“მარადმწვანე დეპუტატების”,“კომუნისტების პროკურორ” როლანდ ახალიასა და სხვათა რევოლუციამდელი “გრეხები”

“მარადმწვანე დეპუტატების”,“კომუნისტების პროკურორ” როლანდ ახალიასა და სხვათა რევოლუციამდელი “გრეხები”

მიხეილ სააკაშვილის მეტყველებაში, ანუ როგორც თანამედროვე პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, “ვორდინგში” ახალი ტერმინი გაჩნდა _ პრეზიდენტმა ექსთანამებრძოლს, დღეს კი, “ოცნების” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურს “სექენდ ჰენდი” უწოდა. საერთოდ, თვალშისაცემია, რომ “ნაციონალთა” პიარ-კამპანია “სექენდჰენდურ” წარსულზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური და-ძმები ხალხს აშინებენ, ოპოზიცია, კონკრეტულად, “ქართული ოცნება” ქვეყანას იმ მდგომარეობაში უპირებს დაბრუნებას, როცა არც შუქი იყო, არც _ გაზი, არც _ გზა; როცა უმაღლესი თანამდებობის პირები კორუფციის ჭაობში ცურავდნენ; როცა პენსია-ხელფასი თვეობით არ რიგდებოდა და როცა სახელმწიფოს მართვის სადავეები კრიმინალების ხელში იყოო.

ერთი სიტყვით, “ვარდოსნები” ივანიშვილს ბრალს იმაში სდებენ, რომ მისი კოალიციის საარჩევნო სიაში ბევრი ძველი სახეა. შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ სწორედ ამ სიტუაციაზეა ნათქვამი, ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ძველი, ესე იგი, რევოლუციამდე არსებული კორუმპირებული მთავრობის წევრთა ნაკლებობას არც “ნაციონალები” განიცდიან. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა მიხეილ მაჭავარიანია, რომელსაც ზემოხსენებულ კორუმპირებულ მთავრობაში ერთ-ერთი მაღალი _ შემოსავლების მინისტრის პოსტი ეკავა. შემოსავლების სამინისტრო კი, როგორც საქმეში ჩახედულნი გონივრული ეჭვის საფუძველზე ამბობენ, კორუფციის ხერხემალს წარმოადგენა. ჰოდა, თუკი, მართლაც, ასე იყო, მაშინ ძნელი დასაჯერებელია, რომ მთელ სამინისტროში პატიოსნებას მხოლოდ მინისტრი, ანუ მიხეილ მაჭავარიანი ინარჩუნებდა... გამინისტრებამდე, პატივცემული მაჭავარიანი “მოქკავშირის” გენერალური მდივანი გახლდათ, უფრო ადრე კი, _ “მოქკავშირის” ახალგაზრდული გაერთიანების მთავარი მდივანი...

ახალი და უმწიკვლო სახე არც “ნაციონალთა” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ გია ბარამიძეს ეთქმის, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში “მარადმწვანე პოლიტიკოსს” ეძახიან. სიმართლე რომ ითქვას, ეს მეტსახელი ბარამიძისთვის აბსოლუტურად ზედგამოჭრილია _ ის ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ანუ მაშინ გამოჩნდა, როცა საქართველომ “წითელ იმპერიას” თავი დააღწია. სხვათა შორის, ბოროტ ენებს თუ დაეჯერებათ, ბარამიძე თბილისის ომში მონაწილეობდა. სხვათა შორის, ამასწინათ, ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლისას გია ყარყარაშვილმა განაცხადა, გია ბარამიძე ერთადერთი “ნაციონალია”, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდაო...
ბარამიძის “მოქკავშირული” კარიერა კი, მართლაც შთამბეჭდავია და ამის საილუსტრაციოდ, სხვა თუ არაფერი, “მოქკავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობაც საკმარისია. ამასთან, 1995-96 წლებში “მოქკავშირის” გენერალური მდივანიც იყო.

“მოქკავშირული” წარსული აქვს, ასევე, “მარადმწვანე დეპუტატად” სახელდებულ გიგი წერეთელსაც. პოლიტიკაში თავის დროზე “მოქკავშირის” სახელით მოვიდა დღეს მგზნებარე “ნაციონალი” პეტრე ცისკარიშვილიც.

ხათუნა გოგორიშვილიც, ცხადია, “მოქკავშირის” პროდუქტია. ამასთან, ქალბატონი ხათუნა 1995 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების გაყალბების დიდოსტატად ითვლება.
სხვათა შორის, ახლახან, პოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე სააკაშვილის “სექენდჰენდურ” გარემოცვაზე ერთობ საინტერესო წერილი გამოქვეყნდა.
გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან:
„თავისუფლების ინსტიტუტში“ აღზრდილი, ქართული ცნობიერებისათვის უცხო იდეოლოგიის პოლიტიკოსები და ქართველი ხალხის გაღარიბებით გამდიდრებული ბიზნესმენები წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიის ბირთვს. 155-კაციან სიაში ამჟამინდელი პარლამენტის 65 წევრია, ანუ 42%-მა ისე კარგად შეასრულა მოვალეობა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მათ შეცვლას. ამ 65 წევრს შორის არიან სახეები, რომლებიც თითქმის 15-20 წელია, სხედან საპარლამენტო სავარძლებში... „მოქკავშირის“ გალერეას ღირსეულად წარმოადგენენ: მიხეილ მაჭავარიანი (“ნაცმოძრაობის” გენერალური მდივანი); მარად ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, გიორგი ბარამიძე და ხათუნა გოგორიშვილი... ეს მეტყველებს, რომ 1992 წლიდან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ შეცვლილა.”

“თეთრების” ზემოხსენებულ წერილში ხაზგასმულია, რომ “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო სიის პირველ მესამედში 14 უმუშევარი პირია წარმოდგენილი. ისე, “უმუშევარი” პირობითი მცნებაა, რადგან ეს “უმუშევრები” ის ადამიანები არიან, რომელთაც სიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო უწყებებში მაღალი თანამდებობები, კერძოდ, მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის პოსტები ეკავათ. ეს “უმუშევრები” არიან: რამაზ ნიკოლაიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი, ანდრია ურუშაძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით გაგოშიძე.

“მოცემული სიისა და მათი ოჯახების არც ერთმა წევრმა არ იცის, თუ რას ნიშნავს უმუშევრობა ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში. ასეთი უბადრუკი კომუფლიაჟით, იმედია, ამომრჩეველს ვერავინ შეიყვანს შეცდომაში,” _ ნათქვამია “თეთრების” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ნაციონალთა” საპარლამენტო სიაში ისეთებიც არიან, რომელნიც პარლამენტის აპარატში მუშაობენ...

სააკაშვილისა და მისი გარემოცვის “სექენდჰენდურ” გარემოცვაზე საუბარი მამა-შვილ გაბაშვილის გარეშე, ბუნებრივია, წარმოუდგენელია: მამა გაბაშვილი, ანუ პატივცემული კოტე ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟიდან ახსოვს. მართალია, მას შემდეგ ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ კოტე ბატონი იგივეა, ანუ “მარად და მარად” “მეფის ნავში ზის” და დღეს ზუსტად ისე ეტრფის სააკაშვილს, როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის მზეს ფიცულობდა და ამბობდა, შევარდნაძეზე დიდი სახელმწიფო მოღვაწე არ არსებობსო.

სიტყვამ მოიტანა და, იყო დრო, როცა მხოლოდ მამა გაბაშვილი კი არა, თავად მიხეილ სააკაშვილიც მიიჩნევდა, რომ შევარდნაძე წარმატებული ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი იყო. 2000 წლის 15 აპრილს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს: “...ახლა ბევრი კამათობს თუ მარჩიელობს, ვინ უნდა შეცვალოს შევარდნაძე. ჩემის აზრით, შევარდნაძე უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც წარმატებული ქართული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი, იგი უნდა შეცვალოს არა პიროვნებამ, არამედ, შევარდნაძის მიერ შექმნილმა სისტემამ, რომელშიც პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ საზოგადოების განვითარებას, არამედ, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.
შევარდნაძის სახელი დარჩება ისტორიას არა უმეცარი პასკვილანტების მლიქვნელური ხოტბა-დიდებით, ასე უხვად რომ იღვრება ზოგიერთი ფსევდოეროვნული „მოღვაწის“ პირიდან, ეს მომავალ თაობებს მხოლოდ სამარცხვინო კურიოზად თუ შემორჩებათ. მისი სახელი დარჩება, როგორც ფუძემდებელი იმგვარი სახელმწიფოებრიობისა, სადაც პიროვნების ნებაზე მაღლა კანონი იდგება და თამაშის წესები წინასწარ განსაზღვრული, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე იქნება. დღეს ეს მიზანი ბევრს მიუღწევლად მიაჩნია, მაგრამ თუ ახლავე ვიმოქმედებთ, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ სავსებით შეიძლება მივაღწიოთ ამ მოდელის პირველ სამუშაო ვარიანტს.”

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ზემოხსენებული წერილი ქართულ მედიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყდნა _ 2000 წელს ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტობაზე კენჭი მეორე ვადით იყარა.

“ჩემი კონკურენტი ხალხია!” _ ამ ისტორიული ფრაზის ავტორი “ნაციონალთა”  ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბაჩო და დათა ახალაიების მამა, როლანდ ახალაიაა, რომელსაც, თავისი ასაკიდან გამომდინარე, “სექენდჰენდური” წარსული აქვს.

“ძმებ ახალაიების გამზრდელ მამას სამეგრელოს საზღვრებში უკიდეგანო საპროკურორო თარეში აღარ აკმაყოფილებს და საპარლამენტო სავარძელში გადაჯდომა სურს, თუმცა ჯერ უცნობია, პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი პარლამენტის შენობაშიც გაიყვანს თუ არა გვირაბს და ამოთხრის თუ არა ჭას... ბატონი როლანდი საბჭოთა დროის პროკურორია, ანომალია ისაა, რომ ბატონი სააკაშვილი კომუნისტური წარსულის მქონე და შევარდნაძის ყოფილ მაღალჩინოსნებს მუდმივად ლანძღავს, თუ მის გვერდით არ დგანან, მაგრამ თუ თანამშრომლობენ, მაშინ აწინაურებს, აქებს და ადიდებს.

ბატონი სააკაშვილი უდიერად იხსენიებს პარტიის, კომკავშირის, უშიშროების ყოფილ მუშაკებს, რომლებიც მის გვერდით არ დგანან, ის კი ავიწყდება, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც თავად იყო. სამედიცინო ცენტრის კომკავშირის მდივანმა სწორედ კომკავშირული რეკომენდაციით მიაღწია კიევის უნივერსიტეტში ჩარიცხვას, საიდანაც გარიცხეს და უშიშროების აპარატის ჩარევით აღადგინეს. მოგვიანებით კი, უშიშროების ოფიცრად მუშაობდა  ბორისპოლის აეროპორტში,” _ აღნიშნულია “თეთრების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ასევე, ნათქვამია, რომ სააკაშვილის კომუნისტებისდროინდელი პირადი საქმე დღემდე გასაიდუმლოებულია.

 ამონარიდი “თეთრების” წერილიდან:
სააკაშვილი “სხვებზე რომ საუბრობს, რატომ ავიწყდება თავისი, პარლამენტარებისა და უახლოესი გარემოცვის ოჯახის წევრთა პარტიულ-კომკავშირული წარსული? მაგალითისათვის ზესტაფონის მაჟორიტარის, ბეჟან ბუცხრიკიძის, სენაკის მაჟორიტარის, გურამ მესაბიშვილის, ძმებ კუბლაშვილებისა და მამა-შვილ გაბაშვილების ოჯახების წარსულიც საკმარისია.”
“თეთრების” წერილში ყურადღება იმაზეცაა გამახვილებული, რომ “ნაცმოძრაობის” პარტიულ სიაში არაერთია ისეთი, ვინც ფული ხელისუფლებაში ყოფნით, ან ხელისუფლებასთან მეგობრობით იშოვა: “ნაცმოძრაობას” ფინანსურად აძლიერებენ „საირმისა“ და „თეგეტას” პატრონი თემურ კოხოძე, ოქროს ბნელი ბიზნესის პატრონი კობა ნაყოფია, მრავალდარგოვანი ბიზნესის მფლობელი  დავით ბეჟუაშვილი, ქართლ-კახელი გლეხებისათვის საძოვრების წამრთმევი კახაბერ ოქრიაშვილი, პროდუქტებით  ვაჭრობის მონოპოლისტი არჩილ გეგენავა...”
აი, ასე: შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ძველი სახეების, ანუ როგორც სააკაშვილი იტყოდა, “სექენდ-ჰენდების” ნაკლებობას არც “ნაცმოძრაობა” განიცდის. ამ ფონზე იმის თქმა, რომ ივანიშვილის კოალიცია წარსულზე მეოცნებეების გაერთიანებაა, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, უხერხულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა, ივანიშვილი “წარსულზე მეოცნებე” მაშინ რატომ არ იყო, როცა “ნაცმოძრაობას” ფულში “აბანავებდა”, ან სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა და-ძმებმა ახლა გაიგეს, რომ მილიარდერი რუსეთის ინეტერესების გამტარებელია?

ისე, ბატონო “ნაციონალებო”, თუკი იცოდით, რომ ივანიშვილი ქვეყნისთვის “ძირგამომთხრელ საქმიანობას” ეწეოდა და, მიუხედავად ამისა, მისგან აღებული ფულით მხოლოდ საკუთარ სახელფასო ფონდებს კი არა, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს _ ჯარსა და პოლიციასაც აფინანსებდით, ამასთან, მილიარდერს გარკვეულ რჩევებსაც ეკითხებოდით, იბადება ლოგიკური შეკითხვა: თავიდანვე რატომ არ გამოააშკარავეთ ივანიშვილის “ბნელი ზრახვები”? თქვენი დუმილი, მარტივად რომ ვთქვათ, დანაშაულის დაფარვის ტოლფასია. ის კი, ვინც დანაშაულს დაფარავს, ქართული კანონმდებლობით, დამნაშავესავით მკაცრად ისჯება. ჰოდა, პატივცემულო ბატონებო, ისე არ დაგემართოთ, თაგვმა თხარა, თხარაო... თუმცა რაც მოგივათ, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, ისიც ისევ თქვენს თავს დააბრალეთ!..