ეუთოს ყველაზე მწვავე შუალედური ანგარიში

ეუთოს ყველაზე მწვავე შუალედური ანგარიში

"ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ (ოდირმა) მუშაობა საქართველოში 22 აგვისტოს დაიწყო და ის 44 კაცისაგან შედგება. შუალედური ანგარიში მოიცავს 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე, ამომრჩევლების დაშინებაზე ხელისუფლების სასარგებლოდ, სააკაშვილის მთავარი ოპონენტისთვის დაკისრებულ ძალიან დიდი ოდენობის ჯარიმასა და ერთი ადამიანისთვის გამკაცრებული კანონმდებლობაზე. თუმცა ეს საკითხები შუალედურ დასკვნაში მოტანილია, როგორც სხვადასხვა მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ეუთოს ყველაზე მწვავე შუალედური ანგარიში / კახი კახიშვილი: "უნდა ველოდოთ, რომ საბოლოო ანგარიში უფრო მკაცრი იქნება".

"შუალედური დასკვნა გუშინ რადიო "თავისუფლებამ" გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ოდირის მისიასთან შეხვედრებზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, დაწესებული გადაჭარბებული ჯარიმების და საკუთრების დაყადაღების თაობაზე წუხილი გამოხატეს - "მათი განცხადებით, ხდება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაშინება, სიძულვილის ენის გამოყენება და ამომრჩეველთა დაშინება", - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ცალკე თავი ეძღვნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა. საინტერესო ის არის, რომ ამ დასკვნაზე საუბარი არც ხელისუფლებას სურს და არც ექსპერტთა დიდ ნაწილს. არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ დასკვნას არ იცნობენ და შეფასებას ვერ გააკეთებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ოდირის" შუალედურ დასკვნაში აქცენტები სწორად არის გაკეთებული. საჯარო მოხელეები აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. ფიზიკურ დაპირისპირებებშიც სწორედ საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ ძალიან აქტიურად. იგივე სიძულვილის ენის გამოყენების უამრავი მაგალითია და მოწოდება, რომ ასეთი პოლარიზებას არ ჰქონდეს ადგილი, ძალიან მართებულია, რადგან ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ საარჩევნოდ კი არ უპირისპირდებიან, არამედ ეს დაპირისპირება უფრო მძიმე ფორმებს იღებს. საზოგადოება არის გაყოფილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ინიციატორი არის ხელისუფლება... მთავრობის პროგრამა მთლიანად ბოლომდე გადატანილია მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში და ვეღარ გაიგებ, სად გადის ზღვარი. რაც შეეხება ჯარიმებს, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ სუბიექტი ამხელა თანხით დაეჯარიმებინოთ ერთი საარჩევნო კამპანიის პერიოდში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "საარჩევნო პოლიტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი

"ოდირი ჯერჯერობით ფრთხილობს და მთლიანად მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რადგან ეს არის პირველი დასკვნა. მაგრამ თუ გავიხსენებთ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს და ეუთოს წარმომადგენელთა ძალიან მკვეთრ განცხადებებს, ვფიქრობ, რომ ასეთი შუალედური განცხადებები ატარებს როგორც პრევენციულ ხასიათს, ასევე საფუძველს საბოლოო დასკვნის გაკეთებისთვის. უნდა ველოდოთ, რომ საბოლოო ანგარიში უფრო მკაცრი იქნება იმიტომ, რომ ისინი ამ ინფორმაციის მტკიცებულებების შეგროვებით იქნებიან დაკავებულნი და ვფიქრობ, რომ საბოლოო დასკვნა მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნება, რადგან უკვე უპრეცედენტო განცხადებები კეთდება" - მიიჩნევს კახა კახიშვილი.

"საინტერესო ის არის, ეს დასკვნა რამდენად შეიძლება გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის საფუძველი, რომ არჩევნები ჩატარებულად აღიარონ. კახა კახიშვილის განმარტებით, "გასაჩივრების შემთხვევაში არჩევნების შედეგების საკითხს სასამართლო წყვეტს და საერთაშორისო საზოგადოება სამართლებრივი აღიარების საფუძველი ვერ იქნება". მისი თქმით, მაგალითად, ბელორუსში ოდირმა დაწერა, არჩევნები ვერ შედგაო, თუმცა ეს ლუკაშენკოს ხელს არ უშლის იყოს მმართველი. თუმცა, მისივე განცხადებით, "ოდირის დასკვნას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შესაფასებლად", - წერს სტატიის ავტორი.