"ამ პროგრამაში ვერაფერს აღმოაჩენთ საოცარს და ისეთს, რაც ჩვენს ხელისუფლებას ან ნამდვილ თუ ფსევდოოპოზიციას აქამდე არ უთქვამს. მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ვალდებულება და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც პროგრამაში გვაქვს მითითებული," - განაცხადა წინა კვირას ბიძინა ივანიშვილმა. მოკლედ, განსხვავებულს ვერაფერს გთავაზობთ, უბრალოდ, უნდა გვენდოთ, რომ ჩვენ შეგისრულებთ, რასაც გპირდებით, სხვები კი - არაო.
როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მისი წარმატება არ გამიხარდება, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ასე გამარჯვება გაუჭირდება. ლამის ექვსი თვე წერდა მის მიერ შეკრებილი გუნდი საარჩევნო პროგრამას და დღეს ამბობს, სხვებისგან განსხვავებულს ვერაფერს გთავაზობთ, უბრალოდ, უნდა მენდოთო. და რატომ ვერ გვთავაზობთ? რამ შეგიშალათ ხელი? განა მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ამომრჩეველს სააკაშვილი არ მოსწონს, მას აღარ ენდობა და დაგვიჭერს მხარსო, შეიძლება? ასეთი, ვინც მზადაა, ყველას დაუჭიროს მხარი, ოღონდ არა - სააკაშვილს, ამომრჩეველთა მცირე ნაწილია. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიშაზე უკეთესს ელოდება, ელოდება იმას, ვინც მას ცხოვრებას გაუუმჯობესებს, "ქართული ოცნება" კი მათ წინასაარჩევნოდ იმასაც კი ვერ ეუბნება, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში რამდენი იქნება პენსია. ამბობენ, საარსებო მინიმუმზე მეტი იქნებაო. კი მაგრამ, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი დათვალოთ, ხელისუფლებაში მოსვლაა საჭირო? რისთვის გყავთ ამდენი ექსპერტი დაქირავებული, დაათვლევინეთ და მითხარით კონკრეტულად, რომ პენსიონერმა იცოდეს, თქვენი მოსვლის შემთხვევაში როგორ გაუუმჯობესდება ცხოვრება.
ივანიშვილი ამბობს, კონკრეტულად არაფერს გპირდებით, რადგან არ ვიცი, ხელისუფლებაში რომ მოვალ, ბიუჯეტი რა მდგომარეობაში დამხვდება, ხაზინა შეიძლება ცარიელი დატოვონო. კი ბატონო, მაგრამ ვინ გთხოვთ, პენსიონერებს დაჰპირდით, რომ პენსია ჩემი მოსვლის მეორე დღესვე 200 ლარი გახდებაო, დაჰპირდით, ჩემი მოსვლიდან ერთ წელიწადში გახდება ამდენი და ამდენი-თქო. ის ერთი წელი ბიუჯეტი ხომ თქვენს ხელთ იქნება?
ჩემი აზრით, წინასაარჩევნოდ მასწავლებლებს მარტო ის კი არ უნდა უთხრა, თუ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას მიიღებთ, კანონი დაგსჯითო (კანონის დამრღვევი უნდა დაიჭირო, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებები მუქარასავით ჟღერს), არამედ უნდა უთხრა, შენი მოსვლის შემთხვევაში რამდენით გაეზრდება ხელფასი. თქვენ რომ თქვით, სოფლის მეურნეობაში მილიარდს ჩავდებო, ხელისუფლება მაშინვე გამოვარდა და თქვა, მე ოთხ მილიარდს ჩავდებო (მართალია, ოთხ წელიწადშიო, მაგრამ ეს მოსახლეობის ნახევარმა ვერ გაიგო). ხელისუფლებამ ერთი კონკრეტული დაპირებაც კი არ შეგარჩინათ, მაშინვე ოთხზე გაამრავლა. თქვენ კი იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების ყველაზე აქტუალურ დაპირებაზე - 1.000-ლარიან ვაუჩერზე - რამით გეპასუხათ, მოსახლეობას ეუბნებით, კონკრეტულს ვერაფერს დაგპირდებით, უბრალოდ, უნდა მენდოთო.
მე მაინც ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის შანსი ამ შეცდომების გამოსწორების. არ ვიცი, ბატონი ბიძინა ჩემი მოყვარე არის თუ არა, მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს: მოყვარეს პირში უძრახეო...
შსს-ს უპასუხისმგებლობა
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია ასეთი იყო: "შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე." ორ დღეში კი ასეთი გახდა: "შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია შვიდი ცხედარი, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა." თუ რბილად ვიტყვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. თუ მკაცრად ვიტყვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ მატყუარაა და ეს პირველად გააკეთა. მერე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სცადეს, სამინისტრო გაემართლებინათ: ჯერ გვამების იდენტიფიცირება დასრულებული არ იყო და ამიტომ არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენო. მაგრამ ეს არგუმენტი არაფრად ვარგა, რადგან იქვეა კონტრარგუმენტი: თუ ჯერ გვამები ამოცნობილი არ იყო, რატომ განაცხადეს გადაჭრით, საქართველოს მოქალაქეები არ არიანო.
მოკლედ, შსს გაება და ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. როდესაც ტყუი, მერე ყველას აქვს უფლება, დაიწყოს ფიქრი, რატომ აკეთებ ამას, რამეს კიდევ ხომ არ მალავ და ა. შ.
წინა კვირას დავწერე, რომ ასეთი სპეცოპერაციების დროს ყველამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, როგორც ოპოზიციამ, ისე - ჟურნალისტებმა-მეთქი, მაგრამ სულ სხვაა ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სხვადასხვა ვერსიის გაჩენას ხელს უწყობს სწორედ მისი გაუაზრებელი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობრივი ინფორმაციების გავრცელებითა და ისეთი რაღაცების დამალვით გამოიხატება, რაც დასამალი არ არის. რატომ დამალა შსს-მ, რომ გარდაცვლილ ვაჰაბიტებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ? ადამიანი თუ შეიარაღებულია და პოლიციას არ ემორჩილება, პოლიცია მის წინააღმდეგ ყოველთვის ძალას იყენებს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა თუ არა, პანკისში მცხოვრებია თუ ვაკელი. მაშ, რატომ ცდილობდა ხელისუფლება ფაქტების დამალვას? რატომ ცდილობდა, ჭირისუფლები ეიძულებინა, ცხედრები ჩუმად დაემარხა? ან რატომ აცხადებდა პანკისის მოსახლეობა, ხელისუფლება ცხედრებს არ გვაძლევს, ვიდრე ხეობიდან ჟურნალისტები არ გავლენო? ცხედრებით შანტაჟი რას ჰგავს?!
როდესაც ასე იქცევი, მერე არც ის უნდა გაგიკვირდეს, რომ შენი აღარავის სჯერა, რომ ვიღაც-ვიღაცები ყველა შენს სიტყვას ეჭვით უყურებენ და საკუთარ ვერსიებს თხზავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უნდა ეყოთ ჭკუა და გვითხრან ის, რაც სათქმელია და დამალონ ის, რაც დასამალია. პირდაპირი ეთერით ის კი არ უნდა მითხრან, ოპერაციის დროს როგორ გაიტყუეს ორი ვაჰაბიტი და მერე ერთი როგორ მოკლეს (სხვა დროსაც რომ დასჭირდეს ჩვენს სპეცრაზმს ასეთი ტრიუკის ჩატარება, ვიღას გააბრიყვებს?), არამედ უნდა მითხრან, ეს ხალხი იქ საიდან გაჩნდა. ჯერ არ უნდა ამტკიცონ, შეიარაღებულები დაღესტნელი დივერსანტები არიან, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოლახესო და მერე არ უნდა ირკვეოდეს, რომ ზოგი საქართველოს მოქალაქეა, ზოგი კი ჩვენს ქვეყანაში სულაც ევროპიდან მოხვდა. ხელისუფლება თავისი მოქმედებით ეჭვებს არ უნდა აჩენდეს. დღეს კი რა ხდება? სპეცოპერაციის ჩატარებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.