საარჩევნო კოდექსის შავი ხვრელები

საარჩევნო კოდექსის შავი ხვრელები

"არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და სულ უფრო აქტუალური ხდება არჩევნების პროცედურის საკითხი. ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს რამდენიმე ისეთი საკითხი, რაც დიდი ალბათობით პრობლემური იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საარჩევნო კოდექსის შავი ხვრელები.

"საქართველოს მოქალაქეების ნაწილს საშუალება ექნება, ორ არჩევნებზე ორ ადგილას მაინც მისცეს ხმა. მათ ამის საშუალებას ახალი საარჩევნო კოდექსი აძლევს. ამასთან, უბნებზე აღარ მოხდება გაუქმებული და გამოუყენებელი ბიულეტენების დათვლა, რასაც ექსპერტები ბალანსის დადგენისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებად მიიჩნევენ. გაზაფხულზე "საარჩევნო კოდექსში" რამდენიმე ცვლილება შევიდა იმ არგუმენტით, რომ საჭიროა საარჩევნო პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა, თუმცა ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე საკითხს საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევენ. ამ საკითხებს შორის არის რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების თემა და ბიულეტენების დათვლის პროცედურა", - აღნიშნავს გამოცემა.

"საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა ნორმა, რომლის თანახმად, ამომრჩევლები ერთიან სიაში შეჰყავთ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ამასთან, ასეთი პირები საარჩევნო უფლებას ახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააჩნიათ რეგისტრაციის მოწმობა. საია-ის წარმომადგენელი თათული თოდუა კი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ახალი ნორმა იმას ნიშნავს, რომ სიების გადამოწმების კომისია რეგისტრაციის არმქონე პირებს ძველი მისამართის გამოყენებით აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. "ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და საეჭვოა, რამდენად კანონის შესაბამისად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ისეთი მიდგომა, რომ მომხდარიყო მათი მაქსიმალური ინფორმირება და წახალისება, რომ გაეკეთებინათ რეგისტრაცია ახალი საცხოვრებლის მიხედვით და ხმა ნამდვილი მონაცემების მიხედვით მიეცათ. როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილ ადამიანებს ძველი მისამართით აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, არსებობს იმის რისკიც, რომ მათ გააკეთონ ახალი მისამართით რეგისტრაცია და ამით არსებობს იმის რისკი, რომ მათ ორმაგად მისცენ ხმა", - ამბობს თათული თოდუა. მის ამ მოსაზრებას იზიარებს დამოუკიდებელი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაციც", - დასძენს გამოცემა.

"ეს არის უარესი გადაწყვეტილება, ვიდრე იყო გასული არჩევნების დროს, იმიტომ რომ რეალურად იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ არიან კონკრეტულ უბანზე რეგისტრირებული, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს ისეთი ამომრჩეველი, რომელიც რეალურად ამ ოლქში არ არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე მიგვაჩნდა, რომ ამ ამომრჩევლებს მაჟორიტარის არჩევნებში მაინც არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ის არგუმენტი კი, რომ არ შეიძლება ადამიანებს საარჩევნო უფლება შეეზღუდოთ, მიუღებელია, რადგან ამ პრობლემის მოგვარება სხვანაირადაც შეიძლებოდა. იმავე სიის დამდგენ კომისიას ჰქონდა დიდი დრო და შეიძლებოდა ფართომასშტაბიანი კამპანია განეხორციელებინათ, რათა მათ საკუთარი თავის რეგისტრაცია მოეხდინათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს იქნება ძალიან ძნელი საკონტროლებელი, რომელ ოლქში რამდენმა ადამიანმა მიიღო რეგისტრაციის გარეშე მონაწილეობა და რამდენი იქნება მიწერილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინა ხატისკაცი.

"მეორე პრობლემა კი უკვე ბიულეტენების დათვლის წესთან არსებობს. კონკრეტულად საუბარია გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების საკითხზე. საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, რომ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. ახლა კი მათ ეს უფლება აღარ ექნებათ. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს. "გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები არსად არ ფიქსირდება და აქამდე მხოლოდ დამკვირვებლებს ჰქონდათ საშუალება, ეს ბიულეტენები დაეთვალათ და თავისთვის მაინც ჰქონოდათ ინფორმაცია. დღეს კი ამის საშუალებაც აღარ იქნება", - ამბობს თათული თოდუა. აღსანიშნავია, რომ "ეს შენ გეხებას" მოთხოვნა იყო, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ეს ინფორმაციაც საჯარო ყოფილიყო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ გაითვალისწინეს, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა", - წერს სტატიის ავტორი.

"მმართველი პარტია წლიდან წლამდე აანალიზებს, რა პრობლემების წინაშე დგება არჩევნების დროს თუ მის შემდეგ და ამ ანალიზის შედეგად ხდება იმ საკითხების გადახედვა, რის გამოც საჩივრები იწერება ხოლმე. ამიტომაც ცვლის კანონს ისე, რომ დამკვირვებელს ან საარჩევნო სუბიექტს არ ჰქონდეს საჩივრის დაწერის საშუალება. იგივე ვითარებაა შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებითაც. სადავო ხდებოდა ყოველთვის იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვანაირად აღრიცხავდა, რამდენი ამომრჩეველი შევიდა, რამდენი ბიულეტენი გაფუჭდა და ჯამში არ იძლეოდა რაოდენობრივ ბალანსს და ახლა ფაქტობრივად მივიღებთ ისეთ შემაჯამებელ ოქმს, სადაც მხოლოდ საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ხმების შედეგები უნდა ასახო. ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ბალანსი გამარტივდეს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.