საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საზოგადოების მღელვარებაც იზრდება. წინასაარჩევნოდ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” პარტია “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება.
_ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია მომხდარის საკუთარ ვერსიებს ასახელებენ. როგორია თქვენი ვერსია, რა მოხდა ლოპოტას ხეობაში?
_ ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ვერსიებზე საუბარი მართებული არ იქნება, ვინაიდან, ვიდრე არ გვექნება ობიექტური ინფორმაცია, ყველა შემთხვევაში მარჩიელობა გამოგვივა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ცხადზე ცხადია, რომ აღნიშნულმა სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ისიც ცხადია, რომ ასეთ სპეცოპერაციაში ელიტარული სპეცნაზის სამი წარმომადგენელი არ უნდა იღუპებოდეს. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სპეცოპერაცია არ იყო კარგად დაგეგმილი.
ძალიან ვწუხვარ გარდაცვლილი სპეცრაზმელების გამო და ყველა დაღუპულის ოჯახის წევრს ვუსამძიმრებ. საერთოდ, ყველა ადამიანის გარდაცვალება ძალიან სამწუხაროა, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა იმ ბიჭებისა, რომლებიც თავისი რწმენით ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოდნენ.
უამრავ კითხვას ბადებს სპეცრაზმის წევრების, ადგილობრივი მცხოვრებლებისა თუ მძევლების მონაყოლიც. ფაქტია, ქვეყანაში რომ ნორმალური ვითარება იყოს, 17-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება ქვეყნის საზღვარს ვერ უნდა ლახავდეს და ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო არ უნდა ხდებოდეს.
ვფიქრობ, პირველ რიგში, სწორედ მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა. მან სცადა, ამ სპეცოპერაციის ჩატარებით რამდენიმე კურდღელი დაეჭირა, მაგრამ, ვფიქრობ, მოვა დრო და ამის გამო ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
_ რა მიზანი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს?
_ სააკაშვილს სურდა, დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ებრძვის ტერორისტებს. ამავე დროს, მან სცადა რუსეთთანაც გარკვეული ქულები ჩაეწერა. ვინაიდან ამ ნაბიჯით სააკაშვილმა უთხრა რუსეთს, რომ, თუ რუსეთი პირადად მას პრობლემებს არ შეუქმნის, ის ნებისმიერ ჩრდილოკავკასიელს მარტივად გაწირავს. ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის და ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობისა და პანიკის განცდას ქმნის.
_ დასახელდა ერთ-ერთი ასეთი ვერსიაც, რომ შეიარაღებულ პირებს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავთ და მათ საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებდნენ. ქალბატონო ნინო, თქვენ პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდით, იყავით პარლამენტის თავმჯდომარე, რა ინფორმაციას ფლობთ: იყო სამხედრო ბანაკები პანკისის ხეობაში?
_ როგორ არ ყოფილა. გვახსოვს, 90-იანი წლების ბოლოს მთელი მსოფლიო პანკისის ხეობაზე ლაპარაკობდა. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ იმ პერიოდზე, როცა ჩემი მეუღლე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ და ის მართლაც იცავდა საზღვარს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, 2003-დან 2008 წლამდე, არც ერთხელ არ მომხდარა მსგავსი ინციდენტი. თუ ხელისუფლებას უნდა, ის იცავს საზღვარს. მართალია, კავკასიის ქედი სპეციფიკური მონაკვეთია და შანსი იმისა, რომ სადღაც ვიღაც გადმოიპაროს, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არა 17-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, სანამ ვითომ მძევლებს არ აიყვანდნენ, მანამდე ვერავინ აღმოაჩინა. დღეს კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაეცემა.
_ არ გამორიცხავთ, რომ შეიარაღებული პირები მართლაც საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის საზღვარი არ გადმოულახავთ?
_ აბსოლუტურად არაფერს არ გამოვრიცხავ...
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი ისევ შევიდა ლოპოტას ხეობაში. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?
_ არ არის გამორიცხული, ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვეს, მით უფრო, როგორც აღმოჩნდა, სპეცოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზულად ეშინიათ, ამ სპეცოპერაციის შემდეგ არ ალაპარაკდნენ ის ადამიანები, რომლებმაც მართლაც იციან, რა მოხდა სინამდვილეში. ის ფაქტი, რომ ექსპერტებს აქვთ სერიოზული ეჭვი, “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთ ლიდერს, შესაძლოა, ამ ინციდენტთან გარკვეული კავშირი ჰქონდეს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. რამდენად აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი? თქვენ კარგად იცნობთ მიხეილ სააკაშვილს, დამარცხების შემთხვევაში ის შეეგუება მარცხს თუ რაიმე საშიშ პროვოკაციას შეიძლება ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან?
_ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც მარცხს ეგუება.
ადამიანი, რომელიც 11 ქალაქში “ნაციონალური მოძრაობის” საჩვენებელ ყრილობას ატარებს, დათმობასა და წაგებას არ აპირებს. ხელისუფლება ორიენტირებულია მოგებაზე და ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა მის უპირობო მოგებას ახლავე შეაჩვიოს. ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ყველაფრის გამო სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევთ, ბუნებრივია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.
_ ამ ყველაფერში იგულისხმება, რომ შესაძლოა, ომის საფრთხეც დადგეს ქვეყნის წინაშე?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილს თუ დასჭირდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომსაც დაიწყებს.
_ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტს როგორ შეაფასებთ? მართალია, სენატორებმა განაცხადეს, რომ არც ერთ კანდიდატს არ ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ამავე დროს თქვეს, რომ ვამაყობთ იმ პროგრესითა და დემოკრატიით, რაც საქართველოშიაო. ნიშნავდა თუ არა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ირიბ მხარდაჭერას?
_ როცა ამერიკელი სენატორები საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე ლაპარაკობენ, თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ, ვინაიდან ამით, ფაქტობრივად, იმავე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის იგნორირებას ახდენენ, რომელშიც წერია, რომ საქართველოში სერიოზული ელიტარული კორუფციაა, ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, პრობლემებია სასამართლო სისტემაში და ამის შემდეგ რომელ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მაინტერესებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მე არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები ობიექტურები არიან. ვინაიდან, ისინი არიან სააკაშვილის პირადი მეგობრები და ჩემთვის მაკკეინის აზრი საქართველოსთან მიმართებაში, ნამდვილად არ არის გადამწყვეტი. მაგალითად, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მაინა კიაის აზრი, რომელიც ობიექტურად შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო და შეხვდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის, იმათაც, ვისზეც ხელისუფლება კატეგორიულად სთხოვდა არ შეხვედროდა. მან მოისმინა განსხვავებული მოსაზრებები, შეისწავლა ფაქტები და 26 მაისთან დაკავშირებით უმძიმესი დასკვნა წარმოადგინა. ჩემდა სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ მაკკეინის მხრიდან სურვილს, რეალური სურათი დაინახოს საქართველოში.
ამერიკელი სენატორების ვიზიტის მიზანი ერთმნიშვნელოვნად სააკაშვილის მხარდაჭერა იყო, სხვა არაფერი და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან სააკაშვილი კარგად ასრულებს იმ დავალებებს, რაც შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და სულაც არ უნდა გავბრაზდეთ იმაზე, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს მაკკეინი ან ვინმე სხვა არ აკეთებს.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილი დამარცხების შემთხვევაშიც არ დათმობს პოზიციებს. როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი, ის შეეგუება მეორე ადგილს?
_ დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, რადგან მან საზოგადოებას პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან განუცხადა, რომ ის გაიმარჯვებს და მოუგებს სააკაშვილს ბრძოლას, მინიმუმ ორ მესამედს შეიყვანს პარლამენტში და შესაბამისად, პრემიერის პოსტსაც დაიკავებს. აქ იმაზე არ არის საუბარი, შეეუება თუ არა ივანიშვილი ან მისი კოალიციის ზოგიერთი წევრი მეორე ადგილს, აქ უკვე საკითხავია, ხალხი შეეგუება თუ არა. ხალხი იმას კი არ ელოდება, რომ “ქართული ოცნება” 20-30 და თუნდაც 40 კაცით შევა პარლამენტში, არამედ ელის, რომ “ქართული ოცნება”, უმრავლესობით შევა პარლამენტში და რეალურ რეფორმების განხორციელებას დაიწყებს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს მიდიან “ქართული ოცნების” აქციებზე და მათ მხარდასაჭერად მუშაობენ, დიდი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ კეთილდღეობას და, “ქართული ოცნების” მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, მათ დიდი პრობლემები ემუქრებათ. მე არა მგონია, ივანიშვილი მშვიდად დაჯდეს და დაელოდოს, რა ციფრებს დაუწერს სააკაშვილი.
_ ანუ შესაძლოა, კიდევ ერთ რევოლუციას ველოდოთ საქართველოში?
