გივი ბერიკაშვილი:

გივი ბერიკაშვილი: "შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი"

თელავში ივანიშვილის აქციამ გრანდიოზული ხალხმრავლობით ჩაიარა, თუმცა ხელისუფლებამ მას არ შეარჩინა ამდენი ხალხის გვერდზე დგომა და აქციას ინციდენტიც მოჰყვა. ოცზე მეტი ახალგაზრდა აქციის მონაწილე პანკისის ხეობიდან ჩამოსულ სამ ახალგზარდას თავს დაესხა და უმოწყალოდ სცემა. მათ მიიღეს სხეულის დაზიანება, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად საფრთხეები მატულობს. ფაქტობრივად, ქვეყანა საომარ ვითარებაშია და არა საარჩევნო მარათონში.

ცნობილი მსახიობი - გივი ბერიკაშვილი, რომელიც საჯაროდ პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის გვერდით, "ალიას" კითხვებს უპასუხებს...

- ბატონო გივი, თქვენ პირველად გამოჩნდით ბიძინა ივანიშვილის გვერდით აქციაზე, ვისი ინიციატივით მიხვედით "ქართული ოცნების" მიტინგზე?
- მე ბატონი ბიძინას დედ-მამისა და ბიძის მეგობარი ვარ. დათო ივანიშვილი და ჩემი ქალიშვილი - მანანა, ერთად გაიზარდნენ. ბიძინას ბიძა იყო ჩვენი ახლობელი და მეგობარი, ჩვენ დიდი ხანია, ვურთიერთობთ. ის, რომ ამდენი ხნის მანძილზე არ ვჩანდით და არ ვმონაწილეობდით ასეთი ტიპის აქციებში, იყო თავად ბატონ ბიძინას სურვილი. მას მიაჩნია, რომ არტისტი ყველასთვის უნდა იყოს არტისტი და არა ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის ან მეორე ჯგუფისთვის. კახეთში იყო ღონისძიება და კახელებმა დამიძახეს. ბატონ ბიძინას ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, ჩამოდიო. გულწრფელად გეუბნებით. კახელებმა დამირეკეს და მითხრეს, - თელავსა და გურჯაანში მაინც აღარ ჩამოხვალო?.. წავედი აქციაზე და დიდი სიამოვნებაც მივიღე, იქ შეკრებილი ხალხი იქცეოდა ძალიან წესიერად, მშვიდობიანად და კარგად დასრულდა აქცია.

- რა მოხდა, ბატონო გივი, აქციის შემდეგ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები - 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზრი ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზრი გაურგაშვილი დააკავეს. სამივენი პანკისის ხეობიდან არიან. დაკავებამდე მათ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
- ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, მე აქციიდან ცოტა ადრე წამოვედი. ვერ გეტყვით, ზვიადაურთან თუ ქისტებთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტია, რამდენიმე კაცი საავადმყოფოში დააწვინეს. რაც შენი თვალით არ გინახავს და დარწმუნებული არ ხარ, ხალხი არ უნდა მოატყუო. ამიტომ ამ თემაზე ბევრ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ ამბის შესახებ რომ გავიგე, ძალიან არ მესიამოვნა. იყალთო არ არის ის ადგილი, სადაც ასეთი რამ უნდა უნდა მოხდეს. გაუგონარია, სტუმარი გყავდეს და 20 კაცი საცემრად შემოგიცვივდეს, ატყდეს ჩხუბი და დავიდარაბა და ვიღაც საავადმყოფოში მოხვდეს. რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს იყო - ზვიად ზვიადაურმა საჩუქარი გადმომცა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს, კარგ ბიჭს, კარგ ქართველს... ნაბადი მაჩუქეს და ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი წამოვედი, მაგრამ მერე ასეთი უსიამოვნება მოხდა. ამის შესახებ კომენტარი რომ გავაკეთო, ამის არავითარი უფლება არ მაქვს.

- ბატონო გივი, თქვენი აზრით, ახლა რაც ხდება, ეს საარჩევნო მარათონია, თუ ომი? თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
- გენაცვალე, ეგ რომ ვიცოდე, სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი. მე მინდა ამ არჩევნებში გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვინც ამ ქვეყნის ბედსა და მომავალზე იზრუნებს.

- ბატონო გივი, თქვენ სახალხო არტისტი ბრძანდებით და თქვენს შემოქმედებაზე თაობები იზრდებიან, შესაბამისად, თქვენს თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიმარჯვოს, ის გაამართლებს ხელისუფლებაში ყოფნას?
- მამას შვილის იმედი არა აქვს, მშობელი ზოგჯერ შიმშილობს, თავს იკლავს, იკლებს და შვილს აძლევს, რომ კარგი გაიზარდოს. მერე ის შვილი იმისთანა საზიზღრობას ჩაიდენს, ან უნდა თავი მოიკლას, ან ადგეს და მოკლას. ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება. ერთი რამის თქმა შემიძლია, - ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი ხელისუფლებაში ფულის საშოვნელად არ მოდის და საქმეს გააკეთებს. მინდა გითხრათ, რომ მის გვერდით აქციაზე მართლაც კვირას მივედი პირველად, მანამდე ვხვდებოდი, მაგრამ პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალული მქონდა. მივიდოდი სახლში, ვნახულობდი ეკას, ბავშვებს, თითო ჭიქა ღვინოს დავლევდით, ნარდს ვითამაშებდით და დავიშლებოდით. ამბობდა, - პოლიტიკა არ გამაგონოთო. იდეალური მეგობარია, აი, ამაზე ვაგებ ასი პროცენტით პასუხს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ვინც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს და დამიმტკიცოს, რომ ბიძინა იდეალური არ არის. ფაქტებს დავუდებ და მიხვდება, რომ ასეთი კაცი იშვიათია.

- ბატონო გივი, შალვა ნათელაშვილსაც დაუჯდებით და დაუმტკიცებთ, რომ იდეალურია? დებატებში ბატონმა შალვამ პინგვინის სურათი მოიტანა და თქვა, რომ ბიძინა პინგვინთმოყვარულია...
- შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი, რა გაახურა ბოლოს და ბოლოს საქმე... მე სხვა რამეს ვამბობ, კაცო, არ მინახავს მეორე ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა, რომელიც არასოდეს არაფერს გაყვედრის, ყოველთვის გვერდში გიდგას, არასოდეს ზღვარს არ გადადის...

- პრინციპში, თქვენ მიხეილ სააკაშვილსაც იმედიანად ხვდებოდით, ბატონო გივი... მიგაჩნდათ ახალგაზრდა, ენერგიული კაცი იყო და ქვეყანას ახეირებდა.
- მეეეეე?! მე კი არა, მთელი საქართველო ეგრე შეხვდა, მაგას მთელი საქართველო, როგორც ამომავალ მზეს, ისე ელოდა... ასეთ თემებზე ტელეფონზე ინტერვიუ არ შეიძლება, შვილო... სჯობია, შევხვდეთ და ერთი კარგი ინტერვიუ ჩავწეროთ, რანაირად შეიძლება ასეთ ქველმოქმედ კაცზე, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათ თეატრს ინახავს, ავდგე და მასზე ტელეფონით ვილაპარაკო.

- ბატონო გივი, რა სჯობია, თქვენთან ცოცხალ ინტერვიუს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, ბარემ აქვე მითხარით, - როგორ გგონიათ, ეს არჩევნები უსისხლოდ ჩაივლის?
- ქართველ ხალხს ტვინი თუ აქვს, ქვეყანა არ უნდა დაანგრიოს. უნდა დავფიქრდეთ, ჩვენთვის რა არის კარგი, რა არის ცუდი და ამის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი.