ლისაბონი: ნატო-ს ყველაზე დრამატული სამიტი?

ლისაბონი: ნატო-ს ყველაზე დრამატული სამიტი?

რუსეთის მონაწილეობა და ავღანეთთან დაკავშირებული გეგმების ირგვლივ უთანხმოება, „განახლებული ნატო-ს“ სამიტს ლისაბონში მეტ სიმწვავეს სძენს

„დრამატული“ ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვეულებრივ ნატო-ს სამიტებთან ასოცირდება, თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ დასავლელი ჩინოვნიკები უსაზღვროდ ღელავენ ლისაბონში ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელსაც ისინი ათწლეულის განმავლობაში (და შესაძლოა ცივი ომის შემდეგაც) ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უწოდებენ. 

ბარაკ ობამას სიხარულის საფუძველი აქვს: ეს არის იშვიათი საგარეო პოლიტიკური წარმატება, კერძოდ კი რუსეთის სერიოზული დაახლოვება დასავლეთთან, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ლისაბონში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფნა, როგორც ჩანს, ძირითადად სიმბოლური იქნება, თუმცა „დიდ ოცეულთან“ და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი იმედგაცრუებების შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ შუალედურ არჩევნებში მარცხზე, ობამასთვის ის დიდი პოლიტიკური პლუსი გახდება.

როგორც მოსალოდნელია, რუსეთი პრინციპულ თანხმობას განაცხადებს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პროექტზე მუშაობის შესახებ, რომელიც პოტენციურად შესძლებს ევროპის, მათ შორის თურქეთის დაცვას (თუკი თურქეთი საბოლოოდ გაარკვევს ვისთანაა – აღმოსავლეთთან თუ დასავლეთთან). ეს იმას ნიშნავს რომ მოსკოვი, რომელიც გაცხარებით ეწინააღმდეგებოდა ანტი-სარაკეტო ფარის უფრო აგრესიულ პროექტებს ბუშის ადმინისტრაციის დროს, კარდინალურად ცვლის პოზიციას.

„თუკი ეს იქნება თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა, დაწყებული ერთობლივი ანალიზიდან და ყველა იმ რისკის ერთობლივი შეფასებიდან, რომლებიც არსებობს სარაკეტო გავრცელების სფეროში, მაშინ ასეთი თანამშრომლობა აბსოლუტურად შესაძლებელია“ – განაცხადა ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასასრულის დაფიქსირებას და არამხოლოდ დავასრულებთ მას, არამედ ჩამოვაყალიბებთ ამოცანებს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის“.

როგორც ადრე Guardian-ი იუწყებოდა, მოსალოდნელია რომ რუსეთი მნიშვნელოვნად გაზრდის ნატო-ს დახმარებას ავღანეთში, მათ შორის ავღანურ ძალებს ვერტმფრენებს გადასცემს, გააფართოვებს ტრანზიტს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და მონაწილობას მიიღებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლაში. „ეს რეალური შანსია ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ წარსულის აჩრდილებს“ – მიაჩნია ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს.

მას მხარი დაუჭირა ქაბულში რუსეთის ელჩმა ანდრეი ავეტისიანმაც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ომი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. „ავღანეთის ჩრდილოეთში სიტუაციის გაუარესება უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს ლამის უშუალოდ ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვართან ხდება, ამიტომ ჩვენ ვშიშობთ რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ნარკოტიკები ჩვენსკენ მოემართება“ – განაცხადა მან.

აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნაყოფია ასევე მოსკოვის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა და თეირანისთვის თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემაზე უარის თქმა, თუმცა ნდობა კვლავ ძალიან მყიფეა. თუკი ობამა ვერ შესძლებს სენატის დარწმუნებას იმაში, რომ მან სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებაზე ახალი შეთანხმება უნდა დაამტკიცოს, რომელიც რუსეთთან შარშან გაფორმდა, ან თუკი ნატო-ს პარტნიორი საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო-ს დაადებს, შეიძლება ყველა გათვლა ჩაიშალოს.

ლავროვისთვის გაცილებით ნაკლებ ოპტიმიზმს იწვევს რუსეთის შეშფოთების კიდევ ერთი საგანი (რასაც ზოგიერთი ევროპელიც იზიარებს) – კერძოდ კი ის, რასაც თავად უწოდებს „ნატო-ს მისწრაფებას ძალის გამოყენებისკენ ალიანსის ტერიტორიის მიღმა“. ნატო-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ალიანსი არ აპირებს „მსოფლიო პოლიციელად“ გადაქცევას. თუმცა მისი 21-ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ლისაბონში უნდა გამოქვეყნდეს, ითვალისწინებს ბლოკის გლობალური როლის გაფართოვებას „ერთობლივი უსაფრთხოების სფეროში“, რაც მოიცავს ბრძოლას ბუნებრივ კატაკლიზმებთან, მოულოდნელ გეოპოლიტიკურ კრიზისებთან, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას.

„განახლებული ნატო-ს“ ახალი მისია ახალი საფრთხეებისა და პრობლემების მქონე შეცვლილ სამყაროში, თანამშრომლობის განვითარებას და ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედებას უნდა დაეფუძნოს, თუმცა სურვილები და რეალობა ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კერძოდ შენარჩუნებულია უთანხმოება ცივი ომის პერიოდიდან ევროპაში ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების არსებობაზე, ასევე მსოფლიო ბირთვული შეიარაღების ტემპებზე. სამხედრო ბიუჯეტები იწურება. ალიანსს და ევროკავშირს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა ფაქტობრივად არ არსებობს. 

უთანხმოება ასევე შენარჩუნებულია ავღანეთის ირგვლივ – ნატო-ს უმსხვილეს ერთობლივ ოპერაციაზე. კანადამ და ნიდერლანდებმა, აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნიდან საკუთარი სამხედრო ნაწილები გაიყვანეს, თუმცა ისევ ამერიკელთა ზეწოლის გამო, ისინი დასთანხმდნენ ამ ძალების ნაწილის დატოვებაზე ინსტრუქტორების სახით. უკმაყოფილონი არიან სხვა ევროპელი მოკავშირეებიც. ამერიკული სტრატეგიის მუდმივ მხარდაჭერაზე მხოლოდ ბრიტანეთი საუბრობს.

ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამიტზე ისეთ საკითხს განიხილავენ, როგორიცაა ავღანელი სამხედროების და პოლიციელების რაოდენობის გაზრდა, ასევე 2014 წელს ავღანელებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების სრული „პარამეტრების“ გადაცემა. შეხვედრის შედეგი ასევე უნდა გახდეს ერთობლივი დეკლარაცია „ავღანეთთან [ნატო-ს] ხანგრძლივ და მტკიცე ურთიერთობებზე“, რომელმაც უნდა დაამშვიდოს ავღანეთის მთავრობა, გააქარწყლოს პაკისტანის შიში რომ დასავლეთი რეგიონს ბედის ანაბარა დატოვებს და გამაფრთხილებელ სიგნალად იქცეს ირანისთვის. 

როგორც სჩანს, მომავალ თვეში თეთრი სახლი მხარს დაუჭერს „ძალების გაზრდისა და შედეგების განმტკიცების“ სტრატეგიას ერაყულ სტილში. ამ ინიციატივით გენერალი დევიდ პეტრიუსი გამოვიდა და როგორც სჩანს აშშ მას ამ სტრატეგიის ცხოვრებაში რეალიზაციას დაავალებს. მომავალი წლის ივლისამდე თვალსაჩინოებისთვის ობამამ შეიძლება ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან გამოიყვანოს, თუმცა თუკი ვითარებას და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ თალიბებთან მოლაპარაკებები უიღბლო იმედია და არა რეალური პერსპექტივა, საეჭვოა რომ 2011 წელს კონტიგენტის სერიოზულ შემცირებაზე იყოს საუბარი. 

მებრძოლთა ძლიერი წინააღმდეგობის, ასევე მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების როგორც ამერიკაში, ასევე მის გარეთ, ადამიანური მსხვერპლის და ფინანსური დაბრკოლებების ზრდის, პაკისტანში არასტაბილურობის გაძლიერების და ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის სულ უფრო ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, ომი როგორც სჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ობამასთვის ძალიან დიდი რისკია და კიდევ უფრო დიდი რისკია „განახლებული ნატო-სთვის“. მოკლედ, მოვლენების განვითარება შესაძლოა ზედმეტად დრამატულიც კი აღმოჩნდეს.
[foreignpress.ge]