საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, 2012 წლის 8 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს თუ არა, "ლატუნის" კალმით მაინც ჩაიწერება. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა საქართველოს რამდენიმე ქალაქში (ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, თბილისსა და ქუთაისში) გაიმართა. სხვა ქალაქების მსგავსად, ერთი შეხედვით, იგი ქუთაისშიც პომპეზური და მასშტაბური იყო.
8 სექტემბერს, ყრილობის დღეს, იმერეთის რეგიონში სოფლებისა და რაიონების გამგებლებმა, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გაღვიძება მამლის ყივილს დაასწრეს. ან კი რა დააძინებდათ? იმ დღეს წყდებოდა მათი ბედი - საფიცარი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდნენ თუ არა თანამდებობებზე. როგორც თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნის მკვიდრმა ნათელა ქამუშაძემ გვითხრა, სოფლის გამგებელმა სისხამ დილით სოფელში საყვირით ჩამოიარა და მოსახლეობას ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე უფასოდ წაყვანას სთავაზობდა - პრეზიდენტს სურს თქვენთან შეხვედრა და თქვენი პრობლემების მოსმენაო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მოქალაქეს "ნაციონალური მოძრაობის" მაისურში გამოწყობილი ძაღლიც კი ჰყავდა წამოყვანილი.
"სოფელ გოდოგნიდან ჩამოგვიყვანეს. დღეს დილით საყვირებით ჩამოიარეს, აბა, ვის უნდა მიშასთან შეხვედრაო, და წამოვედით ოთხი ავტობუსით. იმედია, პრეზიდენტთან შეხვედრას მოვახერხებთ. ყოველ შემთხვევაში, გამგებელი დაგვპირდა, აუცილებლად შეხვდებითო" - გვითხრა ქალბატონმა ნათელა ქამუშაძემ ღონისძიების დაწყების წინ.
პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ქუთაისში დღის 15:00 საათისათვის ელოდნენ, თუმცა რაიონებიდან ხალხი უკვე შუადღის 12 საათზე ჩამოიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური ჯებირით შემოკავებული ცენტრალური მოედნიდან ხალხს დაცვის პოლიცია აღარ უშვებდა, მათ არც წყალი ჰქონდათ და მზეც უმოწყალოდ აცხუნებდა.
"დილის 11 საათის მერე აქ ვარ, წყურვილით ვკვდები და უფლებას არ მაძლევენ, გარეთ გამოვიდე. ასე მეუბნებიან, უკან აღარ შემოხვალო. ვერც ვერავინ დავინახე ნაცნობი, წყალი მაინც რომ გადმომაწოდოს" - გვითხრა ჭიათურიდან ჩამოსულმა ციალა ამბროლაძემ.
ყრილობაზე შეკრებილ ადამიანთა უმრავლესობა სკოლის პედაგოგები, დირექტორები, ბაგა-ბაღების აღმზრდელები, საკრებულოს წევრები, მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები და იმერეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი იყვნენ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წითელ და თეთრ, ხუთნომრიან მაისურებში იწონებდნენ თავს.
"სკოლაში ვმუშაობ და დირექტორმა მითხრა, სკოლიდან 20 პედაგოგი მაინც აუცილებლად უნდა იყოთ პარტიის ყრილობაზეო, მილიონი საქმე მქონდა სახლში, მაგრამ რა მექნა, წამოვედი მაინც. ამათ მტერი გადაეკიდა, მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულ არ მიხარია." - ამბობს ქალბატონი დალი.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი თევდორაძეს პრეზიდენტი წარადგენდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს მისია კაკო ბობოხიძემ იტვირთა. თევდორაძემ კი სიტყვით გამოსვლისას აქცენტები კვლავ წარსულისა და მომავლის ჭიდილზე გააკეთა.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შემდეგ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.
"ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება სურს, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები. ჩვენ გვინდა, აქ იყოს პოლიტიკურ-დემოკრატიული ცენტრი. ვისაც იმედი ჰქონდა, რომ იმის გამო, რომ ქუთაისი მათ გაჰყვებოდა და დღეს აქ ხალხი არ მოვიდოდა, გინდა ზემოდან გადაიღეთ, გინდათ კოსმოსიდან შეხედეთ, დაინახავთ, რამდენი ადამიანია დღეს აქ მოსული. ხალხი, ვინც მომავლის პერსპექტივას ხედავს, მას წარსულში დაბრუნება არ სურს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომლისთვისაც პარტია რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა, 25 წუთს გაგრძელდა, რის გამოც რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტები უკმაყოფილო დარჩნენ. მათი განცხადებით, ისინი დილიდან მობილიზებული იყვნენ ქალაქში და იმერეთის განვითარების გეგმის წარდგენას ელოდნენ, ყრილობა კი რამდენიმე წუთში დასრულდა.
P.S. იმერეთის რაიონებიდან ჩამოყვანილ ათასობით ადამიანს, ყრილობის დასრულებისთანვე, მადლობის ნიშნად მინერალური წყლით სავსე ბოთლები დაურიგეს, შემდეგ თავიანთ რაიონებში წაიყვანეს. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კი ცელოფანის პარკები და ბოთლები დახვავდა...