"ნაციონალურმა მოძრაობამ" ორ ამერიკულ კომპანიას საიდუმლო, ე.წ. დახურული წინასაარჩევნო კვლევები შეუკვეთა და მეტად კატასტროფული შედეგები მიიღო.
კვლევების თანახმად, წინასაარჩევნოდ "ნაციონალებს" საქართველოს 77 საარჩევნო ოლქიდან, მხოლოდ 21 ოლქში აქვთ გამარჯვების შანსი, 56 ოლქში კი წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი დაუფიქსურდათ.
"ეს კვლევები, ასე ვთქვათ, შიდა მოხმარებისთვის ჩატარდა, რომელსაც ყველა პარტია ატარებს სისტემატურად, რათა რეალურად იცოდნენ პარტიების მესვეურებმა, თუ რა რეიტინგი აქვს მათ პარტიას. ამგვარი კვლევები გამოქვეყნებას არ ექვემდებარება. ცხადია, კვლევები უფრო მეტი ინტენსივობით ტარდება არჩევნების წინა პერიოდში. როგორც ვთქვი, კვლევების შედეგები იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომ ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ამ ამბავს ორი დღე უმალავდნენ. მისი განრისხების ყველას ეშინოდა. ბოლოს პრეზიდენტს მაინც გააცნეს შედეგები, რამაც ის წყობილებიდან გამოიყვანა", - განაცხადა წყარომ.
წყაროს ინფორმაციით, "ნაციონალები" 20 პროცენტზე მეტს ვერ ასცდნენ საქართველოს 56 რაიონში. კვლევების თანახმად," ნაციონალები", სავარაუდოდ, წააგებენ თბილისის ყველა - ათივე რაიონს; ყველა დიდ ქალაქს: - ბათუმს ქუთაისს, რუსთავს, ფოთს, გორს... მმართველ პარტიას უმძიმესი მდგომარეობა ჰქონია კახეთში, სადაც ყველა - რვავე რაიონში, მოსახლეობის უმრავლესობა მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, ხოლო თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში, "ნაციონალების" რეიტინგი 10-პროცენტიან ნიშნულსაც ვერ გასცდა.
იმერეთში "ნაციონალებს" დადებითი რეიტინგი მხოლოდ 2 რაიონში აქვთ - ხონსა და ვანში. ქუთაისის ჩათვლით, რეგიონის ყველა რაიონში, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს. ანალოგიური მდგომარეობაა შიდა ქართლში. გორის მსგავსად, "ნაციონალებს" არც კასპში, ქარელსა და ხაშურში აქვთ სასურველი რეიტინგი. მათ ამ 3 რაიონში, ყველაზე დამაიმედებელი შედეგი ხაშურში დაუფიქსირდათ - 23%.
1 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდეს, "ნაციონალები" უპირობოდ წააგებენ გურიის სამივე რაიონს -ოზურგეთს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურს, - ასეთია კვლევის შედეგები.
სავალალო მდგომარეობა აქვთ მათ რაჭასა და ლეჩხუმშიც - ონის, ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. აქ "ნაციონალებს" ყველაზე მაღალი რეიტინგი ონში დაუფიქსირდათ - 35%, თუმცა, ამბროლაურში "ნაციონალებს" მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. ცაგერში "ნაციონალთა" მხარდამჭერებმა მხოლოდ 18% შეადგინეს.
აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი საიმედო მხოლოდ ხულოს რაიონში აღმოჩნდა. ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში ამ პარტიას უმცირესი მხარდაჭერა დაუფიქსირდა.
ქვემო ქართლში " ნაციონალებს" შესანიშნავი მდგომარეობა აქვთ. მათ მხოლოდ ბოლნისის რაიონში აქვთ დაბალი რეიტინგი, სანაცვლოდ უპრობლემოდ მოიგებენ მარნეულის, დმანისის, წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს რაიონებს.
უმდაბლესი რეიტინგი უჩვენა კვლევებმა მმართველ პარტიას მცხეთა-მთიანეთშიც. აქ მხოლოდ სტეფანწმინდაში აქვთ გამარჯვების მცირე შანსი. ხოლო კვლევების თანახმად, სავარაუდოდ, წააგებენ მცხეთას, თიანეთსა და დუშეთს.
"ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, იმედიანად იყოს სამეგრელოს რეგიონში. აქ მათ პრობლემები მხოლოდ ფოთსა და აბაშაში აქვთ, სადაც მათი რეიტინგი 20%-ს ვერ გასცდა, რეგიონის დანარჩენ რაიონებში მაღალი შედეგები აქვთ. ზუგდიდში, მათი მმხარდამჭერთა რიცხვი, კვლევების თანახმად, 64%-ია.
"ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია მესტიელი ამომრჩევლის იმედადაც იყოს. კვლევებმა მესტიაში "ნაციონალთა" მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშული კვლევები 3 კვირის მანძილზე ტარდებოდა, მისი შედეგები კი, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს 5 სექტემბერს გადაეცა.