ მაინც შევეცადეთ. ნაგვიანევ მცდელობას „გამოხტომა“ ეწოდება.

და ამ სიტყვას კონტექსტიდან ამოვარდნილად ხმარობენ ის ადამიანები, რომლებიც 91-ში გამსახურდიას იმ ადამიანებთან ერთად მიუხტნენ, ვისი მისამართითაც ეს სიტყვა - „გამოხტომა“, ითქვა.

ხოლო, მთავრობის წევრები... როდის აქეთ გახდა საქართველოს მთავრობა ავტორიტეტული? გაიარ-გამოიარეთ და იმ ავტორიტეტს სუფსარქისი წაიღებს. გაიარ-გამოიარეთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი ავტორიტეტი შარშანდელმა გვალვამ ააორთქლა. გვალვისა და სუფსარქისის გამოხტომებს პრესის გამოხტომა დაემატა.

გასამდა და მეტ გამოხტომას ადგილი აღარ ექნება. პრესას მადლობა უნდა გამოუცხადონ, რადგან როგორც მიშა ცაგარელი ამბობს, საქართველოში დიდი უარყოფითი ენერგია დაგროვდა და თავისუფლად შეიძლებოდა, მიწისძვრას გაესამებინა. ის კი მიწასთან გაასწორებდა იმას, რაც სუფსარქისმა ვერ წაიღო და რაც გვალვამ ვერ ააორთქლა.

მშვენიერი სიტყვა ააღორძინა გია ბარამიძემ. ამ წუთებში, ალბათ, ცეკავშირის მამა - ქათამაძე პრესკონფერენციას ატარებს და ამბობს: „ცეკავშირის იმ წევრების მიმართ, ვინც ქართული ეკონომიკა ნგრევას გადაარჩინა, პარლამენტის ზოგიერთი წევრის გამოხტომა აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია“.