პოლიტიკური რევერანსი და ორაზროვანი მინიშნებები ამერიკელი დიპლომატისგან

პოლიტიკური რევერანსი და ორაზროვანი მინიშნებები ამერიკელი დიპლომატისგან

წინასაარჩევნოდ საქართველოში უცხოური დელეგაციები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიან და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. მათგან ზოგიერთის განცხადება უფრო ხელისუფლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მაგალითად, ასეთ შეფასდა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება, რომელიც კარლ ბილდტმა მისივე განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე განათავსა:

„საგანგაშოა ის უცნაური სიგნალები, რომელიც ამ მილიარდერისგან (რომელმაც ძალიან მალე აქცია საკუთარი თავი ოპოზიციის ლიდერად) ისმის, მისი განცხადებები დრო და დრო ისე ჟღერს, რომ არჩევნების შემდეგ ქუჩაში უნდა გადაწყდეს, ვინ უნდა მართოს საქართველო", - წერს შვედი დიპლომატი.

ეს ადამიანი ანტირუსული განწყობით არის ცნობილი და მიხეილ სააკაშვილის მეგობრად მოიაზრება. აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების დამფინანსებელი შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კარლ ბილდტს ექვემდებარება. ამ კვლევის თანახმად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის 37% უჭერს მხარს, ხოლო „ქართულ ოცნებას“-12%. აქედან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება ალბათ არ არის რთული, თუ რატომ არის ბილდტი ასეთი კატეგორიული თავის განცხადებებში.

რაც შეეხება ნეიტრალურ, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ მიგვითითებენ, რომ მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის სერიოზული გამოცდა იქნება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა საქართველო ევროკავშირისთვის სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა. ევროპარლამენტში საუბრისას მან საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რეგიონს, განსაკუთრებით საქართველოს, არჩევნებთან დაკავშირებით ყურადღებით ვაკვირდებით. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი და კონკრეტული მესიჯები გავუგზავნე ოპოზიციასაც. ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ გვინდა კარგი საარჩევნო პროცესი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სათანადოდ ჩაივლის“ - განაცხადა ეშტონმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს აგზავნის და უზრუნველყოფს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა ევროკავშირში დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის მომავალი გარანტირებულია.

დაბოლოს, დიდი იყო მოლოდინი საქართველოში ვიზიტად მყოფ  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტომას მელიას მიერ დაგეგმილ პრეს-კონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც მას ჩვენს ქვეყანაში სამდღიანი ვიზიტი უნდა შეეჯამებინა. ეს ინტერესი ლოგიკურიც არის, რადგან სამწუხაროდ,  მეტად ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ პოზიციას დაიკავებს ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთა  დაკავშირებით - მართლაც ქართველი ხალხის არჩევანს სცემს პატივს, თუ ქვეყნის სათავეში მისთვის სასურველ, რომელიმე კონკრეტულ ფიგურას დაუჭერს მხარს.

უკანასკნელ წლებში ასეთად მიხეილ სააკაშვილი გვევლინებოდა. აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტომას მელიას განცხადება, რომლითაც მან თავისი ვიზიტი შეაჯამა, საკმაოდ მოზომილი იყო და გარკვეულ გზავნილებსაც შეიცავდა. კერძოდ, მისი თქმით,"ყველა შეხვედრაზე, რომელიც დელეგაციამ საქართველოში გამართა, გზავნილი ერთი და იგივე იყო - აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს".

მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში არც ერთ კონკრეტულ პარტიას ან, ლიდერს არ უჭერს მხარს. არამედ, მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ძალასთან ითანამშრომლებს.

ტომას მელიამ ისიც აღნიშნა, რომ ამერიკულმა დელეგაციამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის განწყობა ყველა პარტიის წარმომადგენლებში დაინახა. არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ დემოკრატიული პროცესი არჩევნების დღეს არ სრულდება და რამდენიმე პრინციპი დაასახელა, რაც, მისი თქმით, საარჩევნო პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

"პირველი და მნიშვნელოვანი პრინციპი არის თანაბარი საარჩევნო ველის არსებობა. პოლიტიკური გარემო ხელს უნდა უწყობდეს პროცესში ყველა პარტიის თანაბარ მონაწილეობას. ხარვეზების მიუხედავად საქართველოში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მეორე პრინციპია კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება. ჩვენ ყველა შეხვედრისას ხაზს ვუსვამდით კანონების თანაბარი გამოყენების აუცილებლობას და იმას, რომ პროცესის ყველა მონაწილე თანაბარი სტანდარტებით იყოს განსჯილი. პოლიტიკურმა პარტიებმა კი პროცესში კონსტრუქციულობა გამოიჩინონ და პოლიტიკური მიზნები საარჩევნო ყუთებთან განახორციელონ. მესამე პრინციპია ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. მშვიდობიანი დემონსტრაციების პატივისცემა დემოკრატიული პროცესის ნაწილია. მივიღეთ ინფორმაცია პარტიების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი თავისუფლად ატარებენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ასევე მათ ვთხოვეთ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და თავიდან აიცილონ პროვოკაციები. მეოთხე მნიშვნელოვანი პრინციპია მასმედიის ხელმისაწვდომობა. მივესალმებით იმ კანონმდებლობის დანერგვას, რაც ხელს უწყობს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მედიაზე ხელმისაწვდომობას საარჩევნო კამპანიის 60 დღის განმავლობაში. იმედის მომცემია Must carry-ის პრინციპი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის გაგრძელებას არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ დავების განხილვისას და შემდეგ პერიოდში. მეხუთე პრინციპია კონსტრუქციული ჩართულობა. გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ძალადობისგან, ასევე სამართალდამცავები იმოქმედებენ პროფესიონალურად, რათა არჩევნები და მისი შემდგომი პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს", - აღნიშნა ტომას მელიამ.

რას ნიშნავს მისი განცხადება და შეიცავს თუ არა რაიმე სერიოზულ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის, ამასთან დაკავშირებით for.ge პოლიტიკურ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. ექსპერტის თქმით, ასეთი განცხადებებით არის მცდელობა, რომ მოამრგვალონ ის კუთხეები, რომლებიც დღევანდელ წინასაარჩევნო რეალობაში იკვეთება.

„ის, რომ თურმე თანაბარი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომია, ის, რომ კანონის უზენაესობა თურმე დაცულია, ისევე როგორც მშვიდობიანი თავისუფლად ჩატარებადი შეხვედრები მოსახლეობასთან, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სცემენ, იჭერენ და ა.შ.

ის, რომ მედია-გარემოში ბატონი მელია მხოლოდ მისასალმებელს ხედავს, ყველაფერი ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბატონი მელია ან ცდილობს არსებული რეალობა შეალამაზოს, ან საჯარო გამოსვლაში არ უნდა გამოთქვას ის მოსაზრება, რომლითაც იგი სახელმწიფო მდივნის წინაშე წარსდგება და არსებული ვითარების მიმართ ზოგადად ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ჩამოაყალიბებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ასეთი მისიით ჩამოსული ადამიანი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი განცხადებებით ვერ გაამწვავებს. მისი დიპლომატიური ვალდებულება იმაში მდგომარეობს, რომ პირისპირ საუბრისას იყოს უფრო გულწრფელი, საჯარო განცხადებების გაკეთებისას კი, მისი სიტყვები, რაიმე გამწვავების მიზეზი არ უნდა გახდეს და მისი ნათქვამი რომელიმე მხარის მიმართ რევერანსად არ უნდა იქნეს ჩათვლილი.

რაც შეეხება ტომას მელიას განცხადების იმ ნაწილს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ამერიკა ითანამშრომლებს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ განცხადების ამ ნაწილს, საქართველოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებად წარმოიდგენს.

„ის, რომ ამერიკა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ეს პოზიცია არახალია. არაბული გაზაფხულიდან მოყოლებული ამერიკის პოზიცია ასეთია, რომ ის სოლიდარულია პარტნიორი სახელმწიფოების მოსახლეობასთან და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. რაც შეეხება Must carry-ს გაგრძელების საკითხს, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების რეაქცია ჯერ კიდევ ზაფხულში უცხოელი დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და შედეგი იყო ნულოვანი. თუ ნახავენ, რომ არჩევნები ისე წარიმართა, როგორც ეს სააკაშვილს სურს, მაშინ რა თქმა უნდა, აღარც იმას მიაქცევენ ყურადღებას, რომელიც ტელეკომპანია რომელი არხით არის მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი. სხვა შემთხვევაში ეს მოთხოვნაც დაუკმაყოფილებელი დარჩება“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჩნდება, როდესაც მედიაზე საუბრისას არაფერია ნათქვამი დაყადაღებული თეფშებისა და ინფორმაციის შეზღუდვის თაობაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტომას მელია არ არის უფლებამოსილი რაიმე კონკრეტული კრიტიკული შენიშვნები საჯაროდ გააკეთოს.

საყურადღებოა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მიერ დღეს გაკეთებული განაცხადა, რომ Must carry-ს პრინციპის არჩევნების დღის შემდეგ გაგრძელებას მიესალმება და თუკი საკაბელო ტელევიზიები კონკრეტულ სატელევიზიო არხებთან შეთანხმებას მიაღწევენ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.

კითხვაზე, ხომ არ არის ბაქრაძის განცხადება ტომას მელიას მიერ Must carry-ს პრინციპის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაკეთებული მოწოდების გამოძახილი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს, რომ დავით ბაქრაძის მიერ ეს მოტივი ადრეც გაჟღერებულა, ისევე, როგორც ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენლისგან და მათი პოზიცია ასეთია, რომ თუ არჩევნების შემდეგ, რამდენიმე სატელევიზიო არხის ტრანსლირება შეწყდება, ეს მხოლოდ თავისუფალი ბიზნესურთიერთობების გამოვლინება იქნება.

„ბატონმა ბაქრაძემ ბრძანა, რომ საკუთარი ინტერესების ხარჯზე საკაბელო ტელევიზიებს სიგნალის გადაცემას ვერ დაავალდებულებენ. სამწუხაროდ, მან ვერ ახსნა, როგორ შეიძლება მომხმარებლისთვის ნაკლები პროდუქტის მიწოდება იყოს უფრო მომგებიანი, როდესაც ამ პროდუქციაზე მოთხოვნა არსებობს. ეკონომიკაში ელემენტარული ცოდნა უნდა გამოემჟღავნებინა ნიჭიერ ადამიანს, როგორიც ბატონი ბაქრაძე ნამდვილად არის და პოლიტიკურ უპრინციპობას არ უნდა დააჩაგვრინოს საკუთარი ავტორიტეტი“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

იგი დარწმუნებულია, რომ 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ ამარა დარჩება, რადგან „სილქნეტის“ მეპატრონისთვის „მაესტრო“ კარგად არ იქცევა.