ირაკლი მელაშვილი:

ირაკლი მელაშვილი: "ეს არის პირდაპირი მცდელობა არჩევნების გაყალბების".

"სასჯელაღსრულების სამინისტრო მმართველი პარტიისთვის დამატებით ხმების მობილიზებას პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისა და პატიმრების მეშვეობით აპირებს. "რეზონანსის" ინფორმაციით, კალმახელიძის უწყება პატიმრებს მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, პრობაციონერებს კი "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა სიების წარდგენას სთხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმრებს მაქსიმალურად უწყობენ ხელს ამ უფლების აღსრულებაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პატიმრებისგან ოჯახის წევრების პირადობის მოწმობებს ითხოვენ / ირაკლი მელაშვილი: "ეს არის პირდაპირი მცდელობა არჩევნების გაყალბების".

"პატიმრებს პირადობის მოწმობები ჩამორთმეული აქვთ, ისინი სასჯელაღსრულების სამინისტროშია შენახული. ახლა ოჯახის წევრებისას ითხოვენ. მაგრამ მხოლოდ ეგ არ არის პრობლემა - ეს პატიმრები არიან როგორც შიგნით სპეციალურ სიებში, ასევე ძირითად სიებში. ანუ ეს რიცხვი მაქსიმუმ ორზე მრავლდება და ეს არის გაყალბების ერთ-ერთი საშუალება. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ყველა ოჯახის წევრი არის მიბმული ხელისუფლებასთან. ასევეა პრობაციონერებზეც, რომელთა რიცხვიც გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება. პრობაციონერებს მათი მხარდამჭერების სიების წარდგენას ავალებენ, ოღონდ ამ სიაში არ შედიან მათი ოჯახის წევრები, რადგან ოჯახის წევრები თავისთავად იგულისხმება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

"აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამით ხელისუფლება დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ხმას ელოდება. რადგან მინიმუმ 150 ათასი პრობაციონერია, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 40 ათასს ამბობენ. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, დაახლოებით 2 ათასია, თუმცა ეს რიცხვი შეიცვლება, რადგან ზოგს გაათავისუფლებენ, ზოგს კი მიუსჯიან... დახურულ სივრცეშიც უნდა დაუშვას ოპოზიციამ კონტროლის მექანიზმი. რა თქმა უნდა, ციხეში ბევრი დასჯის მექანიზმი არსებობს, როგორიც არის ნარკოტიკის ან ტელეფონის ჩადება და ჩხუბის პროვოცირება. ათასნაირი დასჯის მექანიზმი აქვთ, თუმცა შიშს უნდა სძლიონ. პატიმრები თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობენ და ყველა "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა ხმას, მაგრამ მაშინ ოპოზიცია არ იყო ასეთი ძლიერი. დღეს ეს ოპოზიციამ აღარ უნდა დაუშვას, თორემ ყველა ხმას ხელისუფლება მიიწერს", - დასძენს ნანა კაკაბაძე.

"ეს სრული უკანონობაა და თუ კი ასეთი ფაქტი ხდება და თუნდაც ერთი მოწმე არსებობს, თვითონ უნდა აღმოჩნდნენ იმ პატიმრის ადგილას, ვისაც ახლა დარაჯობენ. ეს არის პირდაპირი მცდელობა არჩევნების გაყალბებისა. პირადობებს ითხოვენ იმისთვის, რომ ყალბი პირადობები დაამზადონ. რადგან 650 ათასი ადამიანი არის გამოცხადებული შიდა მიგრანტად, ანუ მიწერილი არიან განსაზღვრულ უბნებზე, სადაც უნდა იყვნენ - აქედან გამომდინარე, ყალბი პირადობები ამისთვის სჭირდებათ. ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, რადგან პრობაციონერებიდანაც და პატიმრებიდანაც დამატებული ოჯახის წევრებით დიდი პროცენტი გამოვა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საუბარში კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი მელაშვილი.