მეტროსადგურ «ნაძალადევის» სიახლოვეს, დადიანის 104-ში «ქართული ოცნების» ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატისა და ირაკლი ალასანიას თანაგუნდელის, თეა წულუკიანის საარჩევნო შტაბია. მართალია, შტაბში ხალხმრავლობაა, მაგრამ თეა წულუკიანის სამუშაო ოთახამდე ისე მივდივარ, რომ ყასიდადაც არავინ მეკითხება, თუ ვინ ვარ... მეორე სართულზე, კედელზე ხელნაწერი პლაკატია გაკრული: «წულუკიანი VS სამადაშვილი,» _ მერაბ სამადაშვილი «ნაციონალების» მაჟორიტარობის კანდიდატია. სხვათა შორის, 1999 წლიდან მოყოლებული, ბატონი სამადაშვილი ნაძალადევის უცვლელი მაჟორიტარია, ანუ მას «მაჟორიტარული ომის» დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა თეა წულუკიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩართვამდე, სტრასბურგში, ევროსასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, ამბობს, რომ სამადაშვილის დამარცხება არ გაუჭირდება.
_ თეა, არასოდეს დამიმალავს, რომ ვმეგობრობთ. ჰოდა, ვიხელმძღვანელებ პრინციპით, მოყვარეს პირში უძრახეო და გეტყვი, რომ შენი საარჩევნო ოფისის უსაფრთხოების ზომები ძალიან არ მომეწონა _ «ქართული ოცნება» ირწმუნება, ხელისუფლება პროვოკაციას პროვოკაციაზე გვიწყობს და გვითვალთვალებსო. ისე, ვიცი, რომ შენც გითვალთვალებდნენ და ამ ფონზე, შენს კაბინეტში ისე შემოვედი, კაციშვილს არ უკითხავს, ვინ ვიყავი, ან ვისთან მივდიოდი... ასეთი «დაუცველი» რატომ ხარ _ ამით საჯაროობას უსვამ ხაზს?
_ «დაუცველი» იმიტომ ვარ, რომ დაცვა არ მჭირდება, ანუ არც პირადი დაცვა მყავს და არც _ ჩემი ოფისის თანამშრომლებს აქვთ ჩემგან მითითება, რომ უნდა დამიცვან.
_ ეს გავიგე, მაგრამ იქნებ, უცხო შემოვიდეს, პარტიის «შიდა სამზარეულოს» დეტალები «აკრიფოს» და «ნაციონალებს» ჩაუკაკლოს?
_ აქ დასამალი არაფერი ხდება.
_ კი, ბატონო, მაგრამ იქნებ, ვინმე პროვოკაციის მოსაწყობად მოდის?
_ პროვოკაციას ვერ მოაწყობს, რადგან ამისთვის მზად ვართ, თან თუ გაირკვა, რომ სტუმარი პროვოკატორია, რეაგირებისთვის ძალიან კარგი საშუალებები გვაქვს.
მოკლედ, აქ მოსული ხალხისგან თავს არ ვიცავ და ჩემი ნახვა ნებისმიერს შეუძლია. სხვათა შორის, ჩემთან «ნაციონალების» მხარდამჭერებიც მოსულან. ორი დღის წინ კი, მმართველი გუნდის «კარდაკარის» ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, განმახორციელებელი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა.
_ და ეს «მნიშვნელოვანი ინფორმაცია» არჩევნების გაყალბებას ეხება?
_ არა. ამ ქალბატონს დავპირდი, რომ ამ ინფორმაციას საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა საჩემოდ გამოვიყენებ.
_ ისე, თეა, ვერ გავიგე, «ნაციონალების» «კარდაკარის» მონაწილე გულის გადასაშლელად შენთან რატომ მოვიდა?
_ იმიტომ, რომ სინდისმა შეაწუხა, თან მითხრა, რომ მორწმუნეა და შეიძლება, სინდისს გადააბიჯოს, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავა და იმისი, რასაც აკეთებს, რცხვენია, რადგან სინამდვილეში, ჩემი მხარდამჭერია და არა _ მერაბ სამადაშვილის.
_ «კარდაკარში» მონაწილეობა, მგონი, დანაშაული არაა...
_ დიახ, არაა და არც სამარცხვინოა, მაგრამ ავუხსენი, თუ გაყალბების მცდელობას მოგთხოვენ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და იმიტომ, რომ ჩემთან მოხვედით, ხელს ვერ დაგაფარებთ-მეთქი.
ამასთან, ვუთხარი, თავის კოლეგებისთვისაც გადაეცა, რომ მერაბ სამადაშვილთან ერთად, გაყალბებაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან პირველი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში შეიქმნება პრეცედენტი, რომ გამყალბებლები დაისჯებიან. საერთოდ, გამყალბებელი არჩევნებს კი არა, პრაქტიკულად, ხალხის ბედს აყალბებს!
_ ეს ქალბატონი კონკრეტული გეგმის შესახებ გესაუბრა, თუ როგორ აპირებს მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას?
_ არა. «კარდაკართან» დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმომცა. სხვათა შორის, ეს ქალბატონი მხოლოდ «კარდაკარის» მონაწილე კი არა, «ნაცმოძრაობის» აქტივისტიცაა და მიამბო, თუ ვინ სადაა განლაგებული, როგორ საქმიანობენ და ყოველ დღე რა დირექტივებს იღებენ.
_ რაო, მაინც რა დირექტივებს ვიღებთო?
_ ეს რომ გითხრა, ამ ქალბატონის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდება...
_ წეღან თქვი, ეს ქალბატონი, სინამდვილეში, მერაბ სამადაშვილის კი არა, ჩემი მხარდამჭერიაო. თუკი ასეა, აბა, «ნაცონალებთან» რაღა უნდა?
_ ამას ოჯახური პირობებიდან გამომდინარე აკეთებს. სხვათა შორის, ჩემი კოორდინატორები და ქვეკოორდინატორები საქმეს ისე აკეთებენ, რომ თეთრსაც არ იღებენ. სამადაშვილი კი ხალხს პოლიტიკურ აქტივობაში ანაზღაურებას უხდის.
_ თეა, იმ ადამიანების მოტივაცია, ვინც შენს საარჩევნო შტაბში საზოგადოებრივ საწყისებზე, ანუ ანაზღაურების გარეშე მუშაობს, რა არის?
_ მოტივაცია ის ცვლილებაა, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს. 1999 წლიდან, ყველას აქვს შეგრძნება, რომ სამადაშვილმა ნაძალადევის რაიონი ერთი ადამიანის საკუთრებად აქცია და მათზე, ვისაც «თავისიანებს» ეძახის, ერთჯერად დახმარებებს გასცემს ხოლმე. მოკლედ, ის ნაძალადევის პრობლემების გადაჭრით არაა დაკავებული და ეს ხალხს აწუხებს იმიტომ, რომ მიხვდა, უსიტყვო სამადაშვილს მაჟორიტარობა საკუთარი იმუნიტეტისთვის სჭირდება _ მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი.
_ თეა, ამას სიტყვის მასალად ამბობ თუ კონკრეტული ფაქტები გაქვს?
_ ფაქტები მხოლოდ მე კი არა, პროკურატურასაც აქვს.
_ არჩევნების შემდეგაც იბრძოლებ, რომ სამადაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
_ არჩევნების შემდეგ ორმაგი პასუხისმგებლობა მექნება: მთავარი პასუხისმგებლობა ისაა, რომ როცა პარლამენტში შევალ, ნაძალადეველთა პრობლემების გადაჭრა დავიწყო. სხვათა შორის, ხალხს ყველა შეხვედრაზე ვეუბნები, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ძალიან ბევრი საქმე გვექნება და 24-საათიანი შრომა დაგვჭირდება, რადგან 13 წლის განმავლობაში, სამადაშვილს ნაძალადევის მოსახლეობისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. ამას სააკაშვილის რეჟიმიც დაემატა, რომელმაც ხალხი კი არ გააღარიბა, არამედ, გააღატაკა. ნაძალადეველების მატერიალურ მდგომარეობას რომელიმე სხვა რაიონის მოსახლეობისას ვერ შევადარებ _ ნაძალადევში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. გასაგებია, ერთი მაჟორიტარი რაიონს ფეხზე უცებ ვერ დააყენებს, მაგრამ პარლამენტში შესვლისთანავე პრობლემების გადაჭრისთვის შრომა უნდა დავიწყო.
რაც შეეხება მეორე პასუხისმგებლობას, იმან, ვინც ამ რაიონის ხარჯზე გამდიდრდა, პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. ამასთან, მან პასუხი უნდა აგოს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის, რომლის შესახებაც მე და ეკა ბესელიამ პროკურატურაში საჩივარიც შევიტანეთ.
საერთოდ, არჩევნების გამყალბებელი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, რადგან მომავალში ყველას _ ქვეკოორდინატორიდან დაწყებული, კაციტაძით დამთავრებული, ეშინოდეს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის დაისჯება!
_ სხვათა შორის, არჩევნების გამყალბებლებს «ქართული ოცნების» ლიდერიც აფრთხილებს. ამ მხრივ ივანიშვილი განსაკუთრებით მწვავე განცხადებებს პედაგოგების მისამართით აკეთებს. «ნაციონალებსაც», მეტი რა უნდათ და, ერთ ამბავში არიან, აი, კოალიცია პედაგოგებს ემუქრებაო...
_ ჩვენ პედაგოგებს არ ვემუქრებით, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, გამყალბებელი დამნაშავე ბიზნესმენი სამადაშვილი იქნება, პედაგოგი თუ დამლაგებელი, გაყალბება სისხლის სამართლის წესით ისჯება!
_ «ქართული ოცნება» მხოლოდ წლევანდელი არჩევნების გამყალბებლების დასჯას აპირებს თუ პასუხს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ჩატარებული არჩევნების გამყალბებლებიც აგებენ?
_ მთავარია, დანაშაული ხანდაზმული არ იყოს და სამხილიც არსებობდეს... 2008 წლის არჩევნები ხანდაზმული არაა, თან მერაბ სამადაშვილის წინააღმდეგ სამხილიც არსებობს _ «ნაცმოძრაობის» ყიფილმა კოორდინატორმა სამადაშვილს ხელი დაადო, რომ არჩევნებს აყალბებდა. ეს საქმე პროკურატურაშია და თუ დღევანდელი პროკურატურა არ გამოიძიებს, მაშინ ჩვენ გამოვიძიებთ!
_ თეა, ვატყობ, გამარჯვებაში დარწმუნებული ხარ...
_ ნაძალადევში არჩევნებს აუცილებლად მოვიგებ!
_ ახლა, შეიძლება, ვინმემ მიკერძოებად ჩამითვალოს, მაგრამ ჩემი ინფორმაციითაც, ერთობ კარგი პოზიციები გაქვს. ნაძალადეველებს კი, განსაკუთრებით, თურმე ის მოსწონთ, რომ წლების განმავლობაში ევროსტრუქტურების იურისტი იყავი...
_ არჩევნებს რეალურად ვიგებ და, უბრალოდ, ვებრძვი სამადაშვილის პროცესს ვირტუალური არჩევნების შესახებ.
_ ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. მიწერებსა და «მკვდარ სულებს» ებრძვი?
_ დიახ, მიცვალებულები რომ არ შემობარბაცდნენ საარჩევნო უბანში. ჩვენი მიცვალებულების ნახვა ყველას გვინდა, მაგრამ მათ პარლამენტში დეპუტატი არ უნდა ჰყავდეთ, ანუ პრობლემა ვირტუალურ ამომრჩეველთან მაქვს.
_ წეღან სიტყვა შენს «ბეგრაუნდზე» ჩამოგიგდე, მაგრამ ყურადღება არ მომაქციე. ამიტომ, საუბარს ცოტა გავამწვავებ: ხმა დადის, «ნაციონალები» წულუკიანზე კომპრომატების შექმნას ცდილობენო...
_ კი, ცდილობენ...
_ კულუარებში იმასაც ამბობენ, თავისი სიმშვიდითა და მწვავე ენით წულუკიანი მმართველ გუნდს ნერვებს უშლისო... ისე, თეა, მართალია, ეს საქმე კარგად ვიცი, მაგრამ მაინც უნდა შეგეკითხო: მამაშენი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების მოსამართლე იყო?
_ მამაჩემი ავთანდილ წულუკიანია, რომელიც, წლების განმავლობაში, ამჟამინდელი ნაძალადევის, მაშინდელი ლენინის რაიონის პირველი ინსტანციის მოსამართლე იყო. როცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ «თვითმფრინავის ბიჭების» საქმე განიხილა, მამაჩემი ისევ ლენინის რაიონის მოსამართლედ მუშაობდა. «თვითმფრინავის ბიჭები» თემურ გერსამიამ გაასამართლა, პროკურორი ვალოდია იოსელიანი იყო, მოსამართლის, ანუ სხდომის მდივანი, _ შოთა ასათიანი, მსაჯულები კი, ნიშნიანიძე და ილურიძე იყვნენ.
_ სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, თემურ გერსამიას შევხვდი, რომელმაც მითხრა, ამ საქმეს დღეს რომ განვიხილავდე, ისევ დახვრეტის განაჩენს გამოვიტანდიო...
_ ძმები ივერიელები ჩვენი მეზობლები იყვნენ და მამაჩემი და მათი მამა ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ვაჟა ივერიელი შესანიშნავი ენდოკრინოლოგი იყო და სწორედ მაშინ, როცა მის ოჯახს მძიმე დღეები ედგა, მამაჩემის მშობლებს მკურნალობდა...
სხვათა შორის, მხოლოდ ეს არაა ერთი «კომპრომატი», რომლის შექმნასაც ჩემზე ცდილობდნენ...
_ როგორც ვიცი, გითვალთვალებდნენ, არა?
_ იყო მცდელობები, რომ გაეკონტროლებინათ, თუ როგორი წესით ვცხოვრობ. სამი-ოთხი კვირის განმავლობაში მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი, სექტემბრის დასაწყისში კი, «გამათავისუფლეს», რადგან მიხვდნენ, რომ ჩემი ცხოვრების წესი მათთვის საინტერესო არ იყო. მოკლედ, ეს გეგმაც ჩავარდა...
სხვათა შორის, «თვითმფრინავის ბიჭებით» კომპრომატის შექმნა პროფესიონალი «პიარშჩიკებისგან» არ მოდის, რადგან მათ კარგად იციან, თუ როგორ კეთდება «შავი პიარი». ეს არაპროფესიონალი მერაბ სამადაშვილისგან წამოვიდა, რომელიც თავის გარემოცვას ეუბნებოდა, აი, მამამისი ვინ ყოფილაო, მაგრამ სამადაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის გარემოცვაში უკვე ძალიან ბევრი ჩემიანია. სამადაშვილი მამაჩემზე «თვითმფრინავის ბიჭებთან» დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ აპირებდა, ამის შესახებაც მისი გარემოცვის ერთ-ერთი წევრისგან გავიგე, რომელსაც ინკოგნიტოდ შევხვდი და რომელმაც მითხრა, ახალი რაღაც გამოაგდო ამ ოხერმაო. თავდაპირველად ეს სერიოზულად არ ჩავთვალე, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, ამ თემაზე ლაპარაკი ხალხში დაიწყო და მივხვდი, რომ პროფესიონალი «პიარშჩიკები» არ ჰყავს.
თავდაპირველად, ნაძალადეველებთან შეხვედრები რომ დავიწყე, რამდენიმე ახალგაზრდა მოდიოდა და მეკითხებოდა, რა უბნელი ხარ და აქ რა გინდაო, მაგრამ ამან არ იმუშავა, რადგან ყველამ დაინახა, ნაძალადევში გულწრფელობით მოვედი და ამ ხალხის ხარჯზე არაფერი მაინტერსებს _ არც იმუნიტეტი, რადგან დანაშაული არ მაქვს ჩადენილი და არც _ სახლი, რადგან სტრასბურგში საკუთარი ბინა მაქვს, რომლის შესაძენი თანხაც იმ რვა ათასი ევროთი მოვაგროვე, რომელსაც სტრასბურგში, ხელფასის სახით, ათი წლის განმავლობაში ყოველ თვე ვიღებდი. მოკლედ, დეპუტატის მანდატი იმისთვის მჭირდება, რომ ნაძალადეველებს პრობლემები მოვუგვარო!
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სამადაშვილი ნაძალადეველების ხარჯზე გამდიდრდა, ვაკეში, ჭავჭავაძეზე გაიქცა, ანუ ის გარბის, მე კი, მოვდივარ!
ის თავდაპირველად იმასაც ამბობდა, რომ რადგან ჩემი გვარი იან-ზე მთავრდება, თითქოს ეთნიკური ქართველი არ ვარ, მაგრამ ჯერ ერთი, ვერ გავიგე, რა არის იმაში ცუდი, რომ ქართულ საქმეს ეთნიკურად არაქართველი აკეთებდეს. მერე, აღმოჩნდა, რომ თურმე, მთიდან დაგორებული სვანი ვარ, მაგრამ ნაძალადევში მცხოვრებმა სვანებმა უთხრეს, მეორედ ეს აღარ გაიმეორო, ეს გოგო ჩვენიანიაო... მოკლედ, ჩემზე ეს «კომპრომატიც» ჩაუვარდა.
სამადაშვილს დებატებში ვიწვევ, მაგრამ არ მოდის. ორჯერ წერილიც გავუგზავნე, სადაც ეწერა, რომ დებატები, მისთვის სასურველ არხზე, მათ შორის, თუნდაც, «რეალ ტვ»-ზე გამართულიყო და სოციალურ თემებზე გვესაუბრა. წერილის ბოლოში კი ეწერა, შეიძლება, მე და თქვენ ერთმანეთს დავემალოთ, მაგრამ ხალხს ვერ დავემალებით-მეთქი. ერთხელ, წერილი შუამავლის მეშვეობით გავუგზავნე, მაგრამ თქვა, რომ არ აპირებს, ამ წერილს ყურადღება დაუთმოს. მეორედ კი, წერილი «საქართველოს ფოსტით» გავუგზავნე, მაგრამ პასუხი ისევ არ გამცა, რადგან ჩემთან საუბრის ეშინია. სამაგიეროდ, არ ეშინია სულელური ჭორების მოგონების... სამადაშვილი ჭორიკანა კაცია!
_ თეა, კონკურენტს შეურაცხყოფას აყენებ და ამის გამო, შეიძლება, «დაგისატკაონ»...
_ სამადაშვილს ურჩევია, მე «დამისატკაოს», ვიდრე «დაუსატკაოს» და გაალახინოს ჩემი 23 წლის მომხრე, «ლოტკინელი», დიტო მიშელაძე, რომელსაც თავი აქვს გაჩეხილი _ მისმა დამქაშებმა დიტოს თავში ქამრის ბალთა ურტყეს და უთხრეს, მერაბი მაინც დარჩებაო. მინდა, სამადაშვილს შევუთვალო, ვერ დარჩება და თუ «დასატკავება» უნდა, მე «დამისატკაოს!»
აქვე, «ნაციონალებს» ვაფრთხილებ, იცოდნენ: მერაბ სამადაშვილი დადის და ამბობს, «ნაცმოძრაობა» საერთოდ არ მაინტერესებს, ხმა «ქართულ ოცნებას» მიეცით, მაგრამ აქაური კარგი კაცი ვარ და, როგორც მაჟორიტარს, ხმა მე მომეცითო.
_ თეა, მაჟორიტარული ბატალიები გასაგებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, «დიდი სტუმრიანობა» გვქონდა _ ნატო-ს გენმდივანი და ამერიკელი სენატორები გვეწვივნენ. ვიდრე მაკკეინი ჩამოვიდოდა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, დავარწმუნებ მაკკეინს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აღარ იყოსო. შენი აზრით, «ოცნების» ლიდერმა ეს მოახერხა?
_ ვიდრე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელებდა, ბიძინა ივანიშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა და ვიცი, მას ერთი კარგი ჩვევა აქვს, რაც პოლიტიკაში ზოგჯერ, შეიძლება, პრობლემების წყარო იყოს.
_ რას გულისხმობ?
_ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირი და გულწრფელია. სწორედ ამ თვისების გამო, ხალხმა გაიგო, თუ რას ფიქრობს მაკკეინი. სხვათა შორის, მაკკეინიმა იგივე განცხადება მაშინაც გააკეთა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა და კოალიცია «ქართული ოცნება» შეიქმნებოდა.
_ რა განცხადება?
_ ის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. მაკკეინი სააკაშვილს მხარს აღარ უჭერს და ეს ყველა შეხვედრიდან ჩანს. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შინაარსზე პირდაპირ თქვა...
_ ...თეა, პარლამენტში რიგითი დეპუტატი იქნება?
_ მინდა, პარლამენტში ნაძალადევის წარმომადგენელი ვიყო!