_ არა, მე არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ შორის სერიოზული თანამშრომლობა ამ ეტაპამდე არ შედგა, აქედან გამომდინარე, მე მათი გეგმები არ ვიცი. შესაძლოა, მათ რაიმე ისეთი რეცეპტი აქვთ, რომ ყოველგვარი დაპირისპირებისა და რევოლუციის გარეშე მოხდეს ცვლილებები. მე მხოლოდ გამიხარდება, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება აიძულო სააკაშვილი, გააფორმებინო წაგება. ალბათ, სერიოზულად მუშაობენ, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება და მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება.
_ თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს და საკმაოდ დიდხანს ისაუბრეთ, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ თქვენგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინა, რამაც გააოცა. ადრე ინტერვიუში მითხარით, რომ ბევრი რამ იცით და, როცა დრო მოვა, იტყვით. რა იცით ისეთი და რატომ არ ამბობთ, როდის მოვა ყველაფრის თქმის დრო?
_ იყო ქვეყნის პირველი ან მეორე პირი, არამარტო პრივილეგია, არამედ ვალდებულებაცაა. შესაძლოა, ბევრი რამ იცოდე, მაგრამ, რაც არ უნდა გაბრაზდე და უნამუსოდ იყო დევნილი და შეურაცხყოფილი ხელისუფლებისგან, არ ნიშნავს, რომ დადგე და ყველაფერი ილაპარაკო. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას?! სააკაშვილის საქციელი თავად ლაპარაკობს ყველაფერზე. რამდენი კაცი ზის უსამართლოდ ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ვიღაც ნაციონალმა, ტერიტორიები დაგვაკარგვინეს, ახალგაზრდობას ტვინი მოუწამლეს, ყოველდღიურად იტყუებიან, ქვეყანას ფუნქცია დაუკარგეს, ყიდიან ქვეყანას, ამაზე მეტი რა უნდა ითქვას? კაცმა ლენინივით კლასობრივი ბრძოლა გამოაცხადა და თქვა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი კლასობრივი მტრები უნდა განადგურდნენო და ესენი არიან დემოკრატები? რომელი დასავლელი დემოკრატი პოლიტიკოსი იტყოდა მსგავს რამეს არჩევნების დროს? ქვეყანაში ურთულესი და უმძიმესი მდგომარეობაა.
ორ კვირაში არის გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება ან მართლა მოჰყვეს რეალური ცვლილებები, ან უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს. ღმერთმა ქნას, არ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, მაგრამ სააკაშვილი არაფერს მოერიდება. მისი საუბარი კლასობრივ ბრძოლასა და მოწინააღმდეგის განადურების შესახებ, ამის მანიშნებელია. მისი საუბარი ზონდერბრიგადებისთვის “მწვანე შუქის” ანთებას ნიშნავს, თუ საჭირო გახდება, დახოცეთ ყველა, ვინც ჩვენს გამარჯვებას ხელს შეუშლისო.
_ რატომ არ შედგა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობა? რამ ან ვინ შეუშალა ხელი ამას?
_ არ ვიცი და არც მიკითხავს ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს, უბრალოდ, არაკორექტული იქნებოდა ჩემი მხრიდან და, რომც ვიცოდე, ამაზე ახლა არ ვილაპარაკებდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ერთობა არ შედგა. რადგან ჩვენ დღეს უკვე მოგებული გვექნებოდა ეს არჩევნები, რადგან სააკაშვილი მთელ ოპოზიციასთან დაპირისპირებას ვერ შეძლებდა. მან მაინც შეძლო ოპოზიციური ხმების დაყოფა. ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გავაკეთეთ. გადავდგით მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი პოლიტიკურ პრაქტიკაში და, საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადავდეთ. მე ვამაყობ, რომ პარტიაში პრაქტიკულად ერთხმად, ერთსულოვნად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა ადკვატურად შეაფასა ჩვენი გადაწყვეტილება. მან შეხვედრისას მითხრა, რომ ეჭვიც არ ეპარება, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა სერიოზულ ხმებს მოაგროვებდა და სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, ამიტომ კიდევ უფრო აფასებს ჩვენს გადაწყვეტილებას.
_ თუმცა საზოგადოება ელოდებოდა, რომ თქვენ კახა კუკავასთან და აკაკი ასათიანთან ითანამშრომლებდით...
_ აკაკი ასათიანთან ალიანსზე აქტიური მოლაპარაკება არც გვქონია, კახა კუკავასთან და თემურ შაშიაშვილთან მართლაც მიმდინარეობდა საუბარი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ასეთი ალიანსი რომ შემდგარიყო, ეს კიდევ უფრო გაართულებდა ოპოზიციური სპექტრისთვის ვითარებას. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სრული ოპოზიციური ერთობა არ შედგა.