"როგორ მიბედავთ, რომ მეკითხებით, არჩევნებში ხმას ვის აძლევო?!"

რედაქციაში სასკოლო რვეულის ფურცლებზე დაწერილი ოთხგვერდიანი წერილი მოვიდა, რომელსაც ხელს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გია კირაკოზაშვილის დედა, ქალბატონი ნანი კირაკოზაშვილი აწერს. წერილს, რომლის უემოციოდ წაკითხვაც შეუძლებელია, ეპიგრაფად ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული: "...შვილები დაგვიხოცეს, აგვისტო აატირეს, დედები გაგვაწბილეს..." `ქართული სიტყვა" წერილს მცირედი შემოკლებითა და უკომენტაროდ გთავაზობთ, თუმცა ერთს მაინც ვიტყვით: ხელისუფლება მუდამ ე.წ. რუსული საფრთხით აპელირებს. რუსეთი, რასაკვირველია, ოკუპანტია, მაგრამ ისე არ უნდა მოიქცე, რომ ოკუპანტებს გმირულად შეწირული ქართველი ჯარისკაცის დედის რისხვა დაიმსახურო?!

"...ალბათ, ზოგიერთმა იცით, ან გსმენიათ, თუ როგორი მძიმეა შვილის სიკვდილი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ ჩემს შვილს სამშობლოს სიყვარული ვასწავლე. სულ ეს სიტყვები ჩამესმის: "მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადაც შერგებია, მამულისთვის სიკვდილი ვისაც დანანებია!~ ღმერთმა ყველას გაშოროთ ჩემისთანა ტკივილი, მაგრამ მეორედ რომ დაიბადოს, ჩემს შვილს ისევ კარგად შევასწავლი და შევაყვარებ თავის ქვეყანასა და სამშობლოს!

ჩემო ძვირფასებო, მე მხოლოდ ერთი გმირის დედა არ ვარ, მე იმ 169 გმირის დედა ვარ, რომელიც ამ დაგეგმილ ომში ღირსეულად დაიღუპა. ძალიან მტკივა გული, რომ ამ ბიჭებს დროზე არ მიხედეს, ზოგი კი, საერთოდ ვერ იპოვეს და დღემდე დაკარგულად ითვლება...

ოთხი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, მაგრამ დრომ ვერ მოაშუშა ჩემი ტკივილი - დრო მიდის, ტკივილი კი, ღრმავდება, მონატრება ძლიერდება...

ჩემო ძვირფასებო, ჩემმა შვილმა საქართველოს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა.

დავიღალე, ხალხო!

ჩემსავით, რამდენი მშობელი დაიღალა ამ ოთხი წლის განმავლობაში იმის მოლოდინით, რომ ვერ ვეღირსეთ ამ მშიშარა ხელისუფლების წასვლას. ჩვენს გმირებს არ ეკადრებათ, რომ ასეთი მთავარსარდალი ჰყავდეთ!

კახეთში იძახდა, მთელი საქართველო ფეხზე დგას თქვენს დასახმარებლადო, მაგრამ მისი არ მჯერა _ ომში დაღუპულ ჩვენს ლამაზ გმირ შვილებს არ მიხედა, დროზე, რომ გადმოესვენებინა და ისე დაგვეტირა, როგორც ჩვენი წესია, თავზე ხელი გადაგვესვა და მადლობა გვეთქვა თავგანწირვისთვის.

მეტსაც გეტყვით, ჩემი ძვირფასები: იმ დროს, როცა ჩვენი გმირი შვილები გორსა თუ ცხინვალში, თაკარა მზეში, მიწაზე შიშველ-ტიტვლები იწვნენ, ამ, მაპატიეთ და, უბადრუკმა ხელისუფლებამ თბილისში კონცერტი გამართა და გამარჯვებას ზეიმობდა. ძალინ მწყინს წაგებული ომისა და დამარცხებული მთავარსარდლის ზარ-ზეიმი. ყველას სიკეთე გქონოდეთ და, წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას, უმამოდ დარჩენილი სამი ბავშვი და მერე, განმსაჯეთ!

ჩემო კარგებო, მე დასაკრგი აღარაფერი მაქვს - ჩემთვის ყველაფერი დასრულდა და მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა იმ ლამაზ საქართველოში იცხოვრონ, რომელი საქართველოსთვისაც ჩემმა შვილმა თავი გასწირა!

...ნუთუ, ასე შეუძლებელია, რომ სკოლას, სადაც სწავლობდა, ჩემი შვილის სახელი დაერქვას? ძალიან ბევრი გმირის სახელი დაერქვა სკოლას, სადაც ეს გმირები სწავლობდნენ, მაგრამ იმ სკოლას, რომელიც ჩემმა შვილმა დაამთავარა, გია კირაკოზაშვილის სახელს არ არქმევენ. იმიტომ ხომ არა, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი ვარ? -არ ვიცი. თავდაპირველად რაღაც დაბეჭდილი ქაღალდი მომიტანა სკოლის დირექტორმა, რომ 20 წელი არ შეიძლება სკოლისთვის სახელის დარქმევა. მერე, სკოლამ რატომ უნდა ზიდოსო. არ ვიცი, რა უნდა ზიდოს... ჩემი მეუღლე მექანიკოსი, პატიოსანი და უაღრესად მშრომელი იყო, ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. მამამთილი -სამმამულო ომის მონაწილე, თავმდაბალი და პატიოსანი. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი პატრიოტული სულისკვეთებით ვერ განიმსჭვალებოდა. სწორედ ბაბუა და მამა უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს...

გულს სწყინს, თორემ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. შვილმკვდარ მშობელს ნუგეში არ აქვს, ერთადერთი ნუგეში გარდაცვლილი შვილის პატივისცემა და დაფასებაა.

ჩემთვის აგვისტო ტრაგიკული თვეა: 2008 წლის 2 აგვისტოს გავაცილე ჩემი შვილი. კარი რომ გავუღე, ვკითხე, პარასკევს, 8-ში ხომ მოხვალ-მეთქი. ჰო, ჰოო და ისე წავიდა, არ შემომხედა. წავიდა და წავიდა... მერე, 7 აგვისტოს სამჯერ დამირეკა, დედა, ვენახი შეწამლე, წამალი არ დაუგვიანდესო. ალბათ, ჩემი ხმის გაგონება უნდოდა...

9 აგვისტო მწარეა ჩემთვის -ზუსტად 33 წლის და ექვსი თვის ასაკში დაგვტოვა საბოლოოდ. დარჩა ორი ვაჟკაცი და ერთიც ქალიშვილი, რომელიც მუცელშივე დაობლდა...

აგვისტოს 29-ში დაგვიბარეს თავდაცვის სამინისტროში, აუცილებლად მოდით, მინისტრს უნდა თქვენთან შეხვედრაო. ჩავედით ზოგი აღმოსავლეთიდან, ზოგი _ დასავლეთიდან. მინისტრი არ დაგხვდა... განადგურებულ მშობლებს ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები შეგხვდნენ. ვუთხარით ჩვენი ტკივილის შესახებ და დარბაზი თვალცრემლიანებმა დავტოვეთ.

ჩემი ძვირფასებო, მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: დედა კვდება მაშინ, როცა შვილი უკვდება. მე ერთხელ უკვე მოვკვდი და ძალიან გთხოვთ ყველას, ამათაც და იმათაც, ამ ორადგაყოფილ, გახლეჩილ ხალხს, განსაკუთრებით, ხელისუფლებას, ჩემს ობოლ შვილიშვილებს ვასწავლი სამშობლოს სიყვარულს, პატიოსნებას, სიმართლეს და უმორჩილესად გთხოვთ, მეორედ ნუ მომკლავთ!

9 აგვისტოს, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ოთხი წლისთავზე, საფლავზე სამი მეგობარი მოვიდა, მაგრამ სახლში არ წამოვიდა, ხელისუფლებისგან პრობლემა არ შეგვქემნასო. არადა,

თუ ვინმე ჩემს შვილზე რამეს მოიგონებს, ეს შვილს მიცოცხლებს. მართალია, სახლში არ შემოხვედით, მაგრამ ყველამ, ვისაც ჩემი შვილი გახსოვთ, გაიხარეთ!

როგორც იქნა, ამ დამძიმებული გულით გაიარა 29 აგვისტომ, გათენდა 30-ი... ჩვენი სოფლის მღვდელი, მამა თეიმურაზი მობრძანდა, სახლი უნდა ვაკურთხო, თან დამარიგა, ერთი კვირა არავისზე გაბრაზდეო. რამდენიმე დღის მერე, ვენახში წავედი. გზაში გამაჩერეს და მკითხეს, ვის აძლევ არჩევნებში ხმასო. გავმწარდი და მივუგე, როგორ მიბედავთ, რომ მეკითხებით, ხმას ვის ვაძლევ-მეთქი... გაოგნებული ვარ, ამდენი სისხლისღვრის მერე, კიდევ კითხულობენ, ხმას ვის აძლევო...   

ჩემი ძვირფასებო, გასკდა გული, აღარ შემიძლია მაგათი ყურება! როგორ შეიძლება მაგათი ნდობა? - რამდენი ადამიანი ქუჩაში დახვრიტეს, რამდენი უკანონოდ დაიჭირეს, რამდენი ომში დაიღუპა... რა გვჭირს, ხალხო? - გონება მოიკრიბეთ, რომ მერე, ჩემს დღეში არ აღმოჩნდეთ. თავის დროზე ირინა ენუქიძისთვის რომ დაგვეჭირა მხარი, შეიძლება, დღეს ჩემი შვილი და ბევრი სხვაც ცოცხალი ყოფილიყო!

ჩემო ძვირფასებო, 2003 წელს, როცა პრეზიდენტი ტელევიზიით გამოდიოდა და ათას რამეს გვპირდებოდა, ჩემი მეუღლე სიხარულით ტიროდა, მაგრამ ეს დაპირებები ცრუ აღმოჩდა. სიცრუეზე აგებულ ქვეყანაში ცხოვრება ყველასთვის მიუღებელია! მე აღარ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება, მომწყინდა ამდენი უსამართლობა, ტყუილი, სისხლისღვრა... მინდა, მოვიდეს სიმართლის დრო! მინდა, ვიცხოვროთ პატიოსან ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემს შვილს სურდა!~