რა დამსახურებისთვის მოხვდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში მე–10 ნომრად 21 წლის მარიამ საჯაია, რომლის დედა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია. კომპანია კი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მამამისს ეკუთვნის, დირექტორი კი მისი უფროსი ძმაა, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებს სახელმწიფო დაკვეთების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის.
მარიამ საჯაია ტელეეკრანებზე პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის ამპლუაში.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე–15 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მოხელედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
მარიამ საჯაია 21 წლის 2012 წლის 15 მარტს გახდა, თუმცა უკვე დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამა “Summer job”-ის სპიკერად. თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, საჯაია შტატიანი თანამშრომელი არ იყო და სპეციალისტის პოზიცია შრომითი კონტრაქტის საფუძველზე ეკავა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლიკა წიკლაური განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც სამინისტრომ საჯაია კონტრაქტის საფუძველზე დაიქირვა, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწიენბული ნორმა მინიმალური ასაკობრივი ზღვარის თაობაზე არ დარღვეულა.
სანამ მარიამ საჯაია “ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახე და საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრი გახდებოდა, მანამდე, 2012 წლის მაისში, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცა საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან. ამ დრომდე პარლამენტართათვის ქვედა ზღვარი 25 წელი იყო.
განათლების სამინისტროში დასაქმებამდე მარიამ საჯაია, როგორც თავად ამბობს, ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, ასევე, სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
"ნაც. მოძრაობის" დეპუტატობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ყოფილი პარლამენტარის, ნაზი არონიას შვილია. ნაზი არონია პარლამენტის დეპუტატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან” 2004–2008 წლებში, ის 2010 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსია.
მარიამ საჯაიას მამა, დემურ საჯაია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დღემდე მითითებულია საგზაო–სამშენებლო კომპანია შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს” 100%-ანი წილის მფლობელად. ეს კომპანია ბოლო წლებია სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფოსგან სხვადასხვა პროექტების განხორციელების სანაცვლოდ მილიონობით ლარს იღებს. ამავე კომპანიის დირექტორია მარიამ საჯაიას უფროსი ძმა ნიკოლოზ საჯაია.
ნიკოლოზ საჯაია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი მსხვილი შემწირველია. მან მმართველ პარტიას 2012 წლის 1 აგვისტოს 30 ათასი ლარი გადაურიცხა.
ამავე ოდენობის თანხა, 30 ათასი ლარი, საჯაიების კომპანიამ, როგორც იურიდიულმა პირმა, 2010 წელსაც გადაურიცხა “ნაციონალურ მოძრაობას”.
შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველო” ძირითადად ზუგდიდში საქმიანობს და უკვე რამდენიმე წელია მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს. მაგალითად, საავტომობილო გზების დპარტამენტის ცნობით, “ზუგდიდის საგზაო სამმართველომ” დააგო ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრამდე მისასვლელი 3 კილომეტრი სიგრძის გზა. აღნიშნული პროექტის შესრულებისთვის საჯაიების კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 471 ათასი ლარი მიიღო.
“ზუგდიდის საგზაო სამმართველომ” 2009 წლის ნოემბერში კიდევ ერთი ძვირადღირებული პროექტი განახორციელა. სწორედ ამ კომპანიას დაევალა სამეგრელოში ადგილობრივი მნიშვნელობის 6–კილომეტრიანი გზის – კახათი–კოკი–ორსანტიას აღდგენა–რეაბილიტაცია. გზის სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დააფინანსა 1 მილიონ 445 ათასი ლარით.
ამავე კომპანიამ გაიმარჯვა 2010 წლის 1 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რაც გულისხმობდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო შენახვა–შეკეთებას სამეგრელოში. ტენდერში გამარჯვების შემდეგ “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს” დაევალა სენაკი–ზუგდიდის(65კმ.), ზუგდიდი–ანაკლიის(1–34 კმ), ზუგდიდი–ჩხოროწყუს(26 კმ.), მარტვილი–ჩხოროწყუს(14 კმ.), წალენჯიხა–ჯიხაშკარის(14კმ.) და კიდევ რამდენიმე შიდა გზის შეკეთება.
საჯაიების კომპანიამ 2011 წლის ზაფხულში კიდევ ერთი ტენდერი მოიგო, რომლის შედეგადაც, 2012 წლის ბოლომდე სამეგრელოში შიდა გზების შეკეთების სანაცვლოდ 828 ათასი ლარი უნდა მიიღოს.
"ზუგდიდის საგზაო სამმართველომ", ასევე გაიმარჯვა 2012 წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში. სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში შიდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების შეკეთებისთვის კომპანია 2013 წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან ჯამში 905 ათას 500 ლარს მიიღებს.
გარდა ამისა, სწორედ “ზუგდიდის საგზაო სამმართველომ” შეაკეთა 2011 წელს ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები, თუმცა ჩვენთვის უცნობია, აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის რა ოდენობის თანხა მიიღო ბიუჯეტიდან.