ინტერვიუ საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ ეკა ბესელიასთან.
- არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. პოლიტიკურ პარტიებს აქტიური საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული. ამ ვითარებაში თქვენმა საარჩევნო შტაბმა გაახმაურა, რომ საარჩევნო უბნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები "ლეიბორისტების" კომისიის წევრებად იყვნენ დაფიქსირებულები. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამ ინციდენტის შესახებ?
- არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რეგიონებში სულ უფრო ნათელი ხდება, რა სქემით მოქმედებს მმართველი პარტია და ვისი იმედი აქვთ "ნაცებს" არა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე. ხელისუფლების გეგმები იგივე ფოთის მაგალითზეც კარგად ჩანს, სადაც საარჩევნო უბნებზე "ლეიბორისტების" კომისიის წევრებად ისე იყვნენ "ნაციონალების" მხარდამჭერები დაფიქირებული, ეს თავადაც არ იცოდნენ და გაკვირვებულებმა ხმამაღლა განაცხადეს უბნების გახსნის დღეს, ჩვენ "ნაციონალები" ვართ და არა "ლეიბორისტების" კომისიის წევრებიო. ამის გამო კომისიის თავმჯდომარეს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის წარმოდგენაც კი დასჭირდა ფოთელი "ნაციონალებისთვის" იმის დასადასტურებლად, რომ უბანზე ისინი "ლეიბორისტულ პარტიას" წარმოადგენენ. ეს ინციდენტი ჩვენ გავახმაურეთ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ "გალეიბორისტებულ" "ნაციონალებს" უბნებზე მათთვის განკუთვნილი ადგილები დაეკავებინათ და 1 ოქტომბრისთვის მიღებული დავალების შესასრულებლად მომზადებულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას მსგავსი მანიპულაციები ვერ გადაარჩენს და ფოთში, ნიკო ნიკოლაძის ნაამაგარ ქალაქში, რომელიც ხელისუფლების უყურადღებობით ისეა გაღატაკებული, რომ გული მოგიკვდება, მმართველ პარტიას გამარჯვების შანსი არ აქვს, რაც არ უნდა ფული დაურიგონ ამომრჩევლებს და რაც არ უნდა აიძულონ, ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ.
- პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თითქმის ყველა გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესზე საუბრობენ, ამ ფონზე რა ვითარებაა ფოთში?
- ხელისუფლებას რომ ფოთი და ფოთელების კეთილდღეობა არ აინტერესებს, ეს ქალაქში შემოსვლისთანავე იგრძნობა. საპორტო ქალაქი, რომელიც ქვეყნის კარიბჭეა და რომელსაც მარტო პორტის შემოსავალიც ეყოფოდა განვითარებისთვის, დღეს უკიდურეს სიღატაკეშია და ხელისუფლების იმედი დიდი ხანია, გადაწურული აქვს. არაერთ ოჯახში შევედი და ვნახე საოცარი გაჭირვება. ეს ადამიანები წლების მანძილზე ითხოვდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. რა დროს ლაზიკის მშენებლობისთვის 1,5 მლნ ლარის გამოყოფაა, როდესაც უმწეოებს სახლები თავზე ენგრევათ, თავშესაფარს გთხოვენ ჭერი თავზე რომ არ ჩამოენგრეთ და ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებაზე უარს ეუბნები აბსურდული მიზეზით და ღვთის ანაბარა ტოვებ. ეს არის ამათი ფასადური ზრუნვა მოქალაქეებზე და იმ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც, თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, იმდენად წარმატებულად ხორციელდება ქვეყანაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველო მოწინავე რიგებშია. თუ მართლაც ასეთი აღმშენებელი და მზრუნველი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი და ასე აწუხებს გაჭირვებულების ბედი, როგორც ამას თავისი გლიცერინიანი ცრემლებით გვაჩვენებს, რატომ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ ადამიანებს მძიმე ყოფას შეუმსუბუქებდა? დარწმუნებული ვარ, რომ 1 ოქტომბერს ქართველი ხალხი ფასადურ დემოკრატიას და ფასადურ აღმშენებლობას უარს ეტყვის და ქართველი ხალხის ოცნებების აღსრულებას გაუსხნის კარს.
- ქალბატონო ეკა, რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ფოთი მიატოვა, პრეზიდენტს ფოთელებთან შეხვედრის ეშინია და მას მხოლოდ დასაქმებულთა მცირე კატეგორიას ახვედრებენ, ისიც დახურულ დარბაზებში?
- რადგან პრეზიდენტის ცნობილი გამონათქვამი გაიხსენეთ, ღრუბელ-ღრუბელ მივფრინავდიო, მინდა, გითხრათ, რომ ამაზე ფოთელები დღემდე ხუმრობენ, ღრუბლები რომ გამოჩნდება, პრეზიდენტი მოფრინავსო. ფოთი საოცარი ქალაქია, ადგილობრივები კი საოცრად თბილი და კეთილი ხალხია. როცა ფოთში მოვდიოდი, ნამდვილად არ მეგონა, ასეთი გაჭირვება, ამდენი პრობლემა თუ იქნებოდა ამ ქალაქში, თუმცა ვიცოდი, რომ ისტორიული ფაზისი უფრო ოპოზიციური ქალაქი იყო. ფოთი სააკაშვილმა მიატოვა, გაძარცვა და მხოლოდ შემოსავლების წყაროდ გამოიყენა. ფოთელებს ზღვაზე გასასვლელი წაართვა და გააღარიბა. მეზღვაურები უმუშევარი დატოვა, პორტი გაყიდა, დევნილები კი მძევლებად აქცია. ქალაქში არ არის ბუნებრივი აირი, არ არის გზები მოწესრიგებული და საერთოდ, ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქს მზრუნველი ხელისუფლება სჭირდება, ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ფოთის სანაპირო ზოლი დაუცველია. სტიქიას ყოველწლიურად მიაქვს მიწა და არანაირი დამცავი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. პალიასტომი უკვდება ფოთს და დამლაშებულია. ჩვენი მეთევზეები ვერ შედიან ნავსადგურში. მათ თევზის დაჭერას უკრძალავენ. პორტი ისე გაუყიდეს ფოთელებს, რომ აქედან ქალაქს შემოსავალი არ მიუღია. მეზღვაურები სამუშაოდან გამოუშვეს და თან კომპენსაციის გარეშე. მდინარე კაპარჭინა დანაგვიანებულია, ამას წინათ ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა დაასუფთავეს ნაწილობრივ, რაც რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. პრობლემები ძალიან ბევრია, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. რატომ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს ხელისუფლება და პირადად, პრეზიდენტი? თუ სააკაშვილს მართლაც აინტერესებს ხალხმა უკეთესად იცხოვროს და ამდენი გაჭირვებული და გაღატაკებული ადამიანი არ იყოს საქართველოში, რატომ დაამშია ეს ხალხი და რატომ დატოვა ამდენი ხალხი შემოსავლის და სამსახურის გარეშე?! ხალხი ძალიან კარგად ხედავს რა უსამართლობაა ქვეყანაში და დიდი ხანია, უკვე აღარავის სჯერა სააკაშვილის დაპირებების. ამ სიცრუეს და უსამართლობას წერტილი 1 ოქტომბერს დაესმება.
- პრეზიდენტი ფოთელებს 450 საწარმოს და 20 000 სამუშაო ადგილს პირდებოდა, თქვენი აზრით, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა?
- რა თქმა უნდა, ისევე როგორც დაპირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა. რეალურად ფოთი გაიძარცვა და წაართვეს ფოთელებს. ფოთის ბიუჯეტში პორტიდან შემოსავლები უნდა შემოვიდეს და უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ფოთში ყველა ის დარგი აღორძინდება და ყველა ის საწარმო, რომელიც ტრადიციულად იყო ფოთისა და ფოთელებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო. ჩვენ ფოთში არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ და ფოთს მალე ვეღარც იცნობენ ფოთელები, იმდენად კარგი გახდება იგი.
- ყველაზე მტკივნეულად მაინც უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი აღიქმება. რას პირდებით ფოთელებს დასაქმების კუთხით, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას?
- ჩვენ შევქმნით დასაქმების ყველა პირობას და ნამდვილად დავძლევთ უმუშევრობის პრობლემას. ძალიან კარგად მესმის ამ გაჭირვებული ადამიანების. მესმის მათიც, ვინც ფანჯრებიდან იყურება და შეხვედრაზე იმის გამო ვერ ჩამოდის, რომ ხვალ სამსახური არ დაკარგოს. ეს პრობლემა მოიხსნება. მე დავპირდი ფოთელებს და ყველა ჩემი შეხვედრის დროს ამომრჩევლებთან ვიმეორებ, რომ ფოთს ერთად ვაქცევთ დასაქმებულ, მდიდარ ქალაქად, კულტურის და განათლების ცენტრად. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა იქნეს დაძლეული უმუშევრობის პრობლემა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, რასაც თითოეულ ამომრჩეველს ვპირდებით, ეს დაპირებები, რა თქმა უნდა, შესრულდება. ეს ამომრჩეველსაც კარგად ესმის. მე ამას მათ იმედიანი გამოხედვით ვხვდები, ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. რაც შეეხება მძიმე სოციალურ ფონს და ამ კუთხით კოალიციის დაპირებებს, თემატური ჯგუფი მუშაობდა ამ საკმაოდ საინტერესო პროგრამაზე, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ჯანდაცვა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. სოციალურად დაუცველებს ღირსეული ცხოვრების პირობებს შევუქმნით.
- რა შეიცვლება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის კუთხით?
- "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა დასრულდება და ყველა ის უკანონოდ გამოტანილი განაჩენი გადაისინჯება, რომელიც მრავლად არის ქვეყანაში სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების წყალობით. გადაისიჯნება აგრეთვე უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების საქმეები და ხალხი დაინახავს, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ბუნებრივია, ყველა იმ მოსამართლის და პროკურორის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც თავის მხრივ დანაშაული ჩაიდინა და უკანონობა დააკანონა.
- თქვენ დებატებში გამოიწვიეთ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ სარიშვილი. რა რეაქცია ჰქონდა ხელისუფლების რჩეულს თქვენს შეთავაზებაზე და რატომ თქვა უარი ტელედებატებზე?
- არ, ვიცი, ალბათ, შეეშინდა. ნაწილობრივ მისიც მესმის. ნამდვილად იოლი არ არის არჩევნების წინ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქის მოსახლეობას უმტკიცო ხელისუფლების იმ კურსის სისწორე, რომელმაც არა მხოლოდ მოსახლეობა დაამშია, გააღატაკა და ჯანდაცვის გარეშე დატოვა, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობაც საფრთხის ქვეშ დააყენა. სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის სტილი არ შეიცვლება და ეს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ გაიგო. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ფოთის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მოუსმონოს მთავარი ოპოზიციური ძალის კანდიდატსა და ხელისუფლების კანდიდატის არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებს, არამედ შეხედულებებს ფოთისთვის საკმაოდ მტკივნეულ საკითხებზე.
- და ბოლოს, კოალიციის წარმომადგენლები თუ ხართ მზად არჩევნების დღეს ხმები დაიცვათ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ თითოეულ ხმას დავიცავთ. ხელისუფლებას ამ არჩევნების გაყალბება აღარ გამოუვა. სააკაშვილს მოუწევს, დამარცხებას შეეგუოს.