ბურჯანაძემ სააკაშვილის ფრაქცია დატოვა

ბურჯანაძემ სააკაშვილის ფრაქცია დატოვა

ჯერ კიდევ ყველაზე დიდი ფრაქციის რიგებს გუშინ კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა. ამჯერად ფრაქცია სმკ-ს რიგები ნინო ბურჯანაძემ დატოვა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაბიჯი სხვებმაც გადადგან.

მანამდე კი პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას ხსნის. რჩეულიშვილის მეხუთე ვიცე-სპიკერად დანიშვნას პარლამენტის ბიუროს წევრმა პროტესტით უპასუხა - ბურჯანაძემ ფრაქცია დატოვა, მაგრამ უმრავლესობის წევრად დარჩა. სოციალისტთა ლიდერმა მიზანს საკმაოდ ხანგრძლივი ომის შემდეგ მიაღწია. ბურჯანაძის განმარტებით, ვიცე-სპიკერის პოსტისთვის მან საკმაოდ დიდი შრომა გასწია. თუმცა არ დააკონკრეტა, ზუსტად რას ნიშნავდა ეს შრომა. ერთი ფრაზით განმარტა მხოლოდ, რომ რჩეულიშვილი თითოეულ დეპუტატთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

ფრაქციამ ბურჯანაძის განწყობა კარგად იცოდა. მაგრამ არჩევანი მაინც სოციალისტთა ლიდერის სასარგებლოდ გაკეთდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ეს საკითხი კენჭისყრაზე არც უნდა დაეყენებინა. ზურაბ ჟვანია თავის მხრივ განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით უმრავლესობამ აჩვენა, რომ ყველანაირი დაპირისპირების პირობებში სურს თანამშრომლობის სულისკვეთების შექმნა.

როგორც ჩანს, ქალბატონი ნინო ამ სულისკვეთებას „შეეწირა“. მეორე მხრივ, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკას თავისი თამაშის წესები აქვს.

ასეა თუ ისე, ბურჯანაძემ ფრაქცია დატოვა. მისი არგუმენტით, რჩეულიშვილს ის ვერც პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს აპატიებს და ვერც სმკ-ს ლანძღვას. თუმცა, როგორც წესი, ამგვარი ოფიციალური განმარტებების უკან არაოფიციალურ მიზეზებსაც ხშირად ვეძებთ ხოლმე.

და მაშინ, რა შეიძლება ასეთი რადიკალური მიზეზის საბაბი გამხდარიყო? როგორც ირკვევა, ფაქტები არათუ ბევრია, საკმაოდ სერიოზულიც არის. მეორე მხრივ, ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებას ბურჯანაძე არ ღებულობს არც მაშინ, როცა თერჯოლაში მისი მამა ორთაბრძოლას აგებს სოციალისტთა პარტიის ერთ-ერთ წევრთან. ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებას ის არც მაშინ ემხრობა, როცა მის ქმარს საკუთარი ფრაქციის წევრმა საშინელი ბრალდებები წაუყენა.

რეზო ადამიამ ბადრი ბიწაძის სამსახური, ფაქტობრივად, სოლიდური ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. ასეთ  გადაწყვეტილებაზე ბურჯანაძეს არც მაშინ უფიქრია, როცა ფრაქციაში დეპრივატიზაციის პოლიტიკაზე ალაპარაკდნენ. მაშინაც მისი მამის ფიგურა ამოტივტივდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დეპრივატიზაცია (როგორც ეს დადგა დღის წესრიგში) მხოლოდ პოპულისტური განცხადებებია, რომლის შესრულებაც არარეალურია... შეგახსენებთ მხოლოდ, რომ პირველად გლობალურად ეს საკითხი სააკაშვილმა დასვა. შემდეგ ჟვანიას ბევრჯერ მოუწია განემარტა, რომ ეს თემა სულაც არ გულისხმობს განკულაკებას, რომ საუბარია მხოლოდ სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო ობიექტებზე.

მიხეილ სააკაშვილმა თავის ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას სერიოზული დანაკლისი განიცადა. მისი ფრაქცია ნელ-ნელა თხელდება. ძირითადი პრეტენზია, რაც მის მიმართ თანაფრაქციელებს აქვთ, ეს სააკაშვილის მუშაობის სტილია. ანუ ძალიან ხშირად ის უფრო დაპირისპირებაზე მუშაობს, ვიდრე ერთიანობის შენარჩუნებაზე.

მაგალითი სახეზეა. გამყრელიძე-გაჩეჩილაძე სწორედ ფრაქციის თავმჯდომარის მუშაობის შედეგია. არსებული ინფორმაციით, სწორედ ფრაქციის თავმჯდომარემ გამოაცხადა ისინი შეთქმულების ორგანიზატორებად. ოღონდ ამ შემთხვევაში ისინი ბომბეიდან ლონდონამდე კი არ თხრიდნენ გვირაბს, არამედ პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს „ებრძოდნენ.“

სააკაშვილს ხშირად იმასაც საყვედურობენ, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და საჭიროდ არ თვლის, ის ბიუროს სხვა წევრებსაც გაუზიაროს. ასე მოხდა თუნდაც მაშინ, როცა პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ნაწილდებოდა.

და აქ, ალბათ, თავად ჟვანიას სისუსტეებიც უნდა ვეძებოთ. სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ზედმეტ ფსონს დებს მხოლოდ ერთეულებზე და ამით დანარჩენებს ეჭვებისა და უკმაყოფილების საბაბს ან საფუძველს აძლევს.

კიდევ საუბრის სხვა თემაა, რამდენად გაამართლებს რჩეულიშვილის გავიცესპიკერობა. მით უფრო, რომ სერიოზული პრეტენდენტები არსებობს. ერთხელ, სხვათა შორის, ამ სოციალისტთა ლიდერის ინტერესებს ბურჯანაძე უკვე „შეეწირა“. პაპსეკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალბატონმა ნინომ ბატონ ვახტანგს პარტიული ინტერესების გამო დაუთმო. თუმცა საპასუხოდ სმკ-მ ვერაფერი მიიღო. რჩეულიშვილი პარტნიორობის სულისკვეთებას მხოლოდ მაშინ იჩენს, როცა რაღაცა მიზნის მიღწევა სურს. რა შეიცვლება ამჯერად? სჯობს, ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ.

პარალელურად, სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ თანაფრაქციელები სააკაშვილის მისამართით პრეტენზიებს. ძალიან ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ბატონი მიხეილი ყველაზე უკეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას გამოიყურებოდა. სერიოზული დანაკლისების ფონზე ალბათ დაფიქრდებიან, რამდენად გაამართლა სააკაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის აპლუაში...