“ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად უამრავი მოქალაქეა განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ, შეკრულობა გვაკლია. არადა, რაც უნდა მცირერიცხოვანი ერი იყოს, კრიტიკულად განწყობილი ერთი მილიონი ადამიანი რომ შეგროვდება, მას წინ ვერავითარი ძალა ვეღარ აღუდგება და მსოფლიოში ამის უამრავი მაგალითი არსებობს,” _ ამბობს მხატვარი თემო გოცაძე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ფიგურას, ანუ მიხეილ სააკაშვილს “მესოფლიას” უწოდებს. მაშ ასე, “ქართული სიტყვა” თემო გოცაძის პოლიტმონოლოგს წარმოგიდგენთ:
“...იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც მეოცე საუკუნის პროდუქტია და, როგორც პიროვნება, შესაძლოა, დემოკრატიულ პერიოდში არ ჩამოვყალიბდი, მაგრამ ის, ვინც ჩვენს სახელმწიფოს განაგებს, თავს ხომ 21-ე საუკუნის პროდუქტს უწოდებს და პრეტენზია ჩვენზე უფრო განათლებულობასა თუ დემოკრატიულობაზეც აქვს, რაც კარგია, მაგრამ მამაცხონებულო, იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ჩამოყალიბდი, ტვინში ვინმე გაივლებს, რომ ორჯერ არჩეულმა კაცმა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მესამედ იფიქროს? დემოკრატიის ისტორია ასეთს მხოლოდ ერთ მაგალითს იცნობს _ მეორე მსოფლიო ომის დროს ერმა საჭიროდ ჩათვალა და რუზველტი მესამედ დატოვა ხელისუფლებაში, თორემ მიშასავით კი არ დაძრწოდა მთელ ქვეყანაში და ნებისმიერ ხვრელში კი არ ძვრებოდა, რომ ვიღაცისთვის თავი საქმიანად მოეჩვენებინა. მე რომ მკითხოთ, ეგ “მესოფლიაა” _ ადრე საქართველოში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიოდნენ, “გულაობდნენ” და არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ სახელი ჰქონდათ და ქორწილებსა თუ დღესასწაულებზე იმიტომ ეპატიჟებოდნენ, რომ შესახედავად ვარგოდნენ და დალევაც იცოდნენ, მაგრამ ასე “მესოფლიობით” ქვეყანა არ შენდება.
...სააკაშვილი როგორც ამბობს, ისეთი განათლება აქვს მიღებული, რომელიც ქართველების “ჩარეცხილ ინტელექტზე” მაღალია. ჰოდა, მამაცხონებულო, ამ ინფორმაციამ რისკენ გიბიძგა _ იმისკენ, მეფობა მოისურვო? არ მინდა, რომ ცუდი სიტყვები გამოვიყენო, არ მინდა, რომ შევიგინო, მაგრამ იმ აღშფოთების მომენტალურად ჩასახშობად, რაც მის თითოეულ ქმედებაზე “მიჩნდება”, ეს ერთადერთი გამოსავალია...
როგორ შეიძლება, ხელისუფალმა ნებისმიერი რიგითი მოქალაქე ისეთ დღეში ჩააგდოს, რომ უღონობითა და უძლურებით სიგიჟემდე მივიდეს? რაც უფრო ბევრს უჩენენ ასეთ შეგრძნებას, მით მეტ სიამოვნებას იღებენ. ჰგონიათ, რომ მხოლოდ თვითონ არიან იდეის მატარებლები და სხვისი განადგურება უნდათ. მამაცხონებულო, ეს თავის დროზე ინკვიზიციამაც ვერ გააკეთა და შენ ვინ ხარ?!
...ხელოვნებას სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ყველა ეპოქაში ჰქონდა, მწერლებსაც ბევრს ეკითხებოდნენ და მხატვრებსაც. შეიძლება, არსებობდეს იმ რანგის მწერალი, როგორიც შოთა რუსთაველია და მისმა იდეებმა სახელმწიფოზე გავლენა არ მოახდინოს?! იქნებ, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ შოთა რუსთაველის პოემამ გავლენა არ მოახდინა ქართულ სახელმწიფოზე? იქნებ, ისიც ჰგონიათ, რომ სამი საუკუნის შემდეგ, ვინმეს გაახსენდება, თუ რამდენი სახლი ააშენეს და რამდენი მანქანა გამოუშვეს? მხოლოდ იმას გაიხსენებენ, თუ რამდენი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები დაიწერა, შეიქმნა ფილოსოფიური ტრაქტატი, დაიხატა ტილო, მაგრამ დღეს შემოქმედება არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ შემოქმედთან ურთიერთობა ინდივიდუალიზმთან ურთიერთობას ნიშნავს. ამათ არც ინდივიდუალიზმი სჭირდებათ. “ნაციონალურ” მთავრობას სჭირდება უფერული მასა, იქეთ რომ გარეკოს, საითაც “ჰოუს” დაუძახებს, მაგრამ მასა ინდივიდებისგან შედგება. ინდივიდები გაგამწარებენ და არ წამოგყვებიან “ჰოუზე”. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ინდივიდები გაერთიანდნენ, ისე ამოგძირკვამენ, რომ ისტორია შენს სახელს საერთოდ აღარ ახსენებს!
სააკაშვილი მენტალურ რევოლუციაზე ლაპარაკობს, მაგრამ “ჩაშვებაა” მენტალური ცვლილება?! ესენი ებრძვიან ვაჟა ფშაველას, ილიას, ბევრ ქართულ ღირებულებას, სტუმარ-მასპინძლის ტრადიციას, მაგრამ ამ ღირებულებების უარყოფით ახალ ღირებულებას ვერ შექმნი, იმიტომ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც დაანგრევს ისტორიას და თუ ისტორია დაინგრევა, მაშინ, როგორც ერი, უნდა აღიგავო პირისაგან მიწისა და თავიდან ჩამოყალიბდე. სამი ათასი წელია ცხოვრობ, წვალობ და ახლა ხუთ ან, თუნდაც, 20 წელიწადში გინდა მენტალიტეტის შეცვლა? მოსე რომ მოსეა, მასაც 40 წელი დასჭირდა ებრაელების მენტალობის შესაცვლელად. მენტალობის შეცვლა ასე ადვილი არაა და ისეთი სულელი არ უნდა იყო, რომ ეს მოინდომო.
...გვაშინებს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით წარსულში დავბრუნდებითო, მაგრამ რომელ წარსულზე ლაპარაკობს? _ რასაც დღეს თვითონ აკეთებს, სწორედ ეგაა ჩემი ქვეყნის წარსული, რომელსაც საქართველოს ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი შეეწირა!
ნეტავ, მართლა ჰგონია, რომ დავით აღმაშენებელია? შესაძლოა, ისიც ჰგონია, დავითს იმიტომ უწოდეს აღმაშენებელი, რომ მშენებელი იყო. ვაი, მაგის პატრონს, თუ მართლა ასე ჰგონია. “აღმაშენებელი” სხვა მცნებაა. დავითის აღმშენებლობა გადიოდა სარწმუნოებაზე, ტერიტორიებზე, უდიდეს ზნეობასა და ღირებულებებზე. სწორედ ამან ჩამოქნა ერი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში უამრავ წინააღმდეგობას გაუძლო...
...სახელმწიფო ბევრად რაციონალურ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრაზე უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუჯეტსა და ენერგიას. სახელმწიფოს სათავეში იმიტომ მოხვედი, რომ “იმალიარო”? ყველა ქვეყანაში არსებობს შეძლებული კლასი, რომელიც ამას აკეთებს, სახელმწიფომ შესაძლოა, მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები ააშენოს _ ციხე, ნავსადგური და ა. შ. დანარჩენი კი, საზოგადოების განვითარების პარალელურად უნდა განვითარდეს, თუმცა დღეს მშენებლობებისა და საზოგადოების ცხოვრების დონის ზრდის ტემპებს შორის დიდი განსხვავება და უფსკრულია. ამიტომაა ყველაფერი ტყუილი.
ბიზნესმენები, იმის ნაცვლად, რომ გაერთიანდნენ და მპარავს ზურგი შეაქციონ, ელაქუცებიან და არ ესმით, რომ ამ საერთო “ბულდოზერში” უმოწყალოდ გაისრისებიან.
სააკაშვილის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული პიროვნება უნდა იყოს, ისეთი, ვინც ნაშოვნმა არ გადარია და ჩვენისთანაა. ივანიშვილს მხოლოდ ერთის კი არა, ბევრი კაცის სამყოფი ჰქონდა, მაგრამ ეს მისთვის ბედნიერება არაა. მას სურს, რომ თავის ქვეყანაში არ იყვნენ დაჩაგრული და გაუბედურებული ადამიანები. როცა ხელისუფლება ამბობს, ივანიშვილი რუსეთმა გამოუშვაო, ჟურნალისტებმა უნდა დაუდოთ ფაქტები, რომ რუსის ხელში თავად ჩაგვაგდო: გაასხვისა რუსებზე ყველაფერი და ახლა უნდა, სხვას დასწამოს რუსეთუმეობა...”