"ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსნის სახელი, გვარი და ფოტოსურათები ჩრდილოკავკასიელთა გარკვეულ წრეებში უკვე მესამე დღეა გავრცელდა"

"დაკავებული ახმედ ჩატაევი ძალიან ავტორიტეტული ადამიანია. ჩატაევი არის შესანიშნავი მეომარი და მაგალითის მიმცემი ვაჟკაცი ყველა ჩეჩნისთვის, ის არის დოკუ უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი თანამებრძოლი. მე მგონი, ახმედ უმაროვს ამ განცხადებების გაკეთება იმისთვის დასჭირდა, რომ ჩატაევის განთავისუფლებაზე მიდის საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა", - აცხადებს ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სინამდვილეში რატომ გაავრცელა დოკუ უმაროვის ძმამ სკანდალური განცხადება?!

"ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სასოწარკვეთილი ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც თავისი არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. სააკაშვილი ახლა თავის მიერვე დაგებულ აბლაბუდაშია და ყოველნაირად ცდილობს გამოსავლის პოვნას. არც დასავლეთისთვის და არც ჩვენი სამეზობლოსთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს არც ერთი ჩვენი ავტორიტეტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ხელისუფლება ცდილობს, რომ რამენაირად დრო გაჭიმოს, რათა შურისძიების რისხვა არ დაატყდეს... არავის არაფრის არ სჯერა და არავინ არაფერს არ დაიჯერებს - სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა და როგორ იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"ზოგი ავსტრიიდან ჩამოიტყუეს, ზოგი ლონდონიდან, ზოგი ფინეთიდან - ეს ბიჭები იქ ცხოვრობდნენ, როგორც დევნილები. ზოგიერთი მათგანი დევნილის სტატუსით საქართველოდან წავიდა, მაგრამ საქართველოსთან და აქ მყოფ ახლობლებთან კონტაქტი ყოველთვის ჰქონდათ. ამ ბიჭებს ვიღაცამ კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად მობილიზება გაუკეთა. კონკრეტული დაპირებები იქნა მათზე გაცემული და ისინი შეკრეს ერთ რაზმად. ამ საქმეში ერთი ჩეჩენი და ერთი ქართველი იკვეთებოდნენ როგორც შუამავლები. ამ ერთ ქართველსა და ერთ ჩეჩენს ახლა კიდევ ერთი ქართველი და ერთი ჩეჩენი დაემატა - ეს საშუალო რგოლია და ის ქართველები საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნებები არიან - საქმის ტექნიკური შემსრულებლები, ვიმეორებ, ეს ორი ქართველი ამ ხელისუფლების ხალხია. ჩემთვის მათი სავარაუდო ვინაობა ცნობილია, მაგრამ სანამ ახმად ზაკაევი ამის შესახებ არაფერს იტყვის, მე ვერაფერის მოგახსენებთ!", - დასძენს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე.

"კაცმა არ იცის, სააკაშვილი ამ ბიჭების სისხლის ფასად რუსებთან ურთიერთობის დათბობას ისახავდა მიზნად თუ დაძაბვას. არც ის იცის ვინმემ, როგორ განვითარდება ხვალ და ზეგ მოვლენები. გიმეორებთ, სააკაშვილი გაიხლართა ამ სიტუაციაში, მისი განცხადება ლეკიანობის დაწყების შესახებ იმდენად არაპროფესიონალურად იყო გაჟღერებული, რომ ეს არავის სჯერა. ჩნდება კითხვის ნიშნები, ხოლო სადაც კითხვის ნიშნებია, იქ სიტუაცია ირევა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ჩრდილოკავკასიელმა საველე მეთაურებმა ქართველი ძალოვნების პირველი პირებისა და სხვა მაღალჩონოსნების ფოტოსურათები თავიანთ თანამოაზრეებს მართლაც დაურიგეს?" - პასუხობს:

"გარკვეულ წრეებში საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სახელი, გვარი და ფოტოსურათები უკვე გავრცელდა! - მესამე დღეა, უკვე ეს ფოტოები გავრცელებულია"