"რასაც დღეს ენდიაი საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!"

"ენდიაის კვლევებთან დაკავშირებული კითხვები დიდი ხანია საზოგადოებას აწუხებს. ენდიაი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგრამ ჩანს, საქართველო ისეთი ფენომენია, რომ მისი "გაქართულებაც" მოვახერხეთ. ენდიაის საქართველოში საქმიანობაზე კითხვები უკვე ოფიციალურ ვაშინგტონს, ამერიკელ ექსპერტებსა და თავად ენდიაის ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებსაც აქვთ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "პაბლიკ სტრატეჯის" ხელმძღვანელთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უმაღლესი რანგის სპეციალისტთან დემოკრატიის განვითარების დარგში გრეგორი მინჯეკთან, რომელიც 90-იან წლებში ენდიაის წარმომადგენელი და დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო საქართველოში", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "რასაც დღეს ენდიაი საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!" / ენდიაის-ს სათავო ოფისს უკვე აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს მისი საქართველოს ოფისი".

"საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვედი. იმ პერიოდში ენდიაის ოფისი პოსტსაბჭოთა კავშირის მასშტაბით მხოლოდ მოსკოვში იყო. ოფისს მე ვხელმძღვანელობდი და შესაბამისად, დამკვირვებელთა ჯგუფსაც. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვმუშაობდი ენდიაისთვის. დღევანდელი ენდიაის ქართული ოფისის საქმიანობით გაკვირვებული ვარ. ჩვენ შორის კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა. ის, რასაც ენდიაი აკეთებს საქართველოში, არ ემსახურება დემოკრატიის მშენებლობას. ის, რითაც დღეს ქართული ენდიაი დაკავებულია, მისი საქმე არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრეგორი მინჯეკი.

"როცა საქართველოს ელჩი საფრანგეთში მთელი მსოფლიოს გასაგებად აცხადებს, რომ არალეგალმა ემიგრანტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ცხადია, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა გათელვა. ენდიაის მოვალეობაა, საქართველოს მთავრობას აუხსნას, რომ ის საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევს სხვა ქვეყნებში. აი, ეს არის სინამდვილეში ენდიაის მოვალეობა. ის კი ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებს. სოციოლოგიური კვლევების მოწყობა (სხვა საქმეა, რა ხარისხის არის) თავისუფლად შეუძლიათ თავად პარტიებს. დღევანდელი ენდიაი დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"დიდი ხანია საარჩევნო გარემოს ვაკვირდები. ვხელმძღვანელობ საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერის სამოქალაქო პროგრამებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად ამ პროცესს ავღანეთში ვკურირებ, "პაბლიკ სტრატეჯის" ხელმძღვანელი ვარ და ჩემთვის, როგორც გამოცდილი სპეციალისტისთვის, ის მეთოდები, რომლებითაც საქართველოში ენდიაი მუშაობს, სრულიად გაუგებარია. მათი დასმული კითხვები და კვლევის მეთოდები არ შეესაბამება ორგანიზაციის მუშაობის წესებს. კითხვები არასწორად არის შედგენილი. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც კანონით ისჯება. ინტერესთა კონფლიქტში ვგულისხმობ მაგალითად, იმას, რომ ენდიაისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები მმართველი პარტიის სიით იყრიან კენჭს", - განმარტავს გრეგორი მინჯეკი.

"აგვისტოში შევხვდი ენდიაის ხელმძღვანელობას და დავუსვი რამდენიმე კითხვა, მათ შორის, რას უპირებენ დიასპორებს? ჩემდა გასაკვირად, ენდიაის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიპასუხა, რომ არ აინტერესებს დიასპორები! საქართველოს მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და ეს არ აინტერესებს? ეს დანაშაულია, ბატონებო! იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია და რომელიმე ინსტიტუტს ეს არ აინტერესებს და უგულებელყოფს მათ არსებობას, ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. დასამალი რა არის, პირდაპირ გეტყვით, - ქართველები მუშაობენ ენდიაისთვის, ხოლო ენდიაის ამერიკელი თანამშრომლები - სააკაშვილისთვის. საშინელება ის არის, რომ ეს ენდიაის დისკრედიტაციას ახდენს, სახელს უტეხს საერთაშორისო დონეზე", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვინ არიან ის ამერიკელები, რომლებიც სააკაშვილისთვის მუშაობენ?" - პასუხობს:

"მაგალითად, მარკ მალენი. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილისთვის მუშაობდა. მარკ მალენი ენდიაის საქართველოს განყოფილების უფროსი იყო. ის დღემდე საქართველოშია, "ჯორჯიან ტრანსპეარენსში" მუშაობს. ენდიაის ქართული ოფისის საქმიანობა ანტიდემოკრატიულია და სხვა არაფერი. მე შევხვდი ენდიაის საქართველოს ოფისის ამჟამინდელ უფროს ლუის ნავაროს და ვკითხე, ვინ ხარ და რა გინდა-მეთქი? ჩავეძიე, როგორ აწყობენ გამოკითხვას, რა მექანიზმით და მივიღე ძალიან არასახარბიელო პასუხი. ამ თემაზე პრესაში ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ლუის ნავაროსთან საუბრის შემდეგ გაბრაზებულმა დავტოვე ოფისი. ჩვენმა შეხვედრამ ძალიან არამეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. მე მსოფლიოში დემოკრატიის მშენებლობას ვემსახურები, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა კარგად იცნობს საქართველოს, მეც მიყვარს ეს ქვეყანა და მისი გულიანი ხალხი. ვუსურვებ მას გადალახოს ის საშინელი პრობლემები, რაც დღეს აქვს და იცხოვროს ისე, როგორც მას შეეფერება. ამისთვის ვიზრუნებ. ენდიაის სათავო ოფისს უკვე აქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ენდიაის საქართველოს ოფისი".