_ ეს კაცი უთუოდ გამოგვადგება: ნახე, რამდენი ნაიარევი აქვს!
_ ჩვენ ის უფრო გამოგვადგება, ვინც მას ეს ჭრილობები მიაყენა!
«შესანიშნავი შვიდეული»
აშშ-ის ახალმა, რიგით მეშვიდე ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, როგორც იქნა, თბილისში ჩამოაღწია. 5 სექტემბერს, გამთენიისას, იგი მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან, ერთად ჩამოვიდა საქართველოში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იგი საქართველოში ელჩად შვიდი თვის წინ წარადგინა, ხოლო ამერიკის სენატმა 29 მარტს დაამტკიცა.
როგორც წესი და რიგია, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს აეროპორტშივე განუცხადა, რომ მოხარულია, რადგან კვლავ ესტუმრა საქართველოს. 7 თვით დაგვიანებულმა ელჩმა ისიც გვამცნო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეების შემდეგ საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
«სასიამოვნოა, რომ ისევ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მე ძალიან დიდ სითბოს ვგძნობდი 1993 წელს სამსახურის დროს. ველი იმ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების აგება. ვიცი, რომ 1993 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება, უკეთ გავერკვე ამ მნიშვნელოვან ცვლილებებში. შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს. მოვისმინო ყველა შეხედულება, თუ რა ხდება ამ დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში. ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება, გავერკვე ამ პროცესებში და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მთლიანად. მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ველით შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის მდიდარ კულტურასა და ისტორიას,» _ აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ამ პოლიტკორექტული მისალმების შემდეგ ორიოდე დღეში, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემამდე აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩი კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მის (ივანიშვილის) კუთვნილ ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრისა და საუბრის დეტალები უცნობია.
საქართველოში დანიშვნამდე ნორლანდს ამერიკის შეერთებული შტატების ომის ეროვნულ კოლეჯში დირექტორის მოადგილისა და საერთაშორისო საკითხთა მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ნორლანდს საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 19 წლის წინ, 1993 წელს, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, ნორლანდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის საქართველოს მისიაში ამერიკის წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ნორლანდი მაშინ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებზე მუშაობდა, 1995 წელს კი მისიის ფარგლებში ჩეჩნეთშიც იმყოფებოდა.
რიჩარდ ნორლანდი დიპლომატის ოჯახში, მაროკოს ქალაქ რაბატში დაიბადა, სადაც მამამისი, დონალდ ნორლანდი, ამერიკის საელჩოში კულტურის ატაშე იყო. ნორლანდი 1988-90 წლებში საბჭოთა კავშირში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩევლად მსახურობდა. ნორლანდს 2007-2010 წლებში უზბეკეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტ კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებში ნორლანდი ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დირექტორის რანგში ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესზეც მუშაობდა. საინტერესოა, რომ მარტში, ამერიკის სენატში, ჯერ კიდევ ელჩობის კანდიდატმა ნორლანდმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია. რიჩარდ ნორლანდმა მაშინ ბრძანა:
«მოგვდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ე. წ. კონტროლის პალატის როლი და პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება, გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი გამგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს მივიღებთ. და ბოლოს, მივანიშნებ _ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაინტერესებას და სწრაფვას ნატოს წევრობისკენ და ჩვენს მხარდაჭერას, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატოს სტანდარტებს.»
მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი ელჩი რევიზორის ფუნქციით ჩამოვიდა და, მეტროპოლიიდან მოვლენილი ნებისმიერი ეპოქის ემისრის დარად, კოლონიაში დანიშნული გუბერნატორი (პროკურატორი, «ნამესტნიკი», ცეკას მდივანი და ა. შ.) ფეხებზე დაიკიდა. თუმცა დიპლომატიური პროტოკოლი რა მოსატანია, როცა ფსონზე აშშ-ის ეროვნული ინტერესებია დადებული! შვიდი თვით შეყოვნებული ელჩი კისრისტეხით სააკაშვილთან კი არა, მის «ძირითად ოპონენტთან» მიიჭრა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებოდ განაცხადა, რომ რწმუნებათა სიგელი მან მინისტრს გადასცა. მერე რა, რომ ელჩი საბოლოოდ დამტკიცებულად მაშინ ითვლება, როცა სწორედ პრეზიდენტს ჩააბარებს რწმუნებათა სიგელს! სხვათა შორის, სააკაშვილის მიერ დანიშნული ელჩის, ირაკლი ჩუბინიშვილის, რწმუნებათა სიგელი არ ჩაიბარეს და იგი ვერც გახდა ელჩი. თუმცა რას იზამ _ საქართველოში მორიგი «ისტორიული» არჩევნებია კარს მომდგარი!
არჩევნები, როგორც მოსალოდნელია, ამერიკისთვის იმით არის მნიშვნელოვანი, «რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს მივიღებთ». იმის გამოცნობას, თუ რომელი შედეგი არის «მოსალოდნელი» აშშ-ისთვის, კარგა ხანია, უიმედოდ ცდილობენ როგორც «ძირითადი ოპოზიციის», ისე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და, უბრალოდ, მეოცნებე (პირდაპირი გაგებით) ამომრჩევლები.
ერთი ცხადია: შეერთებული შტატები არც მალავს თავის «უფროსძმურ» პოზიციას საქართველოს დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლებებისადმი და გამჭვირვალედ მიანიშნებს, რომ «ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის» და, შესაბამისად, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.
ვიდრე აშშ საქართველოში «დემოკრატიული ინსტიტუტების აგებაზე» იხარჯება, «დამოუკიდებელი» საქართველო სულ უფრო ღრმად ეშვება კოლონიურ მორევში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთა «შესანიშნავი შვიდეული» კი ცალ-ცალკე და დროდადრო «ცდილობდნენ» კალვერას ბანდის დამარცხებას. კალვერა დღესაც აქ არის, ხოლო მისი დამარცხების პრეტენზიის მქონე «ძირითადი ოპოზიცია» სხვადასხვა დროს აქ მოვლენილი «შესანიშნავი შვიდეულის» იმედადაა. ძალა ერთობაშია, მაგრამ ეს არც 20 წელიწადზე გაწერილმა 7-მა ელჩმა იცის და არც თვითიზოლირებულმა «ოცნებამ».
«გაიმარჯვეს გლეხებმა, ჩვენ კი ისევ წავაგეთ. ჩვენ ყოველთვის წაგებული ვართ», _ თქვა კრისმა გარის, ბერნარდოს, ლის და ბრიტის საფლავებზე. ჩიკო სოფელში რჩება და დაოჯახებას აპირებს.
სად არის ჩვენი ჩიკო და როდის გავიმარჯვებთ